იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმის ირგვლივ არსებულ კითხვებს გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.
” როგორ აღმოჩნდა აზერბაიჯანის მოქალაქე ბაქოში – არის კითხვა. ამ კითხვაზე პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ. სად გადაკვეთა მან რეალურად საზღვარი – ამ კითხვაზე პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ, თუ არ ჩავთვლით პასუხს, რომელიც აზერბაიჯანის პროკურატურამ უკვე გასცა და დაასახელა საზღვრის კონკრეტული ადგილი, რაც მას უნდა გადაეკვეთა,” – ამბობს წულუკიანი.
მისი თქმით, გამორიცხულია, რომ საქართველოს რომელიმე სამართალდამცველი ყოფილიყო ამ პროცესში ჩართული:
“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ამ საქმის სწრაფი გამოძიება არის ჩვენი სახელმწიფოს პრესტიჟის საქმე. ასევე ჩვენი სახელმწიფოს პრესტიჟის საქმეა, რომ არ ვაყენებდეთ დარტყმებს, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ეს არგუმენტი არის უსაფუძვლო და პირდაპირ აკნინებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ამიტომაც, ჩემი თხოვნა იქნება, თავი შევიკავოთ ჩვენი სამართალდამცავი უწყებების უსაფუძვლო დისკრედიტაციის მცდელობებისგან და დაველოდოთ გამოძიებას”
თეა წულუკიანის თქმით, გამოძიებამ პასუხი უდნა გასცეს კითხვებს – ვინ უბიძგა აფგან მუხთარლის, წასულიყო საზღვრისკენ, იყო თუ არა ეს ბიძგი მოტაცების ფორმით, ხომ არ ჰქონდა ადგილი გატყუებას. თუ იყო მოტაცება, ვის მიერ იქნა ეს ჩადენილი, იცნობდა თუ არა თავად მსხვერპლი მათ და ა.შ.
აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს.
აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.
აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი, “აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ჰადიჯა ისმაილი ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, იმის ალბათობა, რომ საქართველოს საზღვრის რომელიმე წერტილი ადამიანმა მესაზღვრის ნებართვის გარეშე გადაკვეთოს, დაბალია, მაგრამ არსებობს. ამის შესახებ მინისტრმა დღეს, 1 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.