შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პოლიციელების მიერ ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ცემა „სამწუხაროა“.
ამის შესახებ გომელაურმა დღეს, 19 აპრილს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა. გომელაურს საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა მოუწოდეს, რომ პოლიციელთა მიერ ალეკო ელისაშვილის ცემა შეეფასებინა.
„მინდა ორი სიტყვით ბატონ ელისაშვილზე, ძალიან სამწუხაროა… სამწუხაროა, აბა, რა უნდა ვთქვა… გამოძიება დაიწყო და რა მოხდა, გაარკვევს საგამოძიებო სამსახური. მე რომ ვთქვა, მერე იტყვით, რომ მიკერძოებული ხარო“, — განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
17 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციასთან რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე პოლიციელებმა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს სცემეს. „ტვ პირველმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ელისაშვილს რამდენიმე პოლიციელი ფიზიკურად უსწორდება.
შედეგად, ელისაშვილს დაზიანებები ეტყობა სახეზე, სხეულის სხვა ნაწილებზე და ასევე, მოტეხილი აქვს ნეკნი. ელისაშვილი მისი ცემის ბრძანების გაცემაში საპატრულო პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს ადანაშაულებს.