ახალი ამბები

“საქართველოში პირველად, ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად აღიარეს” – WISG

31 მარტი, 2021 • 1328
“საქართველოში პირველად, ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად აღიარეს” – WISG

“2021 წლის 25 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ტრანსი ქალის, ლ. მ-ს მოთხოვნა და მისი გენდერის მარკერი „მამრობითი“ „მდედრობითით“ შეიცვალა”, – აღნიშნულ ინფორმაციას ორგანიზაცია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” ავრცელებს.

“განმცხადებელმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 25 დეკემბერს მიმართა და წარადგინდა ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან, რითაც დასტურდებოდა მისთვის სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაციის ჩატარების ფაქტი. განმცხადებელზე უკვე გაიცა დაბადების განმეორებითი მოწმობა შესწორებული მონაცემებით.

აღნიშნული საქმე სახელმწიფოს მხრიდან ტრანსი ქალის/კაცის გენდერის სამართლებრივად აღიარების პირველი პრეცედენტია. ამ დრომდე არ არსებობს გენდერის სამართლებრივი აღიარების საკანონმდებლო და ადმინისტრაციული მექანიზმი. ეს ფაქტი მხოლოდ ილუსტრაციაა ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკის, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


2019 წლის მარტში ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა (WISG) საქართველოს მთავრობის დაკვირვებებზე პასუხი წარადგინეს ორი ქართველი ტრანსი მამაკაცის საქმეზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების უარს მათ ოფიციალურ დოკუმენტებში გენდერის მარკერის შეცვლის თაობაზე სტრასბურგში ასაჩივრებენ. განმცხადებლებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2017 წელს მიმართეს.

ორივე აპლიკანტის მოთხოვნა, რომ მათი გენდერის მარკერის ცვლილება ასახულიყო ოფიციალურ დოკუმენტებში, მათი მამრობით გენდერთან იდენტიფიცირების შესაბამისად, უარყოფილ იქნა საქართველოს ხელისუფლების მიერ. გადაწყვეტილება კი დასაბუთდა იმით, რომ გენდერის მარკერის ცვლილებისთვის აუცილებელი პირობა სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაცია იყო. მხოლოდ ამის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი ოფიციალურ დოკუმენტებში ცვლილების ასახვა.

სტრასბურგის სასამართლოს საქმეზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი