ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სერგეი მინასიანი: აზერბაიჯანი ეუთოს ერევნის ოფისის საქმიანობას ბლოკავს

8 მაისი, 2017 • 3369
სერგეი მინასიანი: აზერბაიჯანი ეუთოს ერევნის ოფისის საქმიანობას ბლოკავს

სომხეთში კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სერგეი მინასიანი ნეტგაზეთთან ეუთოს [OSCE] ერევნის ოფისის დახურვის საკითხის შესახებ საუბრობს.

“პრობლემა ნათელია. აზერბაიჯანის მიერ ეუთოს ერევნის ოფისის სამომავლო საქმიანობის დაბლოკვის შედეგად, ფაქტიურად, ვიღებთ სიტუაციას, როდესაც ეუთომ სამხრეთ კავკასიაში უკანასკნელი ოფისი დაკარგა. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეუთოს თბილისის ოფისის საქმიანობა რუსეთმა დაბლოკა. ერევნის ოფისი რეგიონში ერთადერთი იყო”.

კითხვაზე, ამჯერადაც ხომ არ შედიოდა ეუთოს ერევნის ოფისის დახურვა რუსეთის ინტერესებში, მინასიანი ფიქრობს, რომ რუსეთის ინტერესებში ამჯერად ეს არ შედის, რადგანაც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა, გარდა ამისა, გასათვალისწინებელია რუსეთ-სომხეთის მჭიდრო ურთიერთობები.

“სავარაუდოდ, აზერბაიჯანის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მსგავს ქმედებას მისი შიდა აუდიტორიისთვის პროპაგანდისტული მნიშვნელობა ექნება, რადგან ეუთოს ყველა ქვეყანა სომხურ პოზიციას იცავდა. სწორედ ამიტომ, აზერბაიჯანი ყველა წევრის წინაააღმდეგ წავიდა და ვეტო დაადო.

ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპულ სივრცეში ეუთო ერთადერთი ორგანიზაციაა უსაფრთხოებისა და კონფლიქტების დარეგულირების საკითხში  და სწორედ მინსკის ეუთოს ჯგუფის ფარგლებში  მიმდინარეობს ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე მოლაპარაკებები, ამ ნაბიჯით აზერბაიჯანი აზარალებს მინსკის ჯგუფის ფორმატსაც”.

მინასიანი ფიქრობს, რომ არ არის გამორიცხული, ახალი ფორმატები ჩამოყალიბდეს, რომელიც ყველა იმ პროექტის რეალიზაციას მოახდენს, რომელსაც ეუთო ახორციელებდა რეგიონში.

“უკვე გაცხადებულია, რომ ეუთოს ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელი, კერძოდ, აშშ და სხვა წევრები შეეცდებიან სომხეთთან თანამშრომლობისთვის სხვა ფორმატი მოძებნონ, რომელიც მოიცავს იმ სფეროებს, რაც ერევანში ხორციელდება”.

სერგეი მინასიანი; ფოტო: სერგეი მინასიანი ფეისბუკის გვერდიდან

სერგეი მინასიანი; ფოტო: სერგეი მინასიანი ფეისბუკის გვერდიდან

ეუთოს ოფისის დახურვა ერევანში უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი