თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, “გირჩის” დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის – “ბიბლიური თავისუფლების” გზით სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების საკითხზე მუშაობს და უახლოეს მომავალში კანონპროექტს წარმოადგენს.
დღეს კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ეს საკითხი დააყენა და სესიაშვილს ჰკითხა, თუ საპასუხოდ რას გეგმავდა:
“ჩვენ ვნახეთ, რომ რაღაც ორგანიზაცია შეიქმნა ჯარში გაწვევის გადასავადებლად და მთელი ამბებია ატეხილი. რამე თუ გაქვთ დაგეგმილი ამასთან დაკავშირებით? ეს სიგიჟე უნდა დავამთავროთ. ასეთი პათოლოგია…” – მიმართა გოგიჩაიშვილმა.
სესიაშვილის აზრით, კონსტიტუციური ვალებულებისაგან თავის ასარიდებლად შექმნილია ხელოვნული ინსტრუმენტი:
“ეს არის ხელოვნურად შექმნილი. ფაქტობრივად, მცდელობა არის, კანონის გარკვეული მუხლი გამოყენებულ იქნას კონსტიტუციური ვალდებულების საწინააღმდეგოდ. ამიტომ გავაკეთე პატარა სამუშაო ჯგუფი, შეხვედრა შედგა. არის რამდენიმე საშუალება, რომ კანონში გაკეთდეს მკაფიო განმარტება. ვმუშაობთ ამ საკითხზე. მე მინდოდა, რომ რამდენიმე ვარიანტი მომემზადებინა და თქვენთვის, დეპუტატებისთვის შემომეთავაზებინა. თუ ვინმეს სურვილი გაქვთ, რომ ჯგუფში ჩაერთოთ, სიამოვნებით,” – აღნიშნა სესიაშვილმა, თუმცა არ განუმარტავს, რომელ კანონში იგეგმება ცვლილებების შეტანა.
“გირჩის” ერთ-ერთი წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, კანონები ერთი კონკრეტული ორგანიზაციის გამო არ იწერება. მისი თქმით, კანონები იმისთვის იწერება, რომ პირთა წრეზე გავრცელდეს და მრავალჯერადი გამოყენება ჰქონდეს. ხვიჩია მიიჩნევს, რომ ეს არის სახელისუფლებო პოლიტიკური ბერკეტების გამოყენება “გირჩის” წინააღმდეგ:
“კანონში იმას ვერ ჩაწერენ, რომ “ბიბლიურ თავისუფლებაზე” არ ვრცელდება სასულიერო პირებისთვის დაწესებული გამონაკლისი. შესაბამისად, გამოდის, რომ რელიგიურ გრძნობებს წაეთამაშებიან. ანუ სხვა რელიგიურ ორგანიზაციებსაც უნდა შეახონ ეს პაკეტი, ეს ძალიან სახიფათო გზაა. სახიფათოა, როცა სახელმწიფო რელიგიური ორგანიზაციის არსის განმარტებას იწყებს. როცა ამბობს, რომელია ნამდვილი რელიგია და რომელი არა,”- აღნიშნავს ხვიჩია.
იაგო ხვიჩიას განმარტებით, ასეთი საქმე სტრასბურგის სასამართლომ განიხილა მოლდოვის წინააღმდეგ, სადაც სასამართლომ თქვა, რომ რელიგიური მოძღვრების განმარტება და იმის კვლევა, თუ რომელი რელიგიაა ჭეშმარიტი, სახელმწიფოს კომპეტენცია არ არის:
“არ ვიცი, რა ცვლილებებს აპირებენ, მაგრამ ფაქტია, რომ მისი განცხადება სამართლებრივად გაუმართავია. არასწორია იმის თქმა, რომ გირჩის წინააღმდეგ იღებ კანონს. ეს საკითხი უკვე მარტო გირჩს არ ეხება, ასევე ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებმაც ბიბლიური თავისუფლებისგან მიიღეს დახმარება.”
“გირჩის” წევრებმა დაარეგისტრირეს რელიგიური ორგანიზაცია “საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება”, რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში. იმის გამო, რომ ახალგაზრდებს არ სურთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში წასვლა, ისინი იძულებული არიან, უმაღლეს სასწავლებელში საგნები დაიტოვონ, ან რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციას შეაფარონ თავი – აქამდე ახალგაზრდები ძირითადად მართლმადიდებელ ეკლესიაში მიდიოდნენ, ხოლო ახლა უკვე შეუძლიათ “გირჩის” წევრების მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციასაც შეუერთდნენ.