ქალების ანაზღაურება კაცების ანაზღაურებაზე მესამედით ნაკლებია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემით, ქალის საშუალო ხელფასი კაცის ხელფასის მხოლოდ 64%-ს შეადგენს. ქალის საშუალო ხელფასი კაცის ხელფასთან შედარებით 35.6%-ით ნაკლებია.

ანაზღაურებებს შორის უთანასწორობას მკვლევრები გენდერულ ფაქტორს უკავშირებენ და იმით ხსნიან, რომ დამსაქმებლები ქალს არ მიიჩნევენ სრულფასოვან სამუშაო ძალად, ამიტომაც ვერ ახერხებენ დაწინაურებასა და ანაზღაურების გაუმჯობესებას.

მემარცხენე ფემინისტური მოძრაობის “ქალთა მზერა” წარმომადგენელი გვანცა ხონელიძე ამბობს, რომ საქართველოში ქალების შრომის პირობების შესახებ მწირი ინფორმაცია მოიპოვება, თუმცა, ზოგადი სურათის მიხედვით, ქალებს საქართველოში, ისევე, როგორც ევროპაში, არასტაბილურ და არარეგულარულ მუშახელად მიიჩნევენ – დამსაქმებელი მათ არ აწინაურებენ და ისინი დიდი ხნის გამავლობაში ქვედა რგოლების მუშაკებად ფიქსირდებიან.

გენდერის მკვლევარი ნუკრი ტაბიძეც მიიჩნევს, რომ ქალისა და კაცის ხელფასებს შორის განსხვავებას ძირითადად ის გარემოება ქმნის, რომ ქალები დასაქმებული არიან ქვედა საფეხურის სამსახურებში, როდესაც კაცები უფრო ზედა, მმართველ თანამდებობებზე საქმდებიან. შესაბამისად, საშუალო ხელფასებს შორის ჩნდება განსხვავება.

ნუკრი ტაბიძის დაკვირვების მიხედვით, ქალების პროფესიებად მიჩნეული პოზიციები (მასწავლებელი, ოფიციანტი) უფრო დაბალანაზღაურებადია, ვიდრე კაცებთან ტრადიციულად ასოცირებული პროფესიები. ამის გარდა, ტრადიციულად, ქალებს საზოგადოება უფრო მეტად საოჯახო სივრცეში მოიაზრებს, ვიდრე ანაზღაურებად სამსახურში.

ხდება თუ არა ისე, რომ ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებული კაცების ანაზღაურება მეტია ქალების ანაზღაურებაზე?

ამ კითხვაზე გვანცა ხონელიძე პასუხობს, რომ ეს საკითხი არაა გამოკვლეული და განზოგადება რთულია. თუმცა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ამბობს, რომ ასეთი შემთხვევები უფრო ხშირად კერძო სექტორში ხდება, რადგან სახელმწიფო სექტორი უფრო მეტადაა რეგულირებული.

“მქონია გამოცდილება კერძო სექტორში დასაქმებულ ქალებთან და არა მხოლოდ მათთან. მინახავს, როგორი სექსისტური დამოკიდებულებებია, რომ  არის 10, 15 თუნდაც 20 -ლარიანი სხვაობები იმიტომ, რომ ეს ქალია. რადგან ქალია, არასანდო და არაკვალიფიციურ მუშახელად თვლის დამსაქმებელი. კაცი უფრო სანდო, სტაბილური და პასუხისმგებლიანია”, – ამბობს გვანცა ხონელიძე.

ნუკრი ტაბიძის თქმით, იქ, სადაც ფიქსირებული ხელფასებია, რთულია სხვადასხვა ანაზღაურების დაწესება ერთსა და იმავე პოზიციაზე მყოფი მუშაკებისთვის, მაგრამ კერძო სექტორში ეს შესაძლებელია მოხდეს.

ნუკრი ტაბიძეს ქვემო ქართლში მომხდარი ერთი მაგალითი ახსენდება, სადაც კარტოფილის მოთხრაზე განკუთვნილი ანაზღაურება მიუღებელი აღმოჩნდა კაცებისთვის მაშინ, როცა ამ ფასად ქალები ამუშავეს. ტაბიძე ამბობს, რომ დაბალი ანაზღაურება განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრებ ქალებს აქვთ.

“საშუალო განათლების კაცის ანაზღაურება შეესაბამება უმაღლესდამთავრებული ქალის ანაზღაურებას. ისეც არაა, თქვა, რომ ქალმა არ ისწავლა საკმარისი და იმიტომ მუშაობს კონსულტანტად,” – ამბობს ტაბიძე.

გვანცა ხონელიძე იხსენებს ერთ-ერთ ფაქტს, როდესაც მაღაზიების ქსელ “ნუგეშში” დასაქმებული გოგონა, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობდა, თავისი შრომისმოყვარეობის ხარჯზე დაწინაურდა და უფრო მაღალ თანამდებობაზე გადაინაცვლა, მაგრამ ერთ დღესაც დააქვეითეს იმ მიზეზით, რომ ფინანსური მენეჯერი იძაბებოდა მასთან ურთიერთობით.

ანგარიშიდან ჩანს, რომ  2015-16 წლებში შრომითი პირობების მონიტორინგის დროს ჯანდაცვის სამინისტროს არ შეუსწავლია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები.

გვანცა ხონელიძე ამბობს, რომ ამ განწყობებს სოციუმი ქმნის, რომლის კვლავწარმოებას დამსაქმებელიც ეწევა. ქალების ნიშა ხშირად მაინც ოჯახია. იგი უნდა გათხოვდეს, გააჩინოს შვილები და ადრე თუ გვიან უნდა ჩამოშორდეს სამსახურეობრივ საქმიანობას. მაგალითად, პრომომუშაკები, ბანკში შემხვედრი მუშახელი და სწრაფი გადახდის აპარატებთან მდგომნი ყოველთვის გოგონები არიან.

“ამ უნარ-ჩვევებს არ სჭირდება დიდი პროფესიული დასწავლა. შესაბამისად, ეს ქალები ვეღარ ახერხებენ, მაღალანაზღაურებად ეტაპებზე გადავიდნენ და ისე დაწინაურდნენ, სადაც მათ 5-10-ჯერ უნდა გაეზარდოთ ხელფასი. ეს კულტურული კლიშეების გავლენაა. რაც უფრო მეტი არასტაბილური, დაბალკვალიფიციური და ადვილად გასაშვები კადრი ეყოლება დამსაქმებელს, მით უფრო მეტად გასცემს დაბალ ხელფასებს”, – ამბობს ხონელიძე.

კიდევ ერთი ტენდენცია, რის შესახებაც ნუკრი ტაბიძე გვესაუბრება, არის ის, რომ საქართველოში ტურიზმისა და სერვისის სფეროს განვითარებასთან ერთად გაჩნდა დაბალანაზღაურებადი სამსახურები (მზარეულის, დამლაგებლის, მიმტანის), რომლებიც ქალებმა დაიკავეს.

შუშის ჭერი, აქცია კანცელარიასთან

შუშის ჭერი, აქცია კანცელარიასთან

ნუკრი ტაბიძე სვანეთსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებთან დაკავშირებით კვლევას აწარმოებს იმის თაობაზე, თუ როგორ აისახა ტურიზმის განვითარება ქალების ყოფაზე. იგი ამბობს, რომ სვანეთისა და ყაზბეგის ეკონომიკა მთლიანად ქალებზე დგას, თუმცა მან ვერ გააუმჯობესა ქალების მდგომარეობა, რადგან მათ კისერზე აწვებიან ოჯახის სხვა წევრები და საკუთარ შემოსავალსაც კი ვერ განკარგავენ.

“ვინც დასაქმებულია, ხშირად ვერ იღებს გადაწყვეტილებას საკუთარ ხელფასთან დაკავშირებით. საოჯახო ბიზნესშიც კი, რაც ტურისტულ ზონებში შემოსავლის ძალიან გავრცელებული ფორმაა, ძირითადად კაცზეა გაფორმებული ბიზნესი. მაშინ, როცა ქალი აკეთებს ყველაფერს… გადაწყვეტილების მიმღებად კაცი ითვლება”, – ამბობს ნუკრი ტაბიძე.

ნუკრი ამბობს, რომ ქალები მეტსაც მუშაობენ, მეტსაც გამოიმუშავებენ, მეტად აქვთ სამსახურები, მაგრამ არ აქვთ დასვენების დრო. ბიზნესის გარდა მათი მისახედია საოჯახო საქმეც, მოხუცისა და ბავშვის მოვლა და სახლის დალაგება.

ნუკრიმ კვლევისას აღმოაჩინა, რომ კაცები ქალებს ძირითადად არ ეხმარებიან, რადგან კულტურულად და სოციალურად ეს მათთვის მიუღებელია. აი, რას ამბობს ის:

“ქალები იმდენად მიჩვეული არიან, რომ უნდა იყვნენ ამტანები, თბილები, მომსახურების სფეროში ბევრად უფრო ადვილად ადაპტირდებიან, ვიდრე კაცები, რომლებიც მიჩვეული არიან, რომ მუშტი უნდა აბრახუნონ მაგიდაზე. როგორ წარმოგიდგენიათ, მთაში გაზრდილმა კაცმა ვიღაცას ყავა მიუტანოს გაღიმებულმა. მაშინ, როცა ქალი ამას სულ აკეთებს. შესაბამისად, მოთხოვნა ქალებზე მეტია, თვითონ ინდუსტრიის სპეციფიკიდან გამომდინარე”.

გვანცა ხონელიძე ამბობს, რომ ძალიან რთულია დამსაქმებლების წინააღმდეგ სასამართლო დავა ორი მიზეზით:

  • დროში იწელება, შეიძლება სამი წელწადიც გაგრძელდეს
  • დაბალანაზღაურებად მშრომელ ქალებს არ აქვთ საკმარისი თანხები სარჩელის ფასისა და ადვოკატის მომსახურებისთვის

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com