ახალი ამბები

“40-საათიანი სამუშაო კვირა ყველასთვის!” – აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

19 სექტემბერი, 2018 • 13930
“40-საათიანი სამუშაო კვირა ყველასთვის!” – აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

“40-საათიანი სამუშაო კვირა ყველასთვის!” – ამ მოთხოვნით მოქალაქეები 19 სექტემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. ორგანიზაცია “სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრის” მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა აღნიშნული მიმართულებით შრომის კოდექსის სრულყოფა მოითხოვეს.

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის შესახებ რეგულაციას შრომის კოდექსი მოიცავს, კანონი ბიზნესის დიდ ნაწილს ამ კუთხით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. მათივე თქმით, კოდექსი არც ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურების ტარიფს განსაზღვრავს.

"40 საათიანი სამუშაო კვირა ყველასთვის!" – აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

“საქართველომაც შრომის კოდექსში ჩადო ამის შესახებ მუხლი, თუმცა, გამოტოვა უმეტესი ბიზნესი, რომლებსაც შეუძლიათ კანონიერი ხრიკი გამოიყენონ, სახელად – ‘სპეციფიური კატეგორია’ (48-საათიანი სამუშაო კვირა, როგორც ნორმა), რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ ყოველკვირა 8 ნამუშევარი საათისთვის განკუთვნილ ხელფასს გაკლებენ. ამას ჩვენ მოპარულ ხელფასს ვუწოდებთ.

ამასთან ერთად, შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურების ტარიფს, შედეგად, კომპანიების უმრავლესობა 10 თეთრით ზრდის საათობრივი ანაზღაურების ტარიფს. გამოდის, რომ ზეგანაკვეთური საათებისთვის გაზრდილი ტარიფი პრაქტიკულად არ არსებობს”, – აღნიშნულია “სოლიდარობის ქსელის” განცხადებაში.

აქციის მონაწილეები შრომის კოდექსში რიგი საკითხების განსაზღვრას ითხოვდნენ. მათ შორის, ზეგანაკვეთური სამუშაოს მუდმივ აღრიცხვას, ზეგანაკვეთური სამუშაო ტარიფის განსაზღვრასა და სპეციფიკურ სამუშაოთა კატეგორიის გაუქმებას.

“ეს ჩვენი კანონიერი უფლებაა, ვიმუშაოთ 8 საათი, დავისვენოთ 8 საათი, ვაკეთოთ რაც გვინდა 8 საათი!”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

სამუშაო კვირის ხანგრძლივობას საქართველოს შრომის კოდექსის მე–14 მუხლი არეგულირებს. ამ მუხლის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 48 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო.

აღნიშნული მუხლის შესწორებისა და 48-საათიანი სამუშაო კვირის არაკონსიტუციურად ცნობის მოთხოვნით “პროფკავშირებმა” და “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წელს მიმართეს. სასამართლომ აღნიშნულზე გადაწყვეტილება 2016 წლის აპრილში გამოაცხადა და სარჩელი არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, მუხლი უცვლელი დარჩა.

მასალების გადაბეჭდვის წესი