ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის პროკურატურა: მუხთარლიმ თავად გადმოკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი

31 მაისი, 2017 • 4078
აზერბაიჯანის პროკურატურა: მუხთარლიმ თავად გადმოკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა თბილისიდან ბაქოში გატაცებული და ნაცემი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებაზე გაცხადებას ავრცელებს.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, “აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია. დაკავების დროს მუხთარლიმ საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია, ჩხრეკის დროს მას დიდი ოდენობის ფული აღმოაჩნდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს, მობილური კი გამორთული აქვს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი აცხდებენ, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ.

აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია თბილისში დღეს, 31 მაისს გაიმართა.

აზერბაიჯანულ სახელმწიფო მედიაგამოცემებში ბოლო რამდენიმე კვირაა ქვეყნდება ვრცელი სტატიები იმის შესახებ, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ოპოზიციონერები “მიწისქვეშეთიდან” აზერბაიჯანში რევოლუციას ამზადებენ. სტატიებში ჩამოთვლილ პირთა შორის არის აფგან მუხთარლიც. კიდევ ერთი პირი, აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი, პარტია “სახალხო ფრონტის” თავმჯდომარის მოადგილე გიოზალ ბაირამოვა 26 მაისს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარის გადაკვეთის დროს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ფულის უკანონო გადატანის ბრალდებით დააკავეს. დაშგინ აღალარლის, ასევე, აზერბაიჯანელ ოპოზიციონერს, რომელიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს, საქართველოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის დატოვება მოუწევს. საქართველოს დატოება აიძულეს ასევე აზერბაიჯანელ ჟურნალისტ გუნელ მევლუდსა და მის ქმარს, რომლებიც ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით საცხოვრებლად ევროპის ქვეყანაში გაემგზავრნენ.

სხვადასხვა ბრალდებით იმ აზერბაიჯანელი მოქალაქეების დაკავება, რომლებიც აზერბაიჯანში არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ აზრს გამოთქვამენ, აზერბაიჯანში ბოლო წლების ტენდენციაა. კრიტიკული აზრის გამო ქვეყანაში იდევნებიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ბლოგერები, სამოქალაქო აქტივისტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი