ახალი ამბები

საჯარო მოხელეთა თითქმის 80% ფიქრობს, რომ პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართვა ქვეყანას წაადგება – კვლევა

4 მარტი, 2024 • 696
საჯარო მოხელეთა თითქმის 80% ფიქრობს, რომ პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართვა ქვეყანას წაადგება – კვლევა

საჯარო სამსახურში დასაქმებულთა 72,9% ეთანხმება მოსაზრებას, რომ “მეტი ქალის ჩართვა ქართულ პოლიტიკაში პოზიტიური იქნება ქვეყნისთვის”. ამავე კვლევის მიხედვით, საჯარეო მოხელეთა დაახლოებით მეხუთედი – 20,6% – ფიქრობს, რომ “პოლიტიკა კაცს უფრო შეეფერება, ვიდრე ქალს” და “კაცები უკეთესი პოლიტიკური ლიდერები არიან, ვიდრე ქალები”.

კვლევა “რას ფიქრობენ საჯარო სექტორში ადამიანის უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე” მოამზადა გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროსთან თანამშრომლობით.

კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა თითქმის 60% ფიქრობს, რომ ქალებს უფრო მეტი დაბრკოლების გადალახვა უწევთ კარიერული წინსვლისთვის, ვიდრე კაცებს. ამავე დროს, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობა უკვე მიღწეულია.

 

გამოკითხულ საჯარო მოხელეთა 67,6%-ის აზრით, კაცისთვისაც და ქალისთვისაც თანაბრად ადვილია სამსახურის  შოვნა. 22,7% თვლის, რომ კაცისთვის უფრო მარტივია სამსახურის შოვნა, 9,7% აზრით კი ეს ქალებს უფრო უადვილდებათ.

განსხვავებული მონაცემებია მაღალანაზღაურებადი სამსახურის შემთხვევაში. რესპონდენტთა 59,7% ფიქრობს, რომ მაღალანაზღაურებადი სამუშაოს შოვნა თანაბრად შეუძიათ როგორც ქალებს, ისე კაცებს. მესამედზე მეტის (35,9%) აზრით, ეს კაცისთვის უფრო მარტივია. გამოკითხულთა მხოლოდ 4,4% თვლის, რომ ასეთი სამსახურის მოძებნას ქალი უფრო ადვილად ახერხებს.

ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ მაღალანაზღაურებადი სამსახურის პოვნა კაცებისთვის უფრო მარტივია, ამას ასე ხსნიან: მაღალი ანაზღაურება, როგორც წესი, უკავშირდება მაღალ პოზიციას, რასაც ავტომატურად მოჰყვება მაღალი პასუხისმგებლობა და დიდი დატვირთვა, ამას კი კაცი უფრო მარტივად უმკლავდება, რადგან საოჯახო საქმეები და შვილებზე ზრუნვა მას ქალებზე ნაკლებად “ეხება”.

თვისებრივი კვლევის პროცესში ინტერვიუებში მონაწილე რამდენიმე ქალმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ქალისთვის უფრო მარტივია არაკვალიფიციური სამუშაოს პოვნა, რადგან ქალი “ბევრ რამეზე წავა” და უსაქმოდ არ გაჩერდება, მაშინ, როცა კაცების უმრავლესობას უჭირს დათანხმება იმ სამუშაოსა თუ პოზიციაზე, რომლებიც განსხვავდება მათ მიერ წარმოდგენილი “კარგი სამსახურისგან”.


აღნიშნული კვლევა ჩატარდა როგორც თვისებრივი (ჩაღრმავებული ინტერვიუ), ასევე რაოდენობრივი (პირისპირი ინტერვიუ/ელექტრონული გამოკითხვა) მეთოდის გამოყენებით. ჯამში, გამოიკითხა 1182 რესპონდენტი.

კვლევა შეისწავლის საჯარო სამსახურში დასაქმებულთა სამუშაო გარემოს, ასევე, მათ განწყობებსა და დამოკიდებულებებს ისეთი ფუნდამენტური საკითხებისადმი, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, ქალთა მიმართ ძალადობა, შშმ პირთა უფლებები, ლგბტქ ჯგუფის მდგომარეობა, გავრცელებული სტიგმები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი