ახალი ამბები

შსს: საქართველოს საზღვრის მესაზღვრის ნებართვის გარეშე გადაკვეთის ალბათობა არსებობს

1 ივნისი, 2017 • 4780
შსს: საქართველოს საზღვრის მესაზღვრის ნებართვის გარეშე გადაკვეთის ალბათობა არსებობს

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, იმის ალბათობა, რომ საქართველოს საზღვრის რომელიმე წერტილი ადამიანმა მესაზღვრის ნებართვის გარეშე გადაკვეთოს, დაბალია, მაგრამ არსებობს. ამის შესახებ მინისტრმა დღეს, 1 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ინფორმაციის გავრცელებისთანავე დავიწყეთ გამოძიება. გამოძიების ფარგლებში კომუნიკაცია შედგა აზერბაიჯანულ მხარესთან, შესაბამისი უწყებებისგან მივიღეთ ოფიციალური ინფორმაცია, რომ მათი მოქალაქე დააკავეს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს მხრიდან სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის გადატანის გამო.

საზოგადოებას გვინდა ვამცნოთ, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საზღვრის კონტროლს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს გამშვები პუნქტების გარდა ტერიტორიების, ე.წ. მწვანე ზოლის სასაზღვრო პოლიციის მორიგე ჯგუფების მიერ კონტროლს. ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი შეიძლება ადამიანმა მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს, დაბალია, მაგრამ არსებობს. აზერბაიჯანელი კოლეგების განცხადებით, აფგან მუხთარლის შემთხვევაში ზუსტად მსგავს ფაქტთან გვაქვს საქმე. ეს არის საქმეში ერთადერთი ოფიციალური და სამართლებრივად გამყარებული გარემოება”, – განაცხადა შს მინისტრმა.

მღებრიშვილის თქმით,  მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აფგან მუხთარლის ჰქონდა საზღვრის გვერდის ავლის წინასწარ შემუშავებული სქემა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა და ის რეგულარულად ახორციელებდა არადეკლარირებული უცხოური ვალუტის კონტრაბანდული გზით შეტანას აზერბაიჯანში.

„ჩვენ ამ ეტაპზე ვერც დავადასტურებთ და ვერ უარვყოფთ ზემოხსენებულ გარემოებებს. ჯერჯერობით გამოძიებით დადგენილი არ არის ამ ვერსიის ავთენტურობა, ასევე ის, ჰქონდა თუ არა წინასწარი ინფორმაცია აზერბაიჯანულ მხარეს და ახორციელებდნენ თუ არა საზღვრის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე გაძლიერებულ კონტროლს,” – განაცხადა მღებრიშვილმა.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს.

აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

საქართველოს სახალხო დამცველმა 30 მაისს ფეისბუკზე შემდეგი განცხადება გააკეთა:

“ან უნდა მოვისმინოთ განმარტება შსს-სგან და სუს-ისგან როგორ მოხვდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან ბაქოში, ან აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. სირცხვილი საქართელოს,” -წერდა უჩა ნანუაშვილი.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი, “აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ჰადიჯა ისმაილი ავრცელებს.

აზერბაიჯანის პროკურატურამ მუხთარლის ბრალდება კონტრაბანდის [206 მუხლი], სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა [318 მუხლი] და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის [315.2 მუხლი] წარუდგინა. აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია თბილისში  31 მაისს გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი