ახალი ამბები

ბახტაძე ამერიკულ-ქართული ფონდის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე გახდა

7 დეკემბერი, 2021 •
ბახტაძე ამერიკულ-ქართული ფონდის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე გახდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის(AGECF) მმართველი საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

ფონდი ამერიკულ Foreign Policy-სთან ერთად  ერთობლივ საერთაშორისო ღონისძიებას ხვალ, 8 დეკემბერს, გამართავს.

ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი 2021 წლის აგვისტოში დაფუძნდა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) რეგიონული ოფისის გახსნას თბილისში და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (FTA)  გაფორმებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის.  

ფონდის მმართველი საბჭოს/გამგეობის შემადგენლობაში არიან:

მეთ კენედი – Converge-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. მუშაობდა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში ვაჭრობის, ფინანსთა დეპარტამენტებში და თეთრ სახლში;  

სტუარტ აკერლი – ადვოკატი ვაშინგტონში და Statera Capital-ის დირექტორი იყო ახლად შექმნილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პირველი ხელმძღვანელი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე და უფროსი მრჩეველი; 

ქალებ ჩარლზ მაკკარი – ამერიკის საგარეო პოლიტიკის ექსპერტი. იგი მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ; 

დიმიტრი ცქიტიშვილი – საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი;  

ლევან ავალიშვილი- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)  თანადამფუძნებელი და პროგრამების ხელმძღვანელი;  

ირინა ლორთქიფანიძე – აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება კანონის უზენაესობის,  სასამართლო და იურიდიული პროფესიის რეფორმების, ადამიანის და ქალთა უფლებების საკითხებზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ევროკავშირის და გაეროს პროექტების ფარგლებში. 

მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2018-2019 წლებში იკავებდა. მან თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც შემდგომ, თოქ-შოუების წამყვანებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, გაზაფხულის ბოლოს ჰქონდა საუბარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი