ახალი ამბები

მშენებლობაზე დაღუპული მუშის ოჯახმა ₾40,000+ კომპენსაცია მიიღო – სსც

6 ივლისი, 2022 • 978
მშენებლობაზე დაღუპული მუშის ოჯახმა ₾40,000+ კომპენსაცია მიიღო – სსც

2019 წლის მარტში ორთაჭალაში მშენებლობაზე დაღუპული ერთ-ერთი დასაქმებულის, ვეფხია ხუჭუას ოჯახმა სამშენებლო კომპანიისგან კომპენსაცია მიიღო.

ინფორმაციას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ავრცელებს, რომელიც დაღუპულის მეუღლის, ნინო მჭედლიძის ინტერესებს იცავდა.

ორგანიზაციის ცნობით, 2022 წლის 23 მაისს გაფორმდა მორიგების აქტი სამშენებლო კომპანია „ემ ჯი ალიანსს“, შრომის უსაფრთხოების სფეროში მომუშავე კომპანია „ეიჩ ეს ი სერვის გრუპსა“ და მშენებლობაზე გარდაცვლილის ოჯახს შორის.

მორიგების ფარგლებში, მოპასუხე კომპანიებს დაეკისრათ:

  • მოსარჩელეებისთვის ოჯახის წევრის გარდაცვალებით გამოწვეული მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 40 000 ლარის გადახდა;
  • გარდაცვლილის შვილისთვის, მცირეწლოვანი ბავშვისათვის 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა;
  • გარდაცვლილის მეუღლისთვის შრომის უსაფრთხოების სპეციალიზებული კურსის გავლის დაფინანსება…

ვეფხია ხუჭუა ერთ-ერთი იყო იმ სამი დასაქმებულიდან, რომლებიც 2019 წლის 16 მარტს თბილისში, ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძის (ყოფილი ნარიმანოვის) #12-ში მშენებარე კორპუსიდან ჩამოცვივდნენ და დაიღუპნენ.

დასაქმებულები, შალვა ფუტკარაძე, ნოდარ ჩაკვეტაძე და ვეფხია ხუჭუა, მშენებარე კორპუსის გარე ფასადზე, დაახლოებით მე-11 სართულთან, ე.წ. სამშენებლო კალათზე (ე.წ. „ლულკაზე“) იდგნენ.

შალვა ფუტკარაძე ადგილზე გარდაიცვალა. რამდენიმე საათში საავადმყოფოში დაასრულა სიცოცხლე 53 წლის ნოდარ ჩაკვეტაძემ. ვეფხია ხუჭუა, რომელიც მძიმე დაზიანებებით იწვა საავადმყოფოში და მართვით სუნთქვაზე ჰყავდათ, ერთ კვირაში, 22 მარტს გარდაიცვალა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა იყო. სასამართლო დავა ხუჭუას ოჯახმა დაიწყო.

კერძოდ, მისმა ოჯახმა (მეუღლე, დედა და არასრუწლოვანი შვილი) შპს „ემ.ჯი. ალიანსის“ და შპს „ეიჩ ეს ი სერვის გრუპისგან“ სოლიდარულად მოითხოვა მორალური ზიანისა და სარჩოს ანაზღაურება.

სასამართლო დავის პარალელურად მიმდინარეობდა გამოძიება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით, რის ფარგლებშიც 2 პირს წარუდგინეს ბრალდება, სასამართლომ კი მათ 2020 წელს 7-7 ათასი ლარის ოდენობით გირაო დააკისრა. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, საქართველოში, სამშენებლო სექტორში ყველაზე მეტი მშრომელი იღუპება.

2011-2021 წლების მონაცემებით, ქვეყანაში სამუშაო ადგილზე დაშავდა 1767 და დაიღუპა 514 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი