# 9 სასჯელაღსრულების დაწესებულება 24.02.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

გირჩის რელიგიური ორგანიზაცია ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს

“გირჩის” წევრებმა დაარეგისტრირეს რელიგიური ორგანიზაცია “საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება”, რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში. იმის გამო, რომ ახალგაზრდებს არ სურთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში წასვლა, ისინი იძულებული არიან, უმაღლეს სასწავლებელში საგნები დაიტოვონ, ან რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციას შეაფარონ თავი –  აქამდე ახალგაზრდები ძირითადად მართლმადიდებელ ეკლესიაში მიდიოდნენ, ხოლო ახლა უკვე შეუძლიათ “გირჩის” წევრების მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციასაც შეუერთდნენ.

რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლება” ამის დამადასტურებელ მოწმობასაც გასცემს, რომელიც საკმარისია სავალდებულო სამსახურის გადასავადებლად. აღნიშნულ ცნობას “გირჩის” წევრები – მთავარი მღვდელმსახური ნიკა ობოლაძე და ორი ეპისკოპოსი –არჩილ ხაჩიძე და ლევან ჯგერენაია აწერენ ხელს.

როგორც “გირჩში” აცხადებენ, აღნიშნული რელიგიური ორგანიზაციის წევრობა ნიშნავს თავისუფლების მნიშვნელოვან ღირებულებად აღიარებას, რაც არც ერთ სხვა რელიგიურ კონფესიასთან არ მოდის წინააღმდეგობაში; მათი პრინციპული პოზიციაა, რომ დაეხმარონ მხოლოდ თანამოაზრეებს და არა ჰომოფობებს ან ფაშისტებს.

ჩვენ დავუკავშირდით რეგიონალურ განვითარების სამინისტროში მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის უფროსს, გოჩა ხარშილაძეს, რომელიც ამბობს, რომ ეს საკითხი შესწავლის საგანია. მისი თქმით, თვითმმართველობები სწავლობენ “ბიბლიური თავისუფლების” საკითხს და ისინი გაგვცემენ მოგვიანებით ამაზე პასუხს.

სამგორის რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილებაში განგვიცხადეს, რომ ერთი თვის წინ იძულებული გახდნენ, ერთ–ერთი ახალგაზრდისთვის გადაევადებინათ სამხედრო სავალდებულო სამსახური სწორედ იმის გამო, რომ “გირჩის” მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციაში იყო გაწევრიანებული.

ახალგაზრდებს გადავადება შეუძლიათ ნახევარი წლით. შესაბამისად, თუ ნახევარი წლის შემდეგ ის კვლავ განაგრძობს “მღვდელმსახურებას”, კომისარიატი ვალდებული იქნება, კვლავ დათანხმდეს გადავადებას. სამგორის რაიონის სამხედრო განყოფილებაში გვითხრეს, რომ თუ კანონი არ შეიცვლება, მათ ახალგაზრდების გაწვევის არანაირი ბერკეტი ექნებათ.

“გირჩის” წევრისა და მათი რელიგიური ორგანიზაციის “მთავარი მღვდელმსახურის”, ნიკა ობოლაძის თქმით, საქართველოში არის უამრავი კანონი, რომელიც ფუნდამენტურად ზღუდავს ადამიანის უფლებებს, მაგრამ კანონში ასევე არსებობს შესაძლებლობები, დაიცვან ადამიანის უფლებები: “მათ შორის, ჩვენ ვნახეთ ეს შესაძლებლობა და ვიყენებთ.”

ნიკა ობოლაძე, გირჩის წევრი

ნიკა ობოლაძე, გირჩის წევრი

კითხვაზე, თუ სახელმწიფო შეიტანს კანონში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც კომისარიატებს კვლავ შეეძლებათ ახალგაზრდების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა, მიუხედავად “გირჩის” რელიგიური ორგანიზაციის წევრობისა, ნიკა ობოლაძე გვპასუხობს:

“თუ მოხდება დისკრიმინაციულად დაყოფა და რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის წევრებს არ წაიყვანენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში და რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის წევრებს წაიყვანენ, ეს იქნება დისკრიმინაციული მიდგომა და გაუმართლებელი სახელმწიფოს მხრიდან. თუ სახელმწიფო მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომ ყველა მღვდელმსახური წაიყვანოს ჯარში, ამ შემთხვევაში მან უნდა აღასრულოს პირნათლად ის კანონი, რომელსაც მიიღებს; ყველა კონფენსიის, ყველა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი უნდა წაიყვანოს ჯარში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ ვეთანხმებით და შემდეგ უკვე ვეცდებით, რომ მოვიფიქროთ ახალი ხერხი ბრძოლის, თუმცა ჯერ ამაზე საუბარი ადრეა”.

დაფუძნების დღიდან პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი” სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას ითხოვს, თუმცა სახელმწიფო ამაზე ცალსახად უარს ამბობს. თავდაცვის ამჟამინდელმა მინისტრმა ლევან იზორიამ მისი წინამორბედის, თინა ხიდაშელის მიერ გაუქმებული სავალდებულო სამხედრო სამსახური კვლავ აღადგინა, ხოლო მმართველი გუნდის ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი წვევამდელებს “იაფ ხელს” უწოდებს და განმარტავს, რომ ეს არის სახელმწიფოსთვის გარკვეული რესურსების ეკონომია.

“გირჩის” წევრების მიერ 16 მარტს დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციაზე, რომელიც ახალგაზრდებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებაში ეხმარება, ინფორმაცია თავდაპირველად on.ge-მ გაავრცელა.

ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.