ახალი ამბები

“პოლიტიკური დღის წესრიგი არ გვექნება” — ექსპრემიერის ფონდის მიზნები

8 დეკემბერი, 2021 • 1990
“პოლიტიკური დღის წესრიგი არ გვექნება” — ექსპრემიერის ფონდის მიზნები

ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის (AGECF), რომლის მმართველი საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) რეგიონული ოფისის გახსნის და შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების ლობირებას შეეცდება.

როგორც “ნეტგაზეთს” ფონდის გამგეობის წევრმა, ყოფილმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განუცხადა, ახლად შექმნილი ფონდი სწორედ ზემოაღნიშნული ორი მიზნის მიღწევაზე იქნება ფოკუსირებული.

“არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გვაქვს, უფრო საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკა გვექნება. ორი მთავარი ამოცანა გვაქვს: 1) ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პროცესის ხელშეწყობა სამოქალაქო პერსპექტივიდან იმისთვის, რომ ემპირიულ კვლევებზე და არგუმენტებზე დაფუძნებული ადვოკატირება მოვახდინოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და 2) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში. ეს ფინანსური ინსტიტუტი ეხმარება განვითარებად, მცირე და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს ინვესტიციების და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში. საქართველო გარკვეულწილად ჩართულია ამ პროექტებში, მაგრამ გვინდა, ვიმუშაოთ, რომ 2022 წელს გაიხსნას DFC-ის წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონული პერსპექტივიდან გაშლის თავის აქტივობებს. ამიტომ ვცდილობთ, ფონდი არ იყოს პოლიტიზებული და ლოკალურ პოლიტიკაზე ორიენტირებული”, – ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.

მისი თქმით, ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის ძირითადი საქმიანობა იქნება აკადემიური, კვლევითი და ადვოკატირების სამუშაოები ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად მხარდაჭერის კონსოლიდაცია მოხდეს.

ცქიტიშვილის თქმით, ფონდს დიალოგი ექნება არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონის ქვეყნების მთავრობებთან, შეეცდება, რომ DFC-ის ოფისის გასახსნელად კოორდინირებული პლატფორმა შესთავაზოს მეზობელ ქვეყნებსაც.

ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი (AGECF) დღეს, 8 დეკემბერს, ამერიკული გამოცემა Foreign Policy-ისთან ერთად გამართავს საერთაშორისო ღონისძიებას, რომელზეც მიწვეული არიან დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. Foreign Policy-ი ამერიკული გამოცემაა, რომელიც 1970 წელს დაფუძნდა და ფოკუსირებულია გლობალურ საკითხებზე, მიმდინარე მოვლენებზე, შიდა და საერთაშორისო პოლიტიკაზე.

ცქიტიშვილის თქმით, Foreign Policy-ისთან ფონდს პარნტიორული ურთიერთობა აქვს.

“შეთანხმებით გავაკეთეთ პირველი ღონისძიება, რომ უფრო ფართო კონცეპტუალურ ჩარჩოში წარმოვიდგინოთ ის, თუ რა ხდება რეგიონში. მოგეხსენებათ, Foreign Policy ერთ-ერთი გავლენიანი საერთაშორისო ანალიტიკური გამოცემაა, რომლის მეშვეობითაც იწყება ეს დებატი ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტზე და მერე ვეცდებით, რომ აკადემიური ნაწილის საქართველოზე ფოკუსირებაც გავაკეთოთ. დისკუსიის თემა ზოგადად გეოპოლიტიკური ვითარებაა და არა კონკრეტულად საქართველო, მაგრამ ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე საქართველოს პერსპექტივიდან ისაუბრებს”, — ამბობს ცქიტიშვილი.

დაფინანსება და წევრები

AGECF-ის დაფინანსებას რაც შეეხება, ცქიტიშვილის თქმით, მოლაპარაკებები წარმოებს დონორ ორგანიზაციებთან და რამდენიმე ამერიკულ კაპიტალზე ორიენტირებულ კომპანიასთან, რომლებსაც აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის ბიზნესინტერესები აქვთ.

ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი 2021 წლის აგვისტოში დაფუძნდა. ფონდის მმართველი საბჭოს/გამგეობის შემადგენლობაში არიან:

  • მეთ კენედი — Converge-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი; მუშაობდა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში ვაჭრობის, ფინანსთა დეპარტამენტებში და თეთრ სახლში;
  • სტუარტ აკერლი — ადვოკატი ვაშინგტონში და Statera Capital-ის დირექტორი, იყო ახლადშექმნილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პირველი ხელმძღვანელი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე და უფროსი მრჩეველი.
  • ქალებ ჩარლზ მაკკარი — ამერიკის საგარეო პოლიტიკის ექსპერტი. იგი მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ.
  • დიმიტრი ცქიტიშვილი — საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი;
  • ლევან ავალიშვილი — ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანადამფუძნებელი და პროგრამების ხელმძღვანელი;
  • ირინა ლორთქიფანიძე — აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება კანონის უზენაესობის, სასამართლო და იურიდიული პროფესიის რეფორმების, ადამიანის და ქალთა უფლებების საკითხებზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ევროკავშირის და გაეროს პროექტების ფარგლებში.

აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობა

საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ინიციატივა თავდაპირველად 2009 წელს, დემოკრატმა სენატორმა ჯონ კერიმ და რესპუბლიკელმა დევიდ დრაიერმა გაახმიანეს. 2012 წელს, ვაშინგტონში საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების შესაძლებლობა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაადასტურა, თუმცა ამ თემაზე მოლაპარაკებები ამ დრომდე არ დაწყებულა, მათ შორის, არც მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, არსებობს ობიექტური მიზეზები, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას დროში აჭიანურებს, თუმცა ამ მიმართულებით პერსპექტივა არსებობს.

ამ დროისთვის საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულ გარკვეულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ვრცელდება GSP (პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა) სავაჭრო რეჟიმი, რაც შეერთებულ შტატებში ქართული პროდუქციის შეღავათიანი საბაჟო განაკვეთით ექსპორტის საშუალებას იძლევა.

ბახტაძე ამერიკულ-ქართული ფონდის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე გახდა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი