ახალი ამბები

გენდერული თანასწორობის მექანიზმების გაძლიერებაზე დისკუსია გაიმართა

25 მაისი, 2018 • 1313
გენდერული თანასწორობის მექანიზმების გაძლიერებაზე დისკუსია გაიმართა

გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მსჯელობდნენ, დღეს, 25 მაისს, “ფაბრიკაში” გამართულ დისკუსიაზე ხელისუფლების, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სახელმწიფოსა და დონორთა მხრიდან გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობის მნიშვნელობა, მედიის როლი გენდერული ბალანსის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და დაცვის მექანიზმების გაძლირების საკითხებში.

შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებთაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ მონაწილეებს გააცნო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების, მშვიდობისა და უსაფრთხოების, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმები.

დისკუსია გაიმართა პროექტის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობის კომისიის მხარდასაჭერად“  ინიციატივით.

პროექტი – “ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად” 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2019 წლის მაისში დასრულდება. მთავარი კონტრაქტორი არის NIRAS შვედეთი და კონსორციუმის წევრი CPM. გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია არის  პროექტის მთავარი პარტნიორი. ასევე, მისი ბენეფიციარი. პროექტის პარტნიორები არიან: ფინანსთა სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; განათლების სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; საქსტატი; საქართველოს პროკურატურა; ადგილობრივი მუნიციპალიტეტები; მედია და სამოქალაქო სექტორი.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას, ეფექტიანად განახორციელონ გენდერული მეინსტრიმინგი საჯარო მმართველობაში.

პროექტი შედგება ოთხი ძირითადი კომპონენტისგან:

  • ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერება მონაწილეობითი მიდგომის გზით
  • სქესის მიხედვით სეგრეგირებულ მონაცემთა შეგროვების ხელშეწყობა
  • ცოდნის ამაღლება გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების კუთხით
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და კომუნიკაციის გაძლიერება პარტნიორებს შორის

პროექტის სამიზნე რეგიონებია – თბილისი, გორი, ზესტაფონი

მასალების გადაბეჭდვის წესი