სვანეთში, ჭუბერში, ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ დღეს, 21 აპრილს, საერთო აქცია იმართება. თემის ცენტრში სვანეთის სხვადასხვა წერტილიდან ჩამოსული ადამიანები არიან შეკრებილნი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მასშტაბური ჰიდროელექტროსადგურები რეგიონის მოსახლეობასა და ბუნებრივ გარემოს საფრთხეს უქმნის.
აქციის ორგანიზატორი სვანეთის თემთა კრება – სასვანეთო ლალხორია. მასში სვანეთის 17 თემია გაერთიანებული, რომლებიც აცხადებენ, რომ რეგიონში ახალი ჰესების მშენებლობას არ დაუშვებენ.
ჭუბერის ცენტრში საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიტყვით სვანეთის თემთა შეკრების წევრებმა და მხარდამჭერებმა მიმართეს, რომელთაც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიმართ მანამდე არსებული მოთხოვნები კიდევ ერთხელ გაახმიანა. მათ შორისაა თემთა საკუთრებაში არსებული მიწების დაკანონება, სვანებისათვის აბორიგენი მოსახლეობის სტატუსის მინიჭება და ადგილობრივთა დაუკითახავად ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შეჩერება.
აქციას აქტივისტები რაჭა-ლეჩხუმიდან და თბილისიდანაც შეუერთდნენ. ადგილზე რიგი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115”-ის წევრებიც იმყოფებიან.
“არა ჰესებს” – პროტესტი სვანეთში
სვანეთში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანია ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა. აქციები ტარდებოდა როგორც სვანეთში, ისე თბილისში.
ერთ-ერთი ბოლო აქცია მესტიაში, მდინარე მესტიაჭალაზე მშენებარე ჰესების, “მესტიაჭალა-1”-სა და “მესტიაჭალა-2”-ის წინააღმდეგ მოეწყო. მოსახლეობამ ქალაქის შესასვლელთან გზა გადაკეტა და სამშენებლო ტექნიკა მესტიაში არ შეუშვა.
მაშინ მშენებელი კომპანია აღნიშნავდა, რომ მესტიაჭალაზე მწვანე, მცირე ზომის, არადაგუბებადი ჰესი შენდება, რომელიც მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის. მათივე თქმით, კომპანიის მიერ შექმნილი თავდაცვითი სისტემა მდინარეს იმაზე უსაფრთხოს გადხის, ვიდრე აქამდე ყოფილა. კომპანია ამბობდა, რომ მოსახლეობასთან არაერთი კონსულტაცია გაიარა, ამჟამად კი საპროტესტო კამპანიაში 10-15 ადამიანი მონაწილეობს, რომლებიც პროვოკაციას აწყობენ.
მანამდე, 5 მარტს სვანეთის თემთა შეკრებამ განცხადებაც გაავრცელა, რომლითაც პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო საფინასო ინსტიტუტებს განცხადებით მიმართა. განცხადება ჰესების თანმდევ საფრთხეებს ეხებოდა. მაშინ ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ საბოლოოდ კრძალავდნენ ჰესების მშენებლობას სვანეთში.
აქციების მონაწილეები აღნიშნავენ, რომ უნდობლობას უცხადებენ კომპანია “გამა კონსალტინგს”, რომელმაც საქართველოში მშენებარე ან უკვე აშენებული ჰესების პროექტების დიდი ნაწილის, მათ შორის, “ნენსკრას”, “მესტიაჭალა-1”-ს, “მესტიაჭალა-2”-სა და “დარიალჰესის” გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტები(გზშ) აქვს მომზადებული.
ნენსკრა, ხუდონი, მესტიაჭალა – რამდენიმე ჰესის პროექტის შესახებ სვანეთში
სვანეთსა და საქართველოს სხვა კუთხეებში აქტივისტები ყველა მასშტაბური ჰესის პროექტის შეჩერებას მოითხოვენ, თუმცა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში სამი მათგანია: ხუდონი, ნენსკრა და მესტიაჭალა.
2015 წლის 31 აგვისტოს საპარტნიორო ფონდმა, კორეულმა კომპანიამ K-Water, საქართველოს მთავრობამ, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ (ესკო) და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ხელი მოაწერეს ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტს. მათი შეთანხმების მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტში,უნდა აშენდეს 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური მდინარე ენგურის შენაკად ნენსკრაზე. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ დადებითი ეკოლოგიური დასკვნა ნენსკრა ჰესის აშენების თაობაზე
2015 წლის 2 ოქტომნბერს გასცა.
რაც შეეხება ხუდონჰესს, პროექტის მიხედვით, ხუდონჰესის წყალსაცავის სარკის ზედაპირის ფართობი 528 ჰექტარი იქნება. კომპლექსის გავლენის არეალში ხვდება შემდეგი სოფლები: ხაიშის თემიდან – ხაიში, იდლიანი, სკორმეთი, ლალხორალი, ტობარი, ლუხი, ქვედა წვირმინდი, ნაკი, დაკარი, შგედი, ლაჯრა, გაღმა ხაიში და ციცხვარი. ჭუბერის თემიდან – სოფელი ლახანი. გარდა ამისა, საპროექტო არეალში ხვდება 584 საფლავი. ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საინვესტიციო ღირებულება, მშენებლობის დროს გაწეული ფინანსური ხარჯების ჩათვლით, 1,2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
მდინარე მესტიაჭალაზე კი, ორ ჰესს, Galt & Taggart, ავსტრიულ კომპანია RP Global -თან ერთად, სპეციალურად შექმნილი კომპანია „სვანეთი ჰიდროს“ მეშვეობით აშენებს. უწყების თანახმად, ეს იქნება 30-მეგავატიანი ჰესი, რომელიც წლიურად საშუალოდ 100 მლნ კვტ/სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
სახელმწიფოსა და კომპაბიების არგუმენტების საპასუხოდ, რომ ეს და სხვა ჰესები ენერგეტიკის სფეროს განვითარებას წაადგება, აქტივისტები ამბობენ, რომ აღნიშნულს არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა არა უსაფრთხოების ხარჯზე. მათი თქმით, თითოეული პროექტის არეალი სპეციალისტებისა და ადგილობრივების ჩართულობით საფუძვლიანად უნდა შემოწმდეს და რისკები შესაბამისად განისაზღვროს.