ახალი ამბები

“ეს არის ტვინის გამორეცხვის სპექტაკლი” – კობახიძე სუბელიანის ჩანაწერზე

16 ოქტომბერი, 2018 •
“ეს არის ტვინის გამორეცხვის სპექტაკლი” – კობახიძე სუბელიანის ჩანაწერზე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ “რუსთავი 2”-ის მიერ 14 ოქტომბერს გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერი არის “ტვინის გამორეცხვის მორიგი სპექტაკლი”.

კობახიძე მიიჩნევს, რომ მირზა სუბელიანის საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი, ასევე, “ომეგა ჯგუფის” საქმეზე გამოქვეყნებული არაერთი ჩანაწერი არის “ნაციონალური მოძრაობისა” და “რუსთავი 2”-ის მიერ დაგეგმილი წინასაარჩევნო დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი.

როგორც კობახიძემ თქვა, მირზა სუბელიანის ჩანაწერებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს ისევე გაეცემა პასუხები, როგორც გაეცა პასუხები “პირველი სპექტაკლის” (“ომეგას საქმე”) შემთხევევაში არსებულ კითხვებს.

“მუქარის არავის არ ეშინია. მუქარის ეშინია იმას, ვინც არღვევს კანონს. არავის არ ეშინია არცერთი ადამიანის მუქარის, თუნდაც მირზა სუბელიანის მუქარის” – კობახიძე ასე აფასებს ციხეში მყოფი მირზა სუბელიანის მიერ ნათქვამს, რომ მას ხელისუფლების წინააღმდეგ არაერთი კომპრომატი გააჩნია.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას რამდენიმე პრობლემა არსებობს, რომელიც მხოლოდ ოპოზიციას უკავშირდება:

  1. “ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატის [სალომე ზურაბიშვილის] შეურაცხყოფა სხვადასხვა ფორმით;
  2. ზურაბიშვილის მხარდამჭერებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობა;
  3. დესტრუქცია სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებთან შეხვედრისას;
  4. ოპოზიციის ცრუ დაპირებები და პოპულიზმი;
  5. ფიქტიური საპრეზიდენტო კანდიდატებით უფასო საეთერო დროისა და საბიუჯეტო რესურსების გამოყენება;
  6. პარტიული ტელევიზიის [რუსთავი 2] მიერ სინამდვილის დამახინჯება.

როგორც ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, “რუსთავი 2” ახორციელებს “რუსული სტილის ტვინის გამორეცხვის პროპაგანდას “საუკეთესო” რუსული პროპაგანდისტული ტრადიციით”.


ტელეკომპანია რუსთავი 2-მა 14 ოქტომბერს გაავრცელა ფარული ჩანაწერები, რომელიც ციხეშია ჩაწერილი. ტელეარხის ცნობით, ჩანაწერებში საუბრობენ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, “ქართული ოცნების” დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროსა და გენ. ინსპრქციის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ცუხიშვილი.

ტელეარხის ინფორმაციით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სუბელიანი მის მიმართ ხელისუფლების ქცევით უკმაყოფილოა და იმ კომპრომატებზე საუბრობს, რომლებიც მმართველი ელიტის წინააღმდეგ გააჩნია; ასევე ისმის საუბრები, რომლის მიხედვითაც, ის ხელისუფლებასთანაა გარიგებული და იცის, რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში.

“რუსთავი2” იუწყება, რომ ჩანაწერები ახალია, პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის, ვინაიდან მასში რამდენჯერმე იხსენიებენ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს, რომელმაც ხელისუფლება სწორედ რამდენიმე კვირის წინ დაადანაშაულა ბიზნესრეკეტში.

საუბრის მონაწილე ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც “ქართული ოცნების წევრია”, ნეტგაზეთთან ინტერვიუში ადასტურებს, რომ სუბელიანს ციხეში რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა მისი მონაყოლი არასერიოზულად მიიჩნია.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 15 ოქტომბერს თქვა, რომ გამოძიება დაწყებულია პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. გარდა ამისა, გამოძიება “ინტენსიურად განიხილავს პირთა ჯგუფის მიერ კონკრეტული შინაარსის საუბრების ორგანიზების ვერსიას მათი შემდგომი გავრცელების მიზნით”. პროკურატურამ თავისი ვერსიის გასამყარებლად 16 ოქტომბერს ახალი ფარული აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი