ახალი ამბები

ბახტაძესთანაც შეიძლება საუბარი, თუ ინტერესი აქვს – კობახიძე საარჩევნო სიაზე

10 ივნისი, 2020 • 1330
ბახტაძესთანაც შეიძლება საუბარი, თუ ინტერესი აქვს – კობახიძე საარჩევნო სიაზე

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად აცხადებს, რომ საპარლამენტო სიასთან დაკავშირებით ექსპრემიერ მამუკა ბახტაძესთანაც შეიძლება ისაუბრონ, თუკი მას ასეთი ინტერესი ექნება, თუმცა სიის ფორმირებაზე საუბარს ნაადრევი უწოდა.

10 ივნისს ჟურნალისტების კითხვებზე, განიხილება თუ არა მამუკა ბახტაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სიაში, მათ შორის პირველ ნომრად, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„ყველასთან გვექნება საუბარი. მამუკა ბახტაძესთანაც შეიძლება გვქონდეს საუბარი, თუ მას აქვს ასეთი ინტერესი…ყველასთან გვექნება საუბარი. ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება სია, თუმცა ამაზე საუბარი არის ნაადრევი. ამაზე კონკრეტული კონსულტაციები აქამდე ჯერჯერობით არავისთან ყოფილა“, – თქვა მან.

მამუკა ბახტაძემ, რომელმაც 14 თვით ადრე დაიკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი, 2019 წლის 2 სექტემბერს თანამდებობიდან გადადგა. 2 სექტემბერსვე, ჟურნალისტებთან საუბრისას, ბახტაძემ განაცხადა, რომ არ უნდოდა, აქტიური პოლიტიკით ყოფილიყო დაკავებული.

„მე საჯარო პოლიტიკაში შემოვედი კონკრეეტული მიზნით და ამოცანით, რომლის რეალიზაციაც მოხდა. შესაბამისად, მე არ განვიხილავ და ჩემი შინაგანი განწყობა არის, რომ მე არ მინდა აქტიურ პოლიტიკაში ვიყო ჩართული“, – განაცხადა მან მაშინ.

გარეკანის ფოტოზე: ირაკლი კობახიძე, მამუკა ბახტაძე სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე. 2018 წლის დეკემბერი. ფოტო: მთავრობის პრესსამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი