“ყველაფერი გამარჯვებულს” – მანდატების განაწილება ევროპასა და საქართველოში

საპარლამენტო არჩევნებზე ხმა, შესაძლოა, რომელიმე ოპოზიციურ პარტიას მისცეთ, თუმცა, თუ ის ბარიერს ვერ გადალახავს, ყველა გაუნაწილებელ მანდატს პირველადგილოსანი პოლიტიკური გაერთიანება წაიღებს. შესაბამისად, თუ არჩევნებში პირობითად სახელისუფლო პარტია გაიმარჯვებს, გამოვა, რომ თქვენი ხმა, რომელიც გეგონათ, რომ ოპოზიციას მიეცით, მმართველი გუნდის სასარგებლოდ წავა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული პროექტით, საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული კომპონენტი უქმდება, არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული, ე.წ. დახურული სიების წესით, 5%-იანი ბარიერი ნარჩუნდება და საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობაც ქრება.

რას ნიშნავს პროპორციული საარჩეევნო სისტემა? - დამაკლიკე
პროპორციული საარჩევნო სისტემის დროს არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ პარტიები. არჩევნები ტარდება მაჟორიტარი კანდიდატების გარეშე და ამომრჩეველი ხმას მხოლოდ პარტიის მიერ შეთავაზებულ სიას აძლევს. კანდიდატთა სია შეიძლება იყოს ღია ან დახურული. სია ღიაა, როდესაც ამომრჩეველს მისთვის სასურველი პარტიული კანდიდატების შერჩევა თვითონ შეუძლია ბიულეტენზე, ხოლო დახურულია, როდესაც ამის საშუალება არ აქვს და პარტიის მიერ შემოთავაზებულ კანდიდატებს აძლევს ხმას. საქართველოში არჩევნები დახურული სიებით ტარდება.

დღეს არსებული მაჟორიტარულისა და პროპორციულის კომბინირებული სისტემიდან მხოლოდ პროპორციულზე გადასვლას ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორი მიესალმებიან, თუმცა ძალაში რჩება კრიტიკის უმთავრესი ობიექტი: მანდატების მიღებული ხმების პროპორციულად გადანაწილების საკითხი. არასამთავრობოებისა და ოპოზიციის აზრით, იმას, რომ პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში მის სასარგებლოდ დაფიქსირებული ხმების მაქსიმალურად პროპორციული მანდატების რაოდენობა მიიღოს, ვერც ეს სისტემა უზრუნველყოფს, რადგან არსებობს თეორიული ალბათობა, რომ 5%-იანი საარჩევნო ბარიერისა და ბლოკების აკრძალვის პირობებში, სისტემამ საკმაოდ ბევრი ხმა “გააფუჭოს” და შემდეგ გადაუნაწლილებელი მანდატების სახით მხოლოდ ერთს, პირველადგილოსან პარტიას მიაკუთვნოს.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შესაძლოა, ხმა მისცეთ B პარტიას, რომელიც 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, შესაბამისად, პარლამენტში ვერ შევა, თქვენმა მეგობარმა, შესაძლოა, C პარტიას მისცეს ხმა, რომელიც ასევე ვერ მიიღებს ხმების 5%-ს. თქვენი ხმები სისტემაში დაიკარგა. ასეთი დაკარგული ხმების საფუძველზე არსებულ მანდატებს კი მხოლოდ ერთი გამარჯვებული A პარტია მიიღებს ნაცვლად იმისა, რომ ისინი პარლამენტში შესულ E, F, G და სხვა პარტიებზე მიღებული ხმების პროპორციულად გადანაწილდეს.

რაც უფრო მაღალი იქნება საარჩევნო ბარიერი, მით უფრო მეტია შანსი, რომ ბევრმა პარტიამ ვერ გადალახოს ის და, შესაბამისად, უფრო მეტი ხმა დაიკარგოს. 2016 წლის არჩევნებზე ცალკე აღებულმა ვერც რესპუბლიკურმა პარტიამ და ვერც თავისუფალმა დემოკრატებმა (რომლებიც ერთ იდეოლოგიურ პლატფორმაზე იდგნენ) 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, თუმცა, ისინი რომ გაერთიანებულიყვნენ და არჩევნებში ერთად მიეღოთ მონაწილეობა, დღეს პარლამენტში ფრაქციაც ექნებოდათ. ის, რომ ეს ორი პარტია საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკის სახით არ გავიდა, არაერთმა ანალიტიკოსმა შეაფასა შეცდომად. თუმცა, თუ საარჩევნო ბლოკები კანონით აიკრძალება, ეს დისკუსიაც დასრულდება, რადგან მათ გაერთიანების შანსი აღარ ექნებათ. უბლოკო არჩევნები ასევე უწყობს ხელს ხმების გაბნევას.

არგუმენტები ორივე მხარეს აქვს: ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც – ერთ მხარე აპელირებს იმაზე, რომ ოცნების მიერ შემოთავაზებული ფორმულით, უბლოკო არჩევნები მრავალპარტიულობის კუთხით შექმნის პრობლემებს, რადგან პატარა პარტიებს განსაკუთრებით დაარტყამს, მმართველი გუნდი კი ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკურ სიტუაციას სტაბილურს გახდის და პარტიებს პირიქით, განვითარებასა და გაძლიერებაში დაეხმარება.

2016 წელს საპარლამენტო არჩევნები მაჟორიტარულისა და პროპორციული წესების კომბინირებული სისტემით ჩატარდა, ანუ 77 მანდატი პროპორციული წესით დაკომპლექტდა, ხოლო 73 – მაჟორიტარულით. 

ამ სისტემით “ქართულმა ოცნებამ”, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით პროპორციული წესით ხმების საერთო რაოდენობის 48.68% (856 638 ხმა) მიიღო, პარლამენტში, ჯამში, მანდატების 76%-ს დაეუფლა, ანუ საკანონმდებლო ორგანოში 115 დეპუტატი შეიყვანა, ენმ-მ თავისი 27.11%-ით (477 053 ხმა) მხოლოდ 18%-იანი საკანონმდებლო წარმომადგენლობა, ანუ 27 მანდატი მიიღო, ხოლო პატრიოტთა ალიანსმა ხმების 5.01%-ით (88 097 ხმა) საკანონმდებლო ორგანოში 6 წევრი შეიყვანა.

რა მოხდებოდა, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები იმ სისტემით რომ ჩატარებულიყო, რომელსაც საზოგადოებას “ქართული ოცნება” ახლა სთავაზობს? – ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას, ანუ 113 მანდატს ვერ მიიღებდა, თუმცა მიღებული ხმების 48%-ით მაინც 68%-იან საკანონმდებლო წარმომადგენლობას (ანუ +20%-ს) უზრუნველყოფდა, რაც 103 მანდატს ნიშნავს.

ჩნდება შეკითხვა, რომელსაც არასამთავრობოებიც და ოპოზიციური პარტიებიც სვამენ: რატომ უნდა მიიღოს პირველადგილოსანმა პარტიამ ყველა გაუნაწილებელი მანდატი, როდესაც არსებობს შანსი, რომ მანდატები პარლამენტში შესულ ყველა ძალაზე მიღებული ხმების შესაბამისად პროპორციულად გადანაწილდეს?

ვიქტორ დონდტი

ვიქტორ დონდტი (1841 – 1901))

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო კომისიაში დააყენეს “ოცნების” ფორმულის ალტერნატივა, რომელიც ბელგიელი მეცნიერის, ვიქტორ დონდტის მიერ შემუშავებულ საარჩევნო მეთოდს ეფუძნება. ზოგადად, პროპორციულ საარჩევნო სისტემებში მანდატების განაწილებისთვის რამდენიმე მეთოდს იყენებენ. არსებობს ისეთი მეთოდი, რომელიც შედარებით უფრო მცირეპროცენტიანი პარტიებისთვისაა ხელსაყრელი საარჩევნო თვალსაზრისით, დონდტი პირიქით, პროპორციულად ანგარიშობს, თუმცა დეტალებში მაინც უფრო იმ პარტიებს ეხმარება, რომლებიც არჩევნებში ყველაზე მეტ ხმებს იღებენ, რაც უმრავლესობის ფორმირებას აადვილებს. სწორედ ამ მეთოდით ირჩევენ ევროპარლამენტის წევრებს ევროკავშირის წევრ 17 ქვეყანაში და ამ ფორმულას იყენებს თვითონ ევროპარლამენტიც სხვადასხვა თანამდებობაზე განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფის წარმომაგდნლების შესარჩევად. ზოგადად, ამ მეთოდით მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ანაწილებენ საარჩევნო მანდატებს. საკონსტიტუციო კომისიაში არასამთავრობო სექტორმა მანდატების დონდტის მეთოდით გადანაწილება და ბარიერის 3%-მდე დაწევა მოითხოვა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ამ თამაშის წესებით რომ ჩატარებულიყო, პარლამენტში სამის ნაცვლად 7 პარტია შევიდოდა და მთავრობის დაკომპლექტების უფლება მაინც გამარჯვებულს, ანუ “ქართულ ოცნებას” დარჩებოდა 77 მანდატით:

“ქართული ოცნების” პოზიციაა, რომ პლურალიზმთან ერთად საარჩევნო სისტემამ პოლიტიკური პროცესის სტაბილურობაც უნდა უზრუნველყოს. უფრო სწორად, საჭიროა ბალანსის მონახვა პლუარლიზმს (ანუ მრავალპარტიულობას) და სტაბილურობას შორის. ამის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში. “ქართული ოცნება” გამარჯვებული პარტიის მიერ ჩამოყალიბებულ მყიფე უმრავლესობაში პოლიტიკური პროცესის სტაბილურობისათვის საფრთხეს ხედავს.

აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო სექტორმა საკონსტიტუციო კომისიაში მმართველ გუნდს ალტერნატივის სახით მეორე წინადადებაც შესთავაზა: 3%-იანი ბარიერი და სტაბილური, მყარი უმრავლესობისთვის გამარჯვებულს გადაუნაწილებელი მანდატების შევსების უფლება მაქსიმუმ 80-მდე (მის მიერ მიღებული ხმების ხარჯზე მოპოვებული მანდატების ჩათვლით). ამ მოდელით, გამარჯვებული პარტიის მიერ მანდატების 80-მდე შევსების შემდეგ თუ კიდევ დარჩებოდა გადაუნაწილებელი მანდატები, მას სხვა საპარლამენტო პარტიები გაიყოფდნენ პროპორციულად.

საკონსტიტუციო კომისიაში, რომელიც ბოლო დღეებში ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა, ეს შეთავაზებაც ჩავარდა და დარჩა ჩანაწერი, რომელიც გამარჯვებულ პარტიას გადაუნაწილებელი მანდატების სახით ბონუსის მიღების შესაძლებლობას უტოვებს ისე, რომ რაიმე სახის წინასწარი დათქმა ანუ ლიმიტი, მაქსიმუმ რამდენი მანდატის მოპოვების უფლება აქვს ამ გზით, გაწერილი არ არის.

არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი: მანდატების განაწილება დონდტის მეთოდით, თუმცა 5%-იან ბარიერზე. ამ ფორმულით 2016 წლის არჩევნებზე ოცნება 91 მანდატს მიიღებდა, ნაცვლად 103-ისა, რის შესაძლებლობასაც მმართველი გუნდის საკონსტიტუციო პროექტი ითვალისწინებს.

მართალია, “ქართული ოცნება” არც 5%-იან ბარიერს + დონდტის მეთოდს იღებს, თუმცა საკუთარი არგუმენტების დასაცავად სწორედ ამ მოდელით ითვლის. მმართველს გუნდს რომ დონდტის მეთოდი + 5%-იანი ბარიერი მიეღო, 91 მანდატი ისედაც ეკუთვნოდა. 91-დან 103 მანდატამდე ბონუსი 12 საპარლამენტო ადგილია. “ქართული ოცნების” პოზიციაა, რომ სწორედ ასეთი ბონუსი სჭირდება გამარჯვებულს მყარი უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად.

“გამარჯვებულს ექნება პატარა ბონუსი… როდესაც საარჩევნო სისტემას ვაყალიბებთ: ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ: პლურალიზმი და ამ თვალსაზრისით ეს სისტემა უხარვეზოა, მეორე ეს არის სტაბილურობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. საპარლამენტო რესპუბლიკას დადებითთან ერთად უარყოფითი მხარეებიც აქვს: ხშირი სამთავრობო კრიზისები. როდესაც პროპორციული სისტემა მუშაობს, ეს რისკები კიდევ უფრო იზრდება. სხვა სახელმწიფოებმა ეს უკვე გაიარეს. მაგალითად, იტალიაში, როდესაც ეს სისტემა მუშაობდა, ბოლო 60 წლის განმავლობაში 60-ჯერ შეიცვალა მთავრობა. ჩვენ არა სამთავრობო კრიზისები, არამედ სტაბილურობა გვჭირდება”, – ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კახიანის არგუმენტები, რომლებიც რუსთავი 2-ის ეთერში წარმოადგინა მანდატების “ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული წესის გადანაწილების დასაცავად.

იტალიამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მართლაც ბევრი რთული პერიოდი გაიარა სამთავრობო კრიზისების თვალსაზრისით. ქვეყანაში პროპორციული სისტემებიც მოსინჯეს და მაჟორიტარული/პროპორციულის მიქსებიც. 2005 წელს ქვეყანაში დამკვიდრდაა უმრავლესობის ულიმიტო ბონუსი. უმრავლესობის ეს ბონუსი 2014 წლის დასაწყისში იტალიის საკონსტიტუციო კომისიამ გააუქმა და ქვეყანაში მანდატების გადანაწილების ახალი წესი დამკვიდრდა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პარტია ბონუსს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ მას ხმას არჩევნების მონაწილე ელექტორატის მინიმუმ 40% დაუჭერდა მხარს. მსგავსი ლიმიტი “ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებულ ვარიანტში არ დევს, ანუ საქართველოში გადაუნაწილებელი მანდატები გამარჯვებულმა პარტიამ იმ შემთხვევაშიც კი შეიძლება მიიღოს, თუ ის, მაგალითად, 25%-ს მიიღებს და მეორეადგილოსანს 1 პროცენტით აჯობებს.

თუ იტალიაში ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებდა 40%-ს, არჩევნების მეორე ტური ტარდებოდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს დათქმაც გააუქმა, ანუ პარტია ბონუსს მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის 40%-ს გადალახავს არჩევნებში, სხვა შემთხვევაში მეორე ტური აღარ ჩატარდება.

საარჩევნო ბარიერი იტალიაში 3%-ია.

შეგვიძლია მოვიყვანოთ საბერძნეთის მაგალითიც, სადაც საარჩევნო ბარიერი ასევე 3%-ს შეადგენს. გამარჯვებული პარტიისთვის ბონუსებს საბერძნეთის საარჩევნო კოდექსიც ითვალისწინებს, თუმცა იქ, საქართველოსაგან განსხვავებით, ბონუსების რაოდენობა განსაზღვრულია – 50 მანდატი. მაგალითად, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში ის შედეგი რომ დადგეს, რაც IRI-ის ბოლო კვლევით იკვეთება პარტიების რეიტინგის კუთხით, ხმების დაახლოებით 42%  ანუ 62 მანდატი დაიკარგება.

Screen Shot 2017-04-28 at 1.17.40 PM

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com