საპოლიციო კონტროლის დროს 127 პირი დააკავეს – შესაძლო გადაცდომებს გენისპექცია იკვლევს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპოლიციო კონტროლის დროს, ორ დღეში, 127 პირი დააკავეს, მათ შორის არიან სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულისთვის, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისათვის და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულები.

შსს-ს განცხადებით, გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულია სხვადასხვა დანაშაულებისათვის ძებნილი 5 პირი. ასევე:

  • ცივი იარაღის ტარების ფაქტზე გამოვლენილია 96 პირი;
  • ამოღებულია 1 კილოგრამზე მეტი ჰეროინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები;
  • ასევე 73 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი;
  • ამოღებულია 54 ხელყუმბარა;
  • 122 კაფსულ-დეტონატორი;
  • 3 740 ცალი ვაზნა.

როგორც შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, საპოლიციო კონტროლისას სულ გადამოწმდა 52 ათასამდე პირი. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი ნარკორეალიზაციის ბრალდებით დააკავა, მათ შორის, ერთ-ერთ უცხო ქვეყანის მოქალაქე. გამოძიების ინფორმაციით, მას საქართველოში სისტემატიურად შემოჰქონდა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და ძირითადად ფონიჭალაში ახდენდა მის რეალიზაციას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზემოაღნიშნული ღონისძიებებისას თითოეულ სამართალდამცველს ჰქონდა მკაცრი მითითება, ემოქმედათ კანონის სრული დაცვით, თუმცა ადგილი ჰქონდა შესაძლო სამსახურეობრივ გადაცდომებსაც.

დაკავებულთა შორის არის პოეტი ზვიად რატიანიც, რომელიც სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ნარინჯისფერი ტანსაცმლის გამო დაუწყეს ჩხუბი.  პოლიციამ პოეტი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა. როგორც შსს-ში განაცხადეს, რამდენიმე ასეთ ფაქტზე გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს მოკვლევა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა სამსახურეობრივი გადაცდომა, თითოეულ ფაქტს მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

“დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ პოლიციელს, რომლებმაც ღირსეულად შესარულა მათზე დაკისრებული მოვალეობა. ასევე, დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ თითოეულ მოქალაქეს, რომლებმაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან. მსგავსი თანამშრომლობით ჩვენ შევძლებთ მოვახდინოთ დანაშაულის პრევენცია და შევქმნათ უსაფრთხო გარემო,” – აცხადებს შსს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალურ საპოლიციო კონტროლი 22 დეკემბერს დაიწყო. შსს-ს აღნიშნული ბრძანება “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” (EMC) საერთო სასამართლოებში გაასაჩივრა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ღონისძიების ჩატარების საფუძვლად მხოლოდ ზოგადი სამსართლებრივი საფუძვლებია მითითებული და აბსტრაქტული საფუძვლებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლის განხორციელება არაპროპორციული და არათანაზომიერი ჩარევაა მოქალაქეთა უფლებებში.

ამავე თემაზე:

რა უფლებები აქვთ მოქალაქეებს სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს – ომბუდსმენი

ერთდროულად რამდენიმე პოლიციელი მირტყამდა უმიზეზოდ – ზვიად რატიანი

ახმეტაში პოლიციის მიერ ჩხრეკისას დაშავებული ქალი მართვით სუნთქვაზეა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.