ახალი ამბები

საზმაუს თანამშრომლები და მენეჯმენტი ახალ კონტრაქტებზე ვერ შეთანხმდნენ

4 სექტემბერი, 2018 • 1610
საზმაუს თანამშრომლები და მენეჯმენტი ახალ კონტრაქტებზე ვერ შეთანხმდნენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომელი და მენეჯმენტი ვერ შეთანხმდნენ ახალ კონტრაქტებზე, რომელთა თანახმადაც 70-მდე თანამშრომელი “საათობრივი დასაქმების რეჟიმზე” გადადიოდა.

4 სექტემბერი ბოლო ვადა იყო ახალ ხელშეკრულებებზე ხელმოსაწერად. იმის გამო, რომ ეს კონტრაქტები მათ არ აძლევდა სრული დატვირთვით მუშაობის გაგრძელების გარანტიას, თანამშრომლებმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

თანამშრომლებისთვის მენეჯმენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, თუკი კონტრაქტს ხელს დღეს არ მოაწერდნენ, დასაქმებულები ავტომატურად გათავისუფლდებოდნენ.

მაუწყებლის პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, ნინო ზაუტაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ 70-დან მხოლოდ 2-მა ადამიანმა მოაწერა ხელი ახალ კონტრაქტს. და ისინიც შეცდომაში არიან შეყვანილები. კონტრაქტის პირობებით, ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში, მაუწყებელი მხოლოდ ორი თვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას იღებდა.

თუმცა საზმაუს თანამშრომლები დანებებას არ აპირებენ. “საქმე წავა სასამართლოში და ბრძოლას გავაგრძელებთ”, – ამბობს ზაუტაშვილი.

4 სექტემბერსვე გათავისუფლების ზღვარზე მყოფი თანამშრომლები პროფკავშირთან ერთად შეხვდნენ მაუწყებლის მენეჯმენტს. იქ იმყოფებოდა მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე. შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაუტაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ “მენეჯმენტი არ იცვლის პოზიციას”.

წინა დღით ტელევიზიის ადმინისტრაციამ უარყო პროფკავშირის ცნობები და განაცხადა, რომ “შრომითი ხელშეკრულების ცვლილება” მათ შესთავაზეს, ვინც “ფაქტობრივად არ დადიოდა” სამსახურში.

მაუწყებელმა საპასუხო განცხადება გაავრცელა. “პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ორგანიზაციიდან არავინ გაუთავისუფლებიათ, გარდა იმ რამდენიმე ადამიანისა, რომლებიც სამსახურში ფაქტობრივად არ დადიოდნენ, დანარჩენებს კი მაუწყებელმა შესთავაზა შრომითი ხელშეკრულების ცვლილება”, – წერია განცხადებაში.

“საზმაუს შეთავაზება დაუსაბუთებელია”

კოალიციამ მედიის ადვოკატირებისათვის კრიტიკულად შეაფასა საზმაუს ინიციატივა.

კოალიცია, რომელიც ახალგაზრდა იურისტებს, ეთიკის ქარტიას, ღია საზოგადოება – საქართველოს და სხვა ორგანიზაციებს აერთიანებს, მაუწყებლის ადმინისტრაციას ეკითხება:

  • კონკრეტულად ვინ და რა უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო ხელშეკრულების შეცვლის გადაწყვეტილება?
  • როგორ შეარჩიეს თანამშრომლები, ვისაც ხელშეკრულებას უცვლიან?
  • “რატომ უნდა გადავიდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი საათობრივი დასაქმების სამუშაო რეჟიმზე ახლა და რატომ მხოლოდ ზოგიერთ პოზიციებზე დასაქმებულ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში”?
  • თუ ასეთ რეჟიმზე აპირებდნენ გადასვლას, რატომ აიყვანეს ათეულობით ახალი თანამშრომელი გასულ სეზონებზე?

მაუწყებლის ადმინისტრაციას ამ კითხვებზე ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი