ახალი ამბები

“მრავალფეროვნების ზეიმი” – საერთაშორისო მედია სამეფო ქორწილს აფასებს

21 მაისი, 2018 • 2599
“მრავალფეროვნების ზეიმი” – საერთაშორისო მედია სამეფო ქორწილს აფასებს

“ამერიკელი, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახს სჭირდებოდა”, “ეს იყო მრავალფეროვნების ზემი”, – ამგვარი სათაურებით ეხმიანება მსოფლიო და განსაკუთრებით ბრიტანული მედია პრინც ჰარისა და მსახიობ მეგან მარკლის ქორწილს, რომელიც 19 მაისს უინდსორში გაიმართა.

მეგან მარკლი ბევრი რამითაა გამორჩეული, რაც ერთი შეხედვით უჩვეულოა ბრიტანეთის სამეფო ოჯახისთვის. მეგანი ჰარიზე 3 წლით უფროსია, ეს მისთვის მეორე ქორწინებაა და მას აფრიკული წარმომავლობა აქვს. მეგანის დედა შავკანიანი, ხოლო მამა თეთრკანიანია.

საქორწილო ცერემონიალზე მედია რამდენიმე საკითხს უსვამდა ხაზს, პირველ რიგში, იმას, რომ ქორწილის სტუმრებს შორის ძალიან ბევრი შავკანიანი სტუმარი იყო, მათ შორის ოპრა უინფრი, მსახიობი იდრის ელბა და ჩოგბურთელი სერენა უილიამსი.

გარდიანის მიმომხილველი ჰადლი ფრიმენი წერს, რომ რასიზმი ნორმაა სამეფო ოჯახის წევრებისთვის. მან გაიხსენა პრინცესა მიშელის გადაწყვეტილება, რომელიც სამეფო ოჯახში გამართულ საშობაო ვახშამზე,რასისტული ბროშით გამოცხადდა და მოგვიანებით ამის გამო ბოდიშიც მოიხადა. ავტორმა ასევე გაიხსენა სამეფო ოჯახის წევრების მიერ გამოყენებული რასისტული ტერმინები, მათ შორის პრინციჰარის მიერაც ნათქვამი სიტყვა “პაკი”, რომლის გამოც პრინცმა ბოდიში მოიხადა.

ჰადლი ფრიმანი წერს, რომ უინძორებს უფრო მეტად სჭირდებათ მეგან მარკლი გარდაქმნისთვის, ვიდრე პირიქით, მეგანს სამეფო ოჯახი.

გარდიანის კიდევ ერთი მიმომხილველი აფუა ჰირში წერს, რომ შავკანიანები სამეფო ქორწილში არ წარმოადგენდნენ მხოლოდ დეკორაციას.

იგი განსაკუთრებით გამოარჩევს ეპისკოპოსს მაიკლ კერის, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩავიდა აშშ-იდან ბრიტანეთში. მისი სიტყვა განსაკუთრებული ემოციურობით და გრძნობებით გამოირჩეოდა. მისი ექსპრესიულობა, ხმამაღალი ხელებით საუბარი უჩვეულო აღმოჩნდა როგორც სამეფო ოჯახის წევრებისთვის, ისე სხვა სტუმრებისთვის. საერთაშორისო მედიას არ გამორჩენია მათი გაკვირვებული სახეები და თავშეკავებული ღიმილი.

საქორწილო ცერემონიალის კიდევ ერთი გამორჩეული მომენტი იყო მგალობელთა გუნდის მიერ შესრულებული სიმღერა “Stand By Me” რომელიც სამოქალაქო უფლებების მოძრაობის საუნდტრეკად და რასისტული უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლის ჰიმნად იქცა.

“ქორწილმა თავად უინდზორიც შეცვალა, ქალაქი, რომელიც ლონდონიდან 20 კილომეტრში მდებარეობს, მრავალფეროვნების ნაკლებობას სულ განიცდიდა, ქორწილის დღეს კი ათასობით კილომეტრი გაივსო შავკანიანი ადამიანებით”,- წერს ჰირში.

აღფრთოვანების პარალელურად იწერება კრიტიკული სტატიებიც. ობსერვერის ავტორი, კენან მალიკი თვლის, რომ ეს საყოელთაო აღფრთოანება “შავკანიანი პრინცესის” გამო კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, თუ რამდენად ანაქრონისტულია სამეფო ოჯახი. მისი აზრით, დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ გარდაქმნის მეგან მარკლი სამეფო ოჯახს და შავკანიანობის შესახებ წარმოდგენებს, ისეთივე უფუნქციოა, როგორც თავად უინდზორების დინასტია.

“თანასწორობა არ ნიშნავს იმას, რომ მემკვიდრეობით მიღებული პრივილეგიები უფრო “მრავალფეროვანი” გახადო. ფეოდალურ რელიკვიაზე ფერის დამატება, ჩემი აზრით, არ არის სოციალური პროგრესის საწინდარი”,- წერს იგი.

სამეფო ოჯახის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მეგან მარკლს უკვე თავისი გვერდი აქვს. მის ბიოგრაფიას თან ერთვის ციტატები, აქედან ერთ-ერთი, რომელიც სამეფო ოჯახის ვებ-გვერდზეა გამოქყვეყნებული, ამბობს – “მეამაყება, რომ ვარ ქალი და ფემინისტი”.

მეგან მარკლი თავისი საჯარო ცხოვრების მანძილზე ხშირად პოზიციონირებდა, როგორც ფემინისტი, თუმცა ქორწილში მისი გადაწყვეტილება, საკურთხეველთან მამამთილს მიეყვანა, ფემინისტური კუთხით კრიტიკის საფუძველი გახდა, მეგანის მამა ქორწილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო. მეგან მარკლს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ საკურთხეველთან მარტო მისულიყო, ან დედას მიეყვანა, მაგრამ საბოლოოდ პრინც ჩარლზს სთხოვა საკურთხეველთან მიყვანა, თუმცა მიმომხილველთა უმეტესობა თვლის, რომ ქორწილის ინკლუზიურობამ ეს გადაწყვეტილება გამოისყიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი