Interviewsახალი ამბებიკომენტარი

უპარტიო კანდიდატის თუნდაც დროებითი წარმატება სისტემის კრიზისის ნიშანია- ინტერვიუ გია ნოდიასთან

26 ოქტომბერი, 2017 • 4690
უპარტიო კანდიდატის თუნდაც დროებითი წარმატება სისტემის კრიზისის ნიშანია- ინტერვიუ გია ნოდიასთან

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა. როგორც პროპორციულ და ქალაქის მერების არჩევნებში, ისე მაჟორიტარულ ოლქებში, მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი შედეგით. მოსალოდნელი მეორე ტური თბილისში არ შედგა. ამავდროულად, გამოჩნდა, რომ ამ მოცემულობით მეორე ძალას დამოუკიდებელი კანდიდატი წარმოადგენს. ცესკოსა და სადამკვირვებლო მისიების შეფასებით, პროცესმა მეტწილად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ამომრჩეველთა ნების შესაძლო კონტროლის ახალი პრაქტიკა.

რას უკავშირდება მმართველი პარტიის მზარდი რეიტინგი, როგორ გამოიყურება ამ ფონზე ოპოზიციური პარტიების პერსპექტივა და მიანიშნებს თუ არა ამომრჩეველთა 45%-იანი აქტივობა ქართული პოლიტიკური სპექსტრის სისუსტეებზე? – ამ და სხვა კითხვებზე “ნეტგაზეთს” პოლიტოლოგმა გია ნოდიამ უპასუხა:

ელოდით თუ არა წლევანდელი არჩევნებისგან იმისგან განსხვავებულ შედეგს, რაც მივიღეთ?

მოულოდნელი არაფერი მომხდარა. შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგმა შეარყია ოპოზიციური ძალების რწმენა, რომ ხელისუფლებისთვის ამ ეტაპზე რეალური კონკურენციის გაწევა შეეძლოთ. ნაციონალური მოძრაობის და სხვა პარტიების გაყოფამ ოპოზიცია კიდევ უფრო დაასუსტა. ასე რომ, „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება ლოგიკური და მოსალოდენელი იყო.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა რეგისტრირებული ამომრჩევლის 45%-იანი აქტივობის ფონზე, რაც 2016 წლის არცთუ მაღალ (48%) მაჩვენებელზე კიდევ უფრო დაბალია. რას ფიქრობთ, რა აიძულებთ ადამიანებს წავიდნენ უბნებზე ან დარჩნენ სახლში? უკავშირდება თუ არა ეს შედეგი მზარდ სკეპტიციზმს ქართულ პოლიტიკურ ველზე წარმოდგენილი ძალების მიმართ ან პარტიების არაეფექტურ მუშაობას ამომრჩეველთან?

ადგილობრივ არჩევნებზე ნაკლები ხალხი დადის და ეს საკმაოდ ტიპური დემოკრატიებისთვის, ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. ამის მიზეზი ალბათ ისაა, რომ აქ პოლიტიკური ფსონი ნაკლებია. ამ არჩევნებში, როგორც ვთქვი, ოპოზიციის წარმატების თითქმის არავის სჯეროდა, ამიტომ ინტრიგაც დაიკარგა. ამ ფონზე ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი მაინცდამაინც დაბალი არ მეჩვენება.

ცხადია, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, უფრო აქტიური და პოპულარული ოპოზიციური პარტიები და ლიდერები რომ გვყოლოდა, მაგრამ საპარლამენტო არჩევნების შარშანდელი შედეგის შემდეგ ამის მოლოდინი, სამწუხაროდ, არ უნდა გვქონოდა.

ჯერ კიდევ არჩევნების წინასწარი შედეგების გასაჯაროებამდე საუბრობდნენ პარტიები არჩევნების გაყალბების, მმართველი პარტიის მიერ ამომრჩეველთა მობილიზების, ნების კონტროლისა თუ მოსყიდვის მცდელობებზე. თქვენი აზრით, რამდენად სამართლიან გარემოში ჩატარდა წლევანდელი არჩევნები (ვგულისხმობ წინასაარჩევნო გარემოსაც) და იქონია თუ არა შესაძლო დარღვევებმა სერიოზული გავლენა შედეგზე?

ზოგადად, არასამართლიანი გარემოა, როდესაც ერთი პარტია ყველაფერს აკონტროლებს ყველა დონეზე. მარტო ერთ მონაცემს რომ შევხედოთ: როცა მთელი შემოწირულობების 90 პროცენტზე მეტს ერთი, მმართველი პარტია იღებს, ეს სრულიად საკმარისია ქვეყანაში არსებული ვითარების აღსაწერად (ცხადია, წინა ხელისუფლების დროსაც ანალოგიური მაჩვენებელი იყო ამ საკითხში, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა). ტიპურ და ტრადიციულ ვითარებად რჩება ისიც, რომ ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულებს ავტომატურად საკუთარ ამომრჩევლებად და აქტივისტებად მიიჩნევს. ეს ყველაფერი ჩვენი პოლიტიკური სისტემის მყარ ნიშნებად იქცა. ამ ფონზე ხელისუფლებას არ დასჭირვებია აშკარა გაყალბება ან სხვა თვალშისაცემი დარღვევები. არჩევნებზე მისული ხალხის გამოცხადებულ ნებას ოფიციალური შედეგები ძირითადად სწორად ასახავს, ყოველ შემთხვევაში, საპირისპიროს თქმის კონკრეტული საფუძველი არა მაქვს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზოგადად თანაბარი და სამართლიანი გარემო გვაქვს.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” უარი განაცხადა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, თუმცა იტოვებს საკრებულოს მანდატებს. მიიჩნევთ თუ არა აღნიშნულ ქმედებას შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას პარტიის მიერ? ან თუ დათანხმდებოდა, რას მოუტანდა მას ეს თანხმობა?

ეს, ჩემი აზრით, არასწორი და არათანმიმდევრული პოზიციაა. ის ასახავს სტრატეგიულ გაურკვევლობას, რაშიც ეს პარტია ჩავარდნილია. ერთი მხრივ, პარტიის ლიდერების და მომხრეების რიტორიკაში იკვეთება აზრი, რომ არჩევნების გზით ამ ხელისუფლებას ვერაფერს დააკლებ, მეორე მხრივ, არჩევნებში მაინც მონაწილეობენ. რაც ბუნებრივია, საარჩევნო პროცესის სრული ბოიკოტი არსებულ პირობებში პარტიის მარგინალიზაციას გამოიწვევს. მაგრამ თუ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მაშინ ბოლომდე უნდა იბრძოლონ, ეს მათი მოვალეობაა საკუთარი მომხრეების წინაშე. 21 ოქტომბერს არაფერი მომხდარა, რაც წინასწარ არ ვიცოდით. ასეთი ორჭოფობა და რევოლუციურ რიტორიკასთან შეთამაშება გვაგონებს 2007-2009 წლის ოპოზიციის ქმედებებს, რამაც ამ უკანასკნელს კარგი არაფერი მოუტანა.

საინტერესოა არჩევნების შედეგი თბილისში. იმის მიუხედავად, რომ პარტიებისა და სპეციალისტების დიდი ნაწილი ელოდა მეორე ტურს, პირველივე ტურში გაიმარჯვა მმართველი პარტიის კანდიდატმა, 50%-ზე მეტი შედეგით. თუ ელოდით აღნიშნულ შედეგს და როგორ ხსნით მას?

თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტურს ველოდი, მაგრამ ამ საკითხშიც ერთი პროცენტით შევცდი, ასე რომ, არც აქ მომხდარა რაიმე გასაკვირი: მეორე ტურთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ცოტა დაგვაკლდა. მთავარია, რომ როცა თვით მეორე ტურის ფაქტი გახდება საოცნებო, ეს უკვე ერთგვარი დიაგნოზია.

თბილისის მერის არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა ალეკო ელისაშვილმა, 18%-ით. როგორ ხედავთ მის, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის, მომავალს და დგას თუ არა პარტიის შექმნის აუცილებლობა ამომრჩეველთა წრის შესანარჩუნებლად და გასაფართოებლად? აქვე საინტერესოა, რა სახის ცვლილებები შეიძლება ვიხილოთ ქართულ პოლიტიკაში, როცა მეორე ძალა დედაქალაქში დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატია?(ყოველ შემთხვევაში, ამჟამინდელი მოცემულობით).

ელისაშვილი და მისი მომხრეები თავს იწონებდნენ თავისი უპარტიო სტატუსით, რამაც ამ არჩევნებზე ნაწილობრივ იმუშავა. მაგრამ ცალკე აღებულ მერის არჩევნებზე მეორე ადგილი თავისთავად ბევრს არაფერს ნიშნავს. ქვეყანაში მეორე ძალად მაინც ნაციონალური მოძრაობა რჩება. თუ ელისაშვილს პოლიტიკაში დარჩენა უნდა, ამის გზა მხოლოდ პარტიის შექმნაა. მაგრამ პარტიების, როგორც ასეთის, მოძულე ხალხის ბაზაზე რამდენად შეიძლება ქმედუნარიანი პარტიის შექმნა, სათუოა. ამის გარეშე კი ელისაშვილი ქართულ პოლიტიკაში ერთჯერად გაელვებად დარჩება, რომელსაც მალე დაივიწყებენ. ზოგადად, უპარტიო კანდიდატის თუნდაც დროებითი წარმატება სისტემის კრიზისის ნიშანია: ესე იგი, ხალხს პოლიტიკური ელიტის არ სჯერა. ასეთი ვითარება ამ ეტაპზე უფრო სტატუსკვოს მომხრეს, მმართველ პარტიას აძლევს ხელს.

საინტერესოა, რომ მმართველმა პარტიამ ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა 2012 წლის შემდეგ. ეს პირდაპირი მანიშნებელია იმისა, რომ “ქართული ოცნებისა” და მისი საქმიანობის პოპულარობა მოსახლეობაში იზრდება?

ეს წინსვლა, რამდენადაც ვიცი, პროცენტულ მაჩვენებელში აისახება და არა აბსოლუტურში. რაც საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ქართული ოცნების პოპულარობა კი არ გაიზარდა, ოპოზიციის მომხრეები არიან უფრო ნირწამხდრები და ბედს შეგუებულნი.
თუმცა ისიცაა, რომ ბოლო წელს ხელისუფლებას არ ჰქონია ისეთი თვალსაჩინო წარუმატებლობები, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას გაზრდიდა. მაგალითად, ლარის კურსის ვარდნა შეჩერდა (როგორც ჩანს, მხოლოდ არჩევნების დღემდე), ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა ძირითადად სტაბილურია. ანუ მკვეთრი გამღიზიანებლები მოსახლეობას არ ჰქონია. ხალხი კმაყოფილი არაა, მაგრამ არც მაინცდამაინც გაბრაზებული.  

გასულ არჩევნებთან შედარებით,“პატრიოტთა ალიანსმა” მზარდი შედეგი აჩვენა. რას ნიშნავს ეს? როგორ ფიქრობთ, რა ტიპის ამომრჩევლის ხმების მეშვეობით გაიზარდა პარტიის რეიტინგი 1%-ზე მეტით? მიანიშნებს თუ არა ეს ჩრდილოელი მეზობლის მიმართ მზარდ ლოიალურ განწყობებს?

არა მგონია, ერთი პროცენტი ბევრ ლაპარაკად ღირდეს. მაგრამ ამ გაერთიანებამ თავისი პოლიტიკური ნიშა დაიკავა და მას აქტიურად იცავს, მისი კონკურენტები კი (როგორიცაა, მაგალითად, ნინო ბურჯანაძის პარტია) ნაკლებად ჩანან. ასე რომ, მისი პოზიციის მცირე გამყარება გასაგებია. რაიმე უფრო ზოგად ტენდენციებზე ერთპროცენტიანი ცვლილებიდან გამომდინარე ვერ ვილაპარაკებთ.

საერთო ჯამში, თუ ხედავთ რაიმე მნიშვნელოვანს, რაც ერთი მხრივ, პოლიტიკოსებმა, მეორე მხრივ კი, საზოგადოებამ წლევანდელი არჩვენებისაგან უნდა ისწავლოს?

პრინციპულად ახალი არაფერი, გარდა იმისა, რომ პოლიტიკაში მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა და სისტემურობა. დღეს სახელისუფლებო პარტიის პოზიციები მყარი ჩანს, მაგრამ, როგორც საკუთარი ისტორიიდან ვიცით, ვითარება შეიძლება უცებ და მოულოდნელად შეიცვალოს და ამ მომენტისთვის პოლიტიკური ძალები, ისევე როგორც საზოგადოება, მზად უნდა იყვნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი