@StalinskyK

EMC სპეციალური საპოლიციო კონტროლის დაწყების შესახებ ბრძანებას გაასაჩივრებს

“ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) შსს-ს მიერ სპეციალური საპოლიციო კონტროლის დაწყების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის თქმით, ღონისძიების ჩატარების საფუძვლად მხოლოდ ზოგადი სამართლებრივი საფუძვლებია მითითბული და აბსტრაქტული საფუძვლებით მთელი ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლის განხორციელება არაპროპორციული და არათანაზომიერი ჩარევაა მოქალაქეთა უფლებებში და ორგანიზაცია შს მინისტრის ბრძანებას გაასაჩივრებს საერთო სასამართლოებში:

“აბსტრაქტული საფუძვლებით, დანაშაულის ზოგადი პრევენციის მიზნით, 36 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლის განხორციელება, რა დროსაც ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირი შეიძლება დაექვემდებაროს პოლიციის მხრიდან შემოწმებას, წარმოადგენს არაპროპორციულ და არათანაზომიერ ჩარევას მოქალაქეთა უფლებებში.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში ჩანს, რომ ფაქტობრივად პოლიცია ერთდროულად ატარებს საგამოძიებო
და პრევენციულ ღონისძიებებს, თუმცა არ აკონკრეტებს, რა საქმის გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს ამ მასშტაბის ღონისძიებები – პირების დაკავება, საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა და უკანონო ნივთების ამოღება” – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ საპოლიციო კონტროლი, ისევე როგორც შეჩერება და ზედაპირული შემოწმება, არის პრევენციული ღონისძება და მათი გამოყენება არ უნდა ხდებოდეს დანაშაულის გამოძიების მიზნით.

“პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების დროს მოქალაქეები დაცვის ნაკლები გარანტიებით სარგებლობენ და ეს ღონისძიებები საპროკურორო და სასამართლო კონტროლის გარეშე მიმდინარეობს.

ამდენად, თუკი შინაგან საქმეთა სმაინისტროს აქვს ინფორმაცია ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაულის შესახებ, მან უნდა დაიწყოს გამოძიება და ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები შესაბამისი პროცედურების დაცვით. საპოლიციო კონტროლი კი არ არის
საგამოძიებო მოქმედება”  – ვკითხულობთ EMC-ის განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ მასშტაბის საპოლიციო მოქმედებების დროს, მოქალაქეები იცნობდნენ საკუთარ უფლებებს და პოლიციის ვალდებულებებს და შეძლონ უფლებების დაცვა სამართალდამცავების შესაძლო თვითნებობის შემთხვევაში. სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს, მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ:

 ღონისძიების დაწყებამდე, პოლიციელი ვალდებულია მოქალაქეს წარუდგინოს თავი, აგრეთვე, მისი სამუშაო ადგილი;
 რეიდის განხორციელებისას სავალდებულოა, პოლიციელი აღჭურვილი იყოს სამხრე ვიდეო-კამერით, რომელიც ჩართულ მდგომარეობაში უნდა იყოს მოქალაქესთან კონტაქტის დროს;
 რეიდის ფარგლებში, პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მის ტანისამოსზე მხოლოდ გარედან შეხების გზით პირის შემოწმებას. ზედაპირული შემოწმების დროს პოლიციას არ აქვს უფლება, პირს ჯიბეში ჩაუყოს ხელი, გახადოს ტანსაცმელი, ან თავად მოქალაქეს სთხოვოს ამის გაკეთება;
 ზედაპირულ შემოწმებას ატარებს იგივე სქესის პოლიციელი;
 თუკი მოქალაქე მიიჩნევს, რომ ამ ღონისძიების ფარგლებში დაირღვა მისი უფლებები, ან სამართალდამცავმა დაარღვია ეთიკის წესები, მას შეუძლია
მიმართოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ნომერზე 126.

სპეციალური საპოლიციო კონტროლი (რეიდი), ორგანიზაციის შეგასებით, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საპოლიციო ღონსიძიება, EMC-ის გასაჩივრებული აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში. 21 დეკემბრეს მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებას EMC ასევე გაასაჩივრებს საერთო სასამართლოებში.

ამასთანავე, EMC-ში აცხადებენ, რომ ორგანიზაცია გამოხატავს მზადყოფნას, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს მოქალაქეებს, რომლებიც თვლიან, რომ მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებების დროს მათი უფლებები დაირღვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.