ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

OSCE ერევნის ოფისს დახურავს

5 მაისი, 2017 • 3899
OSCE ერევნის ოფისს დახურავს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ქრისტენ მუტონენი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან ვიგენინი მწუხარებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ ერევანში ეუთოს ოფისის მანდატის გაგრძელებაზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. ეუთოს ოფისის დახურვა ერევანში უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი.

“სამწუხაროდ, ხანგრძლივი ძალისხმევის მიუხედავად, მუდმივმა საბჭომ ვერ მიაღწია ეუთოს ერევნის ოფისის მანდატის გაგრძელების შესახებ შეთანხმებასა და ოფისის მნიშვნელოვანი საქმის გაგრძელების უზრუნველყოფას”, – განაცხადა მუტონენმა.

კრისტიან ვიგენინის განმარტებით კი, ეუთოს საპარლამენტო ასამბელა კვლავაც აქტიურად იქნება რეგიონში:

“ბოლო წლებში საქართველოსა და აზერბაიჯანში ეუთოს ოფისების დახურვის გათვალისწინებით, ერევნის ოფისს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ვიმედოვნებ, მისიის მანდატის ამოწურვამდე შესაძლებელი იქნება კომპრომისის მიღწევა, რათა ქვეყანას ჰქონდეს საშუალება, ეუთოს ოფისის მხარდაჭერით ისარგებლოს”.

აღნიშნულ ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა სომხური მხარე და აზერბაიჯანის მხრიდან ორგანიზაციაზე გავლენის შესახებ ისაუბრა – “აზერბაიჯანი მისიას ხელს უშლის, რეგიონში სრულფასოვანი საქმიანობა აწარმოოს”.

“აზერბაიჯანმა ეუთოს ბაქოს ოფისის დახურვის შემდეგ, ფაქტიურად, ერევნის წარმომადგენლობის დახურვასაც მიაღწია და ამით ორგანიზაციას სამხრეთ კავკასიაში სრულფასოვანი მისიის შესრულებაში ხელი შეუშალა, რაც უარყოფითად იმოქმედებს არა მხოლოდ ეუთოს საქმიანობაზე ჩვენს რეგიონში, არამედ მთლიანად ორგანიზაციასა და მის სტრუქტურებზე. აზერბაიჯანი როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკაში ყოველდღიურ რეჟიმში არღვევს ეუთოს პრინციპებს და ორგანიზაციის წინაშე აღებულ ვალდებულებებს”, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ტიგრან ბალაიანმა.

ეუთოს მისია ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში პერიოდულ მონიტორინგს ახორციელებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი