საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციებმა, ESOMAR-მა და WAPOR-მა საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები შეისწავლეს და გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავეს.
უცხოელი ექსპერტების შეფასებით, რომლებმაც საქართველოში 2012 წლის საარჩევნო კამპანიის პერიოდის გამოკითხვები გააანალიზეს, ეს არჩევნები ქვეყნისთვის უნიკალური იყო: ინტენსიური კამპანია ერთი ოპოზიციური პარტიის მიერ ორგანიზებული.
“წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგები ერთიმეორისაგან და არჩევნების ფინალური შედეგისაგან ფართოდ განსხვავდებოდა და გაკრიტიკებული იყო სიზუსტის, მეთოდოლოგიისა და იმათი მოტივებისთვის, ვინც მათ ატარებდა. 2013 წლის გაზაფხულზე ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” და “ღია საზოგადოება თინქ-თენქის” მიერ ESOMAR-თან, WAPOR-თან და მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციებთან ერთად მოწვეულ იქნა საერთაშორისო ექსპერტთა პანელი, იმისათვის, რომ შეეფასებინა გამოკითხვები საერთაშორისო სტანდარტებთან, წინააღმდეგობა და რეკომენდაცია გაეცა იმ გზებზე, რომლებიც გააუმჯობესებს საქართველოში კვლევების ჩატარებას, გამოქვეყნებასა და გამოყენებას”.
ექსპერტებმა საქართველოში 40–ზე მეტი ადამიანი გამოკითხეს, რომლებიც არჩევნებთან და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებთან არიან დაკავშირებულნი. მათი მიზანი არ ყოფილა რომელიმე კვლევითი ორგანიზაციის გაკრიტიკება მიღებული შედეგების გამო. მიზანი იყო გამოკითხვების საერთაშორისო სტადანდარტებთან შედარება და გარკვეული რეკომენდაციების შემუშავება.
ანგარიშის მიხედვით, რომელიც სპეციალისტებმა შეიმუშავეს, ნათქვამია, რომ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მომხდარმა ციხის სკანდალმა შეცვალა კამპანია და არსებობს ეჭვი, რომ ამან ასევე შეცვალა ამომრჩევლების განზრახვები კოალიცია “ქართული ოცნების” მიმართულებით. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ე.წ. პოლიტიკური გამოკითხვა პარტიების რეიტინგების შესახებ ჩატარებული იყო აღნიშნულ სკანდალამდე, ძალიან ძნელია იმსჯელო ამ კვლევების სიზუსტეზე.
ანგარიშში ექსპერტებმა ჩაწერეს, რომ კვლევითი ორგანიზაციების მიერ სტანდარტების კოდექსის ადაპტირება დაარწმუნებდა რესპონდენტებს, რომ გამოკითხვების დროს მათი პასუხები კონფიდენციალური იქნება და კვლევითმა ორგანიზაციებმა უნდა გადახედონ თავიანთ მეთოდოლოგიას, რადგან ინტერვიუს კონტექსტმა (მაგალითად, იმ პერსონის ტიპმა, რომელიც ინტერვიუზე მუშაობს და დროის შერჩევამ), შესაძლოა, შედეგებზე იმოქმედოს.
ამასთან, ექსპერტების აზრით, განსხვავებებებმა იმაში, თუ როგორ და როდის ჰკითხეს რესპონდენტებს გამოკითხვის დროს მათი პარტიული უპირატესობის შესახებ, გავლენა იქონია იმაზე, რომ კვლევების შედეგები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა.
სპეციალისტები იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ასეთ ე.წ. პოლიტიკურ გამოკითხვებს ატარებენ,რეკომენდაციებითაც მიმართავენ და საერთაშორისო სტანდარტების ადაპტირებისაკენ მოუწოდებენ.
როგორც ცნობილია, არჩევნაბამდე საქართველოში ჩატარებული კვლევები მოწმობდნენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში უპირატესობას “ნაციონალური მოძრაობა” ფლობდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა.