შსს საქართველოს მასშტაბით სპეციალურ საპოლიციო კონტროლს ატარებს

დღეს, 22 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ საპოლიციო კონტროლს ატარებს. მათივე ცნობით, უკვე დააკავეს 16 პირი, ასევე ამოღებულია 4 კოჭა ტროტილი, ჰეროინი და საბრძოლო მასალა.

შსს-ს ცნობით, საპოლიციო კონტროლი რიგ შემთხვევებში გულისხმობს ზედაპირული შემოწმების განხორციელებას და საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას ემსახურება.

“მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, დილის 8 საათიდან, სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ტერიტორიული დანაყოფების თანამშრომლებმა, დანაშაულის პრევენციის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს. დაკავებულია 10 პირი, მათგან 6 წარსულში ნასამართლევია:

1989 წელს დაბადებული ლ.მ., 1987 წელს დაბადებული ს.მ., 1998 წელს დაბადებული შ.ა., 1976 წელს დაბადებული ზ.ქ., 1971 წელს დაბადებული ე.მ., 1990 წელს დაბადებული მ.თ., 1992 წელს დაბადებული ბ.დ., 1972 წელს დაბადებული მ.ქ., 1986 წელს დაბადებული ა.ც. და 1979 წელს დაბადებული გ.კ.

დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა :

1 ავტომატი, 6 პისტოლეტი, 7 სანადირო თოფი, 3 შაშხანა, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, 1 „საიგას“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 ხელყუმბარა, 4 კოჭა ტროტილი, 1 ცეცხლგამტარი ზონარი და 1095 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა.

ასევე, ნარკოტიკული საშუალებები:

7 შეკვრა ჰეროინი, 20 გრამამდე გახსნილი სითხე და სხვა ნარკოტიკული საშუალებები.

გარდა ამისა, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენციის მიზნით დაიწყო საპოლიციო კონტროლის განხორციელება საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის, თბილისში.

ამ ეტაპზე ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია 6 პირი, ასევე, დაკავებულია 2 ძებნილი, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. ნებაყოფლობით ჩაბარებულია ცეცხლსასროლი იარაღი, 12 ხელყუმბარა, 12 კაფსულ-დეტონატორი და 1124 ცალი საბრძოლო ვაზნა. გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 17 ფაქტი, კერძოდ, ცივი იარაღის უკანონო ტარება,”- აცხადებს შსს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი