ახალი ამბებისამართალი

პოლიციელს, რომელმაც ზვიად რატიანს სცემა, დროებით უფლებამოსილება შეუჩერეს

24 დეკემბერი, 2017 •
პოლიციელს, რომელმაც ზვიად რატიანს სცემა, დროებით უფლებამოსილება შეუჩერეს

პოეტი ზვიად რატიანი სამართალდამცველებს ცემასა და მორალურ ზეწოლაში ადანაშაულებს. გენერალური ინსპექციის განცხადებით, წინასწარი მოკვლევით, იკვეთება ერთი პოლიციელის მხრიდან შესაძლო სამსახურეობრივი გადაცდომა, რის გამოც საბოლოო გამოძიებამდე მას უფლებამოსილება შეუჩერდა. თავად ზვიად რატიანმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მას არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე პოლიციელი სცემდა ერთდროულად.

პოეტი ამჟამად გათავისუფლებულია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, ხოლო გამოძიება გრძელდება. ის საპოლიციო კონტროლის დროს დააკავეს – პოეტი პოლიციას ცემასა და მორალურ ზეწოლაში ადანაშაულებს.

სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს. როგორც შსს-ში აცხადებენ, პირველადი შესწავლის შედეგად, იკვეთება ორივე მხარის პასუხისმგებლობა.

“ამავე დროს, წინასწარი მოკვლევით იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფაქტის საბოლოო გამოძიებამდე უფლებამოსილებას შეუჩერებს ზემოაღნიშნულ პოლიციელს,” – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

[red_box]დაკავება[/red_box]

რატიანი ამბობს, რომ ბანკომატთან რამდენიმე ადამიანი მიუახლოვდა, რომლებიც არ იყვნენ პატრულის თანამშრომლები, რადგან არ ეცვათ პოლიციის ფორმა. როგორც პოეტი ამბობს, თავდაპირველად ვერც აღიქვა, რომ ეს პირები შსს-ს თანამშრომლები იყვნენ. ზვიად რატიანის მონათხრობით, თავად მას ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა, ხოლო მასთან მისულმა პიროვნებებმა დამცინავად ჰკითხეს, თუ რატომ იყო ასეთი ფერის ტანსაცმლით შემოსილი, რაზეც პოეტმა  უპასუხა, რომ ეს მათი საქმე არ იყო.

როგორც ლიბერალი პოეტის მონათხრობის მიხედვით წერს, ეს საუბარი გამწვავდა და შსს-ს თანამსრომლებმა რატიანი მანქანაში ჩასვეს, რა დროსაც სცემეს კიდეც. ზვიად რატიანი ამბობს, რომ ფიზიკურად მანქანაშიც გაუსწორდნენ, ხოლო შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც იხსნებს,  გზაში, სანაპიროზე, მოფარებულ ადგილზეც ჩამოსვეს და იქაც სცემეს. მისი თქმით, ხელებზე და ფეხებზეც ბორკილები დაადეს და ბოლოს, ტელეფონზე საქმის ერთსაათიანი გარკვევის შემდეგ დიღომში, იზოლატორში გადაიყვანეს.

[red_box]საპოლიციო კონტროლი[/red_box]

პოეტ ზვიად რატიანის გარდა, გენერალური ინსპექცია კიდევ რამდენიმე მსგავს ფაქტზე იკვლევს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას, მათ შორის არის 31 წლის თინათინ შენგელიას საქმეც. ახალგაზრდა ქალი ავად იმ დროს გახდა, როცა 22 დეკემბერს, გამთენიისას, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, შეიარაღებული სამართალდამცავები შევიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. თინათინ შენგელიას მდგომარეობა მძიმეა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალურ საპოლიციო კონტროლი 22 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბერს დასრულდა. საპოლიციო კონტროლის დროს სულ 127 პირი დააკავეს.

შსს-ს აღნიშნული ბრძანება “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” საერთო სასამართლოებში გაასაჩივრა. EMC-ში აცხადებენ, რომ ღონისძიების ჩატარების საფუძვლად მხოლოდ ზოგადი სამსართლებრივი საფუძვლებია მითითებული და აბსტრაქტული საფუძვლებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლის განხორციელება არაპროპორციული და არათანაზომიერი ჩარევაა მოქალაქეთა უფლებებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი