ახალი ამბებისაზოგადოება

არჩევნები თურქეთში და “რკინის ლედის” შანსები ერდოღანის წინააღმდეგ

21 მაისი, 2018 • 6331
არჩევნები თურქეთში და “რკინის ლედის” შანსები ერდოღანის წინააღმდეგ

2018 წლის 24 ივნისს თურქეთში პრეზიდენტი და პარლამენტის ახალი შემადგენლობა უნდა აირჩიონ. როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური პარტიები, წინასაარჩევნო კამპანიაში უკვე აქტიურად არიან ჩართულნი.

როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნები თურქეთში 2019 წლის ნოემბერში უნდა გამართულიყო. თუმცა პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მოკავშირე ნაციონალისტურ პარტიასთან კონსულტაციების შემდეგ ძველი თარიღი შეიცვალა და ახალი დაადგინა. მისი თქმით, არჩევნები ქვეყნის საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლას დააჩქარებს, რასაც 2017 წლის რეფერენდუმში თურქეთის მოსახლეობის 51%-მა დაუჭირა მხარი.

ხელისუფლებამ და ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ალიანსები უკვე დააკომპლექტეს, საპრეზიდენტოსთვის კი,  კანდიდატები წარადგინეს. დიდი ისტორიის მქონე პარტიებთან ერთად, ანგარიშგასაწევ ძალად იქცა თურქეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, მერალ აქშენერის მიერ  დაფუძნებული “კარგი პარტია”.

არჩევნები თურქეთში © EPA-EFE/ERDEM SAHIN

ვის და როგორ ირჩევენ თურქეთში? რას სთავაზობენ პარტიები მოსახლეობას და რატომ არის საინტერესო მერალ აქშენერის კანდიდატურა, რომელსაც უკვე მიიჩნევენ ერდოღანის ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგედ როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო არჩევნებში. “ნეტგაზეთი” მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან დეტალებს აღნიშნულთა შესახებ.

ვის ირჩევენ თურქეთში?

ახალი საარჩევნო კანონმდებლობით, თურქეთში მოქმედ პარტიებს წინასაარჩევნოდ ალიანსებში გაერთიანება შეუძლიათ. ამჟამად ორი ასეთი – სახელისუფლებო და ოპოზიციური ალიანსი არსებობს. არავისთან გაერთიანებულა ქურთების უფლებებზე ორიენტირებული ” “ხალხთა დემოკრატიული პარტია”, რომელიც ბრძოლას დამოუკიდებლად ამჯობინებს.

მთავარი საარჩევნო სუბიექტების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

“სახალხო ალიანსი” – მმართველი “სამართლიანობისა და განვითარების” და ფორმალურად ოპოზიციური, თუმცა პროსამთავრობო “ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის” პოლიტიკურ კავშირს წარმოადგენს.  ნაციონალისტური პარტიის ლიდერი დევლეთ ბაჰჩელი ერდოღანს 2017 წლის რეფერენდუმის დროსაც უჭერდა მხარს და ქვეყნის საპრეზიდენტო მოდელზე გადასვლასაც ემხრობოდა, რასაც ოპოზიციური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა ემიჯნებოდა.

“სამართლიანობისა და განვითარების პარტიას” 550-ადგილიან ასამბლეაში ამჟამად ფლობს 316 მანდატს, ნაციონალისტური პარტია კი – 35 ადგილს.

“ეროვნული ალიანსი” – აღნიშნული კოალიცია 4 ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს, რომელთა შორის ახლად დაფუძნებული “კარგი პარტია” და თურქეთის მთავარი ოპოზიციური ძალა – “რესპუბლიკური პარტიაა”. მათთან ერთად ალიანსში მცირე პოლიტიკური სუბიექტები – “დემოკრატიული პარტია” და ისლამური “ბედნიერების პარტია” გაერთიანდნენ. ეს უკანასკნელი ერთგვარი ტაქტიკური გათვლაა, რათა, ერთი მხრივ, 10%-იანი ბარიერის პირობებში, საკანონმდებლო ორგანოში მანდატების მოპოვება მათაც შეძლონ, მეორე მხრივ კი, ალიანსს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების მეტი შანსი მიეცეს.

ალიანსში შემავალ პარტიებს შორის იდეოლოგიური განსხვავება ნათელია: თურქეთის უმსხვილესი, “რესპუბლიკური პარტია” მემარცხენე-ცენტრისტულ ვექტორს განეკუთვნება, როცა ახლად შექმნილი “კარგი პარტია” ნაციონალისტური ხედვებით გამოირჩევა. თუმცა ორივე პარტია იზიარებს მუსტაფა ქემალ ათათურქის იდეებს, სეკულარიზმის როლსა და ქვეყნის საპარლამენტო სისტემაზე დარჩენის აუცილებლობას. ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული ხედვები აქვთ ალიანსის წევრ ორ მცირე პარტიასაც.

იდეოლოგიური განსხვავებები ამ ეტაპზე გადაწონა ოთხივე პარტიის საერთო მიზანმა.

“ხალხთა დემოკრატიული პარტია” –  2012 წელს შეიქმნა და საპარლამენტო არჩევნებში პირველად მონაწილეობისთანავე შეძლო 10%-იანი ბარიერის გადალახვა. ის მეტწილად ქურთი უმცირესობის უფლებებზე ორიენტირდება და მისი ელექტორატის დიდ ნაწილსაც ქურთები შეადგენენ.

პარტიამ ოპოზიციურ ალიანსში გაერთიანებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ არჩევნებზე დამოუკიდებელი ძალა იქნება. პარტიას დაუშვებლად მიაჩნია მერალ აქშენერის “კარგ პარტიასთან” ერთად ნებისმიერ ალიანსში ყოფნა, რადგან მიიჩნევს, რომ აქშენერი მისი შინაგან საქმეთა მინისტრობისას ქურთების უფლებების უხეშ დარღვევაზეა პასუხისმგებელი.

განსხვავებული ვითარებაა საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, სადაც საერთო კანდიდატს მხოლოდ სახელისუფლებო ალიანსი წარადგენს. ოპოზიციური კოალიციის წევრი პარტიები კი საპრეზიდენტო კანდიდატებს ცალ-ცალკე წარადგენენ. საკუთარი კანდიდატურა უკვე წარადგინა “ხალხთა დემოკრატიულმა პარტიამაც” – არჩევმებზე კენჭს მისი ლიდერი, სელაჰათინ დემირთაში იყრის, ოღონდ ციხიდან – სხვა ათობით ათას ადამიანთან ერთად, 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ ის ტერორიზმთან, კერძოდ, ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კავშირის ბრალდებით დააკავეს.

მერალ აქშენერის ფაქტორი

წლევანდელ არჩევნებზე “კარგი პარტიის” ლიდერის, მერალ აქშენერის ფიგურა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. აქშენერი 2017 წლამდე ამჟამად ერდოღანის კოალიციაში მყოფი “ნაციონალისტური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა პარტია მას შემდეგ დატოვა, რაც მისმა ლიდერმა დევლეთ ბაჰჩელიმ ქვეყნის საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირდებით ერდოღანს მხარი დაუჭირა.

როგორც ზემოთ აღინიშნა, საპარლამენტო არჩევნებისთვის აქშენერის პარტია ოპოზიციურ ალიანსშია. საპრეზიდენტოსთვის კი საკუთარი კანდიდატი ჰყავს, აქშენერის სახით. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, პირველ ტურში ამჟამინდელი პრეზიდენტი ერდოღანი გამარჯვებას მარტივად შეძლებს, თუმცა მეორე ტურის აქშენერთან გამართვის შემთხვევაში, თურქეთის “რკინის ლედი” მისთვის დიდი გამოწვევა იქნება.

აქშენერი მიიჩნევს, რომ თურქეთის დემოკრატიისათვის დამღუპველია საპრეზიდენტო მმართველობა ეროღანის პირობებში. მის ერთ-ერთ მთავარ წინასაარჩევნო დაპირებასაც სწორედ ქვეყნის საპარლამენტო მოდელზე დაბრუნება წარმოადგენს.

“კარგი პარტიის” ლიდერი ნაციონალისტია, თუმცა მხარს უჭერს სეკულარიზმს, პრესის თავისუფლებასა და თურქეთის ევროკავშირთან დაახლოებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვარაუდობენ რომ აქშენერი მეორე ტურში შეძლებს როგორც ერდოღანის პარტიის მხარდამჭერთა ზომიერი ფრთის, ისე ოპოზიციური პარტიების ელექტორატის გულის მოგებას, რომელიც გასულ არჩევნებზე საკუთარი ფავორიტების მარცხით დაიღალა.

თუმცა რთულად წარმოსადგენია, რამდენად გავრცელდება მოცემული “ფორმულა” ქურთ უმცირესობაზე, რომლებიც აქშენერის კანდიდატურას არ სწყალობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ აქშენერის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ქურთების უფლებებრივი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამჟამად ქურთი უმცირესობის მიმართ აქშენერის დამოკიდებულება ცალსახაა: უმცირესობაში ყოფნა არ არის განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობის წინაპირობა. თუმცა, ამასთანავე, ხაზს უსვამს, რომ მხარს უჭერს ნებისმიერ უმცირესობას და მისი პარტიის კარიც ყველა მათგანისთვის ღიაა.

აქშენერის საპრეზიდენტო კამპანია უკვე დაწყებულია. თავისი კანდიდატურის დასამტკიცებლად ბოლო პროცედურა  “კარგი პარტიის” ლიდერმა უკვე გადალახა და რეგისტრაციისთვის საჭირო 100 000 ხელმოწერა სულ რაღაც 4 საათში შეაგროვა.

თურქეთის საარჩევნო სისტემა ორრაუნდიანია. იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 50+1%-ის მოპოვება ვერავინ შეძლო, მეორე ტური 8 ივლისს გაიმართება. მეტწილად, სწორედ აღნიშნულ რაუნდს ემყარება ოპოზიციის იმედი ამჟამინდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ. თუმცა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი არც არჩევნებამდე პასიურობს: “ტვიტერში” დაწყებულია კამპანია, სახელწოდებით “კმარა”(თურქულად – Tamam), რომელიც  ერდოღანის ქვეყნის სათავეში დარჩენას ეწინააღმდეგება. კამპანიაში 2 მილიონამდე თურქი უკვე ჩაერთო.

მასალების გადაბეჭდვის წესი