შარლ მიშელის დოკუმენტმა, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საარჩევნო პრობლემების მოგვარებას უნდა დაუდოს საფუძველი. შეთავაზებული რეფორმის ტექსტს მიღმა რამდენიმე საკითხია, რაც დაზუსტებას საჭიროებს. ძირითადი კითხვა ასეთია: ვინ დაითვლის ამომრჩეველთა ხმებს მომავალ არჩევნებში?
წლებია, რაც ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიუთითებენ რიგ საკითხებზე, რაც არჩევნების ჩატარების ხარისხს განსაზღვრავს. „ნეტგაზეთი“ ამ სტატიაში რამდენიმე ძირითად პრობლემაზე შეჩერდება.
ძირითადი პრობლემები – მოკლედ
საქართველოში არსებული შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემა წლებია, კრიტიკის ობიექტია, ძირითადად იმ არგუმენტით, რომ არსებულ რეალობაში მაჟორიტარული მანდატების აბსოლუტური უმრავლესობის დაუფლებას მმართველი პარტიები ახერხებენ და არჩევნებში მიღებულ პროცენტთან შეუსაბამოდ მაღალი წარმომადგენლობა აქვთ პარლამენტში.
2020 წლის არჩევნებში, ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციის ხანგრძლივი პროცესის შედეგად, პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების თანაფარდობა 77/73-დან 120/30-მდე შეიცვალა, რაც დადებითად შეაფასეს დამკვირვებლებმა, თუმცა, არასაკმარისად.
[ამ საკითხზე გირჩევთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან: ყველა ოცნების წინააღმდეგ — პროპორციული სისტემისთვის]
შემდეგი ნაბიჯი, თითქმის საყოველთაო პოზიციით, სრულად პროპორციული სისტემა უნდა იყოს — რაც მთავარია, დაბალი ბარიერით, რათა უზრუნველყოფილ იქნას ამომრჩევლის არჩევანის შესაბამისად, პარტიების მრავალფეროვანი წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში.
ყოველი საარჩევნო ციკლისათვის დამახასიათებელი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან ერთად, კიდევ ერთ მოუგვარებელ საკითხად ამომრჩევლის ნების კონტროლი რჩება: პარტიების, განსაკუთრებით კი, მმართველი პარტიის კოორდინატორების მობილიზება საარჩევნო უბნების სიახლოვეს. მაგალითად, ISFED-ის ბოლო ანგარიში 2020 წლის არჩევნების შესახებ ამბობს, რომ „პარტიული კოორდინატორების გარდა, საარჩევნო უბნების მიმდებარედ საეჭვო პირთა ჯგუფების შეკრება დამატებით რისკს უქმნიდა თავისუფალ საარჩევნო გარემოს“.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ახალი საკითხიც წამოსწია წინ: არჩევნების შედეგების გადამოწმების რეალური მექანიზმის საჭიროება. ეს საკითხი, — თუკი რომელიმე შემაჯამებელი ოქმი სადავო გახდება, — ტრადიციულად, ზემდგომი საარჩევნო კომისიისა, შემდეგ კი სასამართლოს გადასაწყვეტია, თუმცა ამ ინსტიტუტების დაბალი ნდობის პირობებში, ის გამოსავლად არ მიიღება, საარჩევნო სისტემის ცვლილება კი გრძელვადიან პერსპექტივად რჩება [თუმცა სასამართლო რეფორმაცაა მიშელის დოკუმენტში გათვალისწინებული].
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად კი საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების საკითხი რჩება ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დონეებზე. არაერთი დამკვირვებლის თანახმად, მმართველი პარტია ახერხებდა, არასამართლიანად ბევრი წევრი ჰყოლოდა კომისიებში, რაც მეტ ბერკეტს აძლევდა საბოლოო შედეგზე გავლენის მოსახდენად [ბოლო არჩევნებისთვის ოპოზიციიდან კომისიის წევრები ჰყავდათ მხოლოდ ენმ-ს, „ევროპულ საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“].
რას ცვლის შარლ მიშელის დოკუმენტი?
სხვა საკითხებთან ერთად, სწორედ ამ პრობლემების დიდი ნაწილის გადაჭრის გზებზე მიუთითებს ევროპული საბჭოს თავმჯდომარის, შარლ მიშელის დოკუმენტი.
ეს დოკუმენტი, სახელწოდებით „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, 6-კვირიანი მედიაციის შემდეგ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზად დაისახა. 5-პუნქტიანი დოკუმენტის მე-2 პუქნტის დასახელებაა „ამბიციური საარჩევნო რეფორმა“ და ითვალისწინებს, რომ:
- მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული [ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ამ თემაზე გირჩევთ: რას ნიშნავს ვადამდელის საკითხის სხვა არჩევნების შედეგებზე მიბმა]
- შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი იქნება ბუნებრივიდან 2%-მდე;
„ნეტგაზეთის“ კალკულაციით, პარლამენტარების მანდატების მქონე, სულ მცირე, 113 დეპუტატი ამ დოკუმენტს ხელს (მო)აწერს. შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც სრულად პროპორციული სისტემის შემოღებას სჭირდება, თეორიულად უკვე შესაძლებელია.
არჩევნების შედეგების ვალიდაციასთან დაკავშირებით შარლ მიშელის დოკუმენტი ასეთ ჩანაწერს ითვალისწინებს: „უნდა განისაზღვროს მკაფიო კრიტერიუმები ბიულეტენების გადასათვლელად. ქვეყნის მასშტაბით უბნების 10%-ის ავტომატური გადათვლის წესი ძალაში რჩება“.
ამასთან, მიშელის დოკუმენტით, ცესკოს უფლებამოსილების ქვეშ შეიქმნება მიზნობრივი ჯგუფი, რომელშიც შევლენ სახალხო დამცველის ოფისისა და მოწვეული, „სანდო, მიუკერძოებელი არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ,სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები“, დავების განხილვის პროცესისითვის და ცესკოსთვის დროული რეკომენდაციების წარსადგენად. ამასთან, რჩება შესაძლებელია, რომ ამ ჯგუფს მიენიჭოს დამატებითი ფუნქციები, როგორიცაა გადათვლის პროცესში ჩართვა.
პერიმეტრი საარჩევნო უბანთან
უშუალოდ ამომრჩევლის ნების კონტროლზე და ამ საკითხის გამოსწორებაზე შარლ მიშელის დოკუმენტი არაფერს ამბობს, თუმცა უთითებს, რომ პარტიებმა მიიღონ 2 მარტს ინიცირებული საკანონმდებლო პროექტი [რომელიც ამ მიმართულებით ცვლილებას ითვალისწინებს] შესწორებებით.
აღნიშნული პაკეტი, თავის მხრივ, ეფუძნება „ქართულ ოცნებასა“ და ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებულ მემორანდუმს. მას სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებით აკრიტიკებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ 2 მარტის დოკუმენტი, მართალია, ითვალისწინებს საარჩევნო უბნიდან 100-მეტრიან რადიუსში გარკვეულ აკრძალვებს, თუმცა მთავარი საკითხი დასაზუსტებელი რჩება:
„პროექტში წერია, რომ 100-მეტრიან პერიმეტზე არ შეიძლება შეფერხება, ჯგუფური შეკრება და პირთა აღრიცხვა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა დაემატოს ჩანაწერი არაუფლებამოსილ პირთა ყოფნასთან დაკავშირებით — არ უნდა შეიძლებოდეს 100-მეტრიან პერიმეტრზე არაუფლებამოსილი პირების [გარდა მედიისა, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და პარტიების წარმომადგენლების] ყოფნა“.
[არასამთავრობოები და ექსპერტები ხშირად მიუთითებენ კოორდინატორების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საარჩევნოდ და მათთან დაკავშირებულ პრობლემაზე; არაერთხელ გვინახავს ფოტო-ვიდეომასალაც სხვადასხვა არჩევნებიდან, თუ როგორ აკონტროლებდნენ კოორდინატორები ამომრჩევლის საარჩევნო უბანზე მისვლას სპეციალური სიების მიხედვით; არასამთავრობო ორგანიზაციები 2020 წლის არჩევნების მიმდინარეობისასაც აცხადებენ, რომ საარჩევნო უბნების მიმდებარედ შეინიშნებოდნენ სიებით მობილიზებული კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ. ეს პრობლემა წლებია, საარჩევნო პროცესს თან სდევს და ქმნის ამომრჩევლის ნების კონტროლის რისკებს. 31 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო უბნებთან მყოფი მმართველი პარტიის კოორდინატორები კანონს არ არღვევდნენ და მათ მოუწოდა, მუშაობა გაეგრძელებინათ].
[გირჩევთ „ბათუმელების“ არქივიდან: კოორდინატორების არმია – ფორმულა, რითაც „ოცნება“ გამარჯვებას ცდილობს]
ვინ დაითვლის ხმებს?
ერთ-ერთი მთავარი საკითხი საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებას ეხება. ამჟამად არსებული წესით, სხვადასხვა იერარქიის საარჩევნო კომისიებში 12 წევრია, რომელთაც თანაბარი ხმის უფლება აქვთ სადავო საკითხის განხილვისას.
ამასთან, შემადგენლობის ნახევარს, ანუ 6 წევრს, პოლიტიკური პარტიები ნიშნავენ, მეორე ნახევარი კი პროფესიული ნიშნით ინიშნება. თუმცა ოპოზიციური პარტიები მიუთითებენ, რომ პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრები, რეალურად, „ქართული ოცნების“ ინტერესებს ატარებენ.
შარლ მიშელის დოკუმენტი ამ ნაწილში, როგორც აღვნიშნეთ, ეყრდნობა 2 მარტს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს და მასში შემდეგ დამატებებს ან შესწორებებს ითვალისწინებს:
- ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს ხმების 2/3-ით;
- ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი;
- ცენტრალური საარჩევნო კომისია დაკომპლექტდება 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრით;
- პროფესიული წევრები აირჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ით;
- საოლქო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება და პროფესიული წევრების ასარჩევად საჭირო იქნება ცესკოში ხმების ⅔;
- საუბნო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება, მას შემდეგ, რაც მოხდება საპარლამენტო განხილვა მიზანშეწონილობის შესახებ;
- საუბნო კომისიებში პროფესიული წევრები ინიშნება საოლქო საარჩევნო კომისიების უბრალო უმრავლესობას +1 ხმით;
- საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმებს ხელს მოაწერს მინიმუმ 5 პროფესიული წევრი +1 პოლიტიკური პარტიის წევრი.
ამასთან, დოკუმენტი არ ამბობს, თუ ვინ წარუდგენს ცესკოს წევრებს პარლამენტს კენჭისყრისთვის, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესებაში პრეზიდენტი „მონაწილეობს“.
ამასთან, მემორანდუმი, რასაც 2 მარტის პროექტი ეყრდნობა, ამბობს, რომ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი იმ პირთაგან, რომლებსაც შეარჩევს „პრეზიდენტთან შექმნილი, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან შემდგარი სპეციალური კომისია“.
„დისბალანსი ნარჩუნდება“
ამ საკითხს კვლავ ეჭვის თვალით უყურებენ ოპოზიციური პარტიები. ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა „ნეტგაზეთთან“ საუბარში თქვა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში დისბალანსი ნარჩუნდება:
„ერთი მხრივ, „ქართულმა ოცნებამ“ თითქოს დაიტოვა მხოლოდ ერთი წევრის დანიშვნის უფლება [რადგან პარლამენტში შესული 9 პარტია თითო წევრს დანიშნავს], მაშინ, როდესაც დღეს მოქმედი პრინციპით 3 წევრი ჰყავდა. მაგრამ იქვე დათქმაა, რომ ის პარტია, რომელიც პარლამენტში მოხვდა არჩევნების შედეგად, მაგრამ მანდატს არ ახორციელებს და ბოიკოტირების რეჟიმში დარჩება, არ ეყოლება კომისიის წევრი. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც მანამდე იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში, ან შესაძლოა ასე გააგრძელონ პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, არ ეყოლებათ კომისიის წევრი. ეს, ბუნებრივია, უსამართლოა, რადგან საარჩევნო კომისიაში ადგილის მოპოვება უკავშირდება არა საპარლამენტო საქმიანობას, არამედ მიღებულ ხმებს“.
აღსანიშნავია, 2 მარტის კანონპროექტით, პარტიებს მხოლოდ წარმომადგენლების დანიშნვა შეეძლებათ, რომელთაც მხოლოდ სათათბირო ხმის უფლება ექნებათ და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ხმის მიცემით გავლენას ვერ მოახდენენ.
ამასთან, ლევან ბეჟაშვილის თანახმად, 9 პარტიული წევრის (8 ოპოზიციონერისა და ერთი „ოცნების“ წარმომადგენლის) „დაბალანსება ხდება 8 პროფესიული ნიშნით დანიშნული ფსევდოდამოუკიდებელი წევრით, როცა დღეს არის 6 ასეთი წევრი“:
„დღეს 13 წევრისგან შედგება ხოლმე კომისიები და იქაც კი ეს რაოდენობა აბსოლუტურად ზედმეტია, ზედმეტი ხარჯია და ფუნქციურადაც არაა საჭიროება. მაგრამ „ოცნებას“ სჭირდება ამ „პროფესიონალების“ გაზრდა, რათა ჰყავდეს თავისი უმრავლესობა. ანუ 8 „პროფესიული“ ნიშნით + 1 პარტიული მანდატით“, – გვეუბნება ლევან ბეჟაშვილი.
ბეჟაშვილი ასევე მიუთითებს, რომ „პროფესიული წევრების შერჩევის და დანიშვნის პრაქტიკულად იგივე წესია შემოთავაზებული, რაც დღეს მოქმედებს, ჩვენ კი დღეს ვხედავთ, ასეთი „არასამთავრობო ორგანიზაციების“ მიერ პრეზიდენტისთვის შეთავაზებული წევრები არიან დღესაც ცესკოში და თამარ ჟვანია სწორედ ასეთი ფსევდოპროსამთავრობო ორგანიზაციების მიერ არის ნომინირებული [2018 წელს])“.
დამატებითი რეკომენდაციები
„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, შარლ მიშელის დოკუმნეტის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციები დაკომპლექტდება თუ არა იმგვარად, რომ უზრუნველყოს ოპოზიციის გარანტირებული ჩართულობა, საიას წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე ასე გვპასუხობს:
„ის წესი, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტში არის მოცემული, ოპოზიციის გარანტირებულ ჩართულობას უზრუნვეყლოფს და ის, პრინციპში, მისაღებია. თუმცა, ვფიქრობ, ეს მაინც არის მოკლევადიანი გამოსავალი, რადგან გრძელვადიანი და თუნდაც საშუალოვადიანი თვალსაზრისით, ჩვენ ამხელა, ამ მოცულობის საარჩევნო ადმინისტრაცია არ გვჭირდება“, – ამბობს იგი.
ვახუშტი მენაბდის თანახმად, საია-ს ამ თვალსაზრისით რამდენიმე რეკომენდაცია აქვს:
- წევრების სრული პროფესიონალიზაცია, — რათა საარჩევნო კომისიის ყველა წევრი პროფესიული ნიშნით და პარტიის წევრები აღარ ინიშნებობდნენ კომისიებში;
- მათი რიცხვი შემცირდეს — 7-8 ადამიანი „სრულიად საკმარისია“;
- პროფესიული წევრები უნდა დაინიშნონ კონსენსუსით.
ამასთან, ვახუშტი მენაბდის აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციები არ უნდა მონაწილეობდნენ ამ სახით პროცესში, რადგან ცესკოს წევრების შერჩევა არის „სახელისუფლებო ფუნქცია და არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აქვთ ამის ლეგიტიმაცია, არასამთავორობო ორგანიზაცია საკონსტიტუციო ორგანოს დაკომპლექტებაში მონაწილეობას არ უნდა იღებდეს“. მისი თქმითვე, NGO-ები პროცესის მონიტორინგს უნდა ახორციელებდნენ და ამავე პროცესში მათი მონაწილეობა შესაძლო ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს.
ანტიჩიხური მექანიზმი
ვახუშტი მენაბდის თანახმადვე, შარლ მიშელის დოკუმენტში ცესკოს წევრების კონსენსუსით დანიშვნის ასპექტი, პრაქტიკულად, გათვალისწინებულია — წევრების დასანიშნად პარლამენტართა ხმების ⅔-ზე მითითება დე ფაქტო კონსენსუსი გამოდის.
ძირითადი სიახლე შარლ მიშელის დოკუმენტში არის სწორედ პარლამენტის ⅔-ის, ანუ 100 დეპუტატის მხარდაჭერაზე ხაზგასმა, რაც იმას ნიშნავს, რომ წევრები მხოლო მმართველი გუნდის ხმებით ვერ შეირჩევიან, რადგან უმრავლესობას პარლამენტში 100 დეპუტატი არ ჰყავს.
თუმცა აღსანიშნავია, რომ იქვე გათვალისწინებულია ანტიჩიხური, ანუ ცესკოს თავმჯდომარის ან/და პროფესიული წევრების არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმი შემდეგი ფორმით:
- პირველ ორ მცდელობას პარლამენტის სრული შემადგენლობის ⅔, ანუ 100 ხმა დასჭირდება;
- „ქართულ ოცნებას“ ამჟამად პარლამენტში 84 ხმა აქვს [6 ხმა რამდენიმე კვირაა, გიორგი გახარიას გუნდს ეკუთვნის]; „ოცნების“ გარდა,
- მესამე მცდელობას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 დასჭირდება, ანუ 90 ხმა;
- შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა, ანუ მხოლოდ 76 ხმა დასჭირდება;
- [ამასთან, ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არაუადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან. არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ზე ნაკლები) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ექვსი თვით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს].
ვახუშტი მენაბდის თანახმად, ანტიჩიხური მექანიზმი „მცირედ უპირატესობას აძლევს უმრავლესობას, რადგან მან იცის, რომ თუ პირველ ოთხ კენჭისყრაზე საკუთარი კანდიდატი ვერ გაიყვანა, მეხუთეზე მაინც გაიყვანს იმას, ვინც უნდა“, თუმცა:
„ამას არბილებს ის ვერსია, რომ ის ადამიანი, ვისაც აირჩევენ, არის დროებითი, დროებით უკავია თანამდებობა. თანაც, პარალელურად, მთელ ამ პროცესში დავინახავთ, რეალურად ვის შეჰყავს ჩიხში პროცესი, რასაც ელექტორალური თვალსაზრისით ექნება შედეგი“.
„ეს მოდელი გვაჩვენებს, რეალურად რამდენად არის შესაძლებელი, ამ მოდელმა იმუშაოს. თუ ეს მოდელი აღმოჩნდა სიცოცხლისუნარიანი, მაშინ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ სრულად პროფესიონალიზაციაზე და კონსენსუსზე, ბილატერალურ, ორმხრივ მხარდაჭერაზე დაფუძნებულ სისტემებზე“, – ამბობს ვახუშტი მენაბდე.
„ეს უკვე გვინახავს“
„ნაციონალური მოძრაობა“ ამ სიახლეებს კვლავ სკეპტიკურად უყურებს. ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროცედურა მხოლოდ დროში გაწელავს პროცესს:
„არ ყოფილა ასეთი შემთხვევები 2012-16 და 2016-20 წლების პარლამენტში? ხდებოდა კანდიდატურების ჩაგდება ჩამკეტი მექანიზმის მოშველიებით და საბოლოოდ გადიოდა ის, ვინც უმრავლესობას აწყობდა. თუნდაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის დაკომპლექტების პროცეში. და ეს უბრალოდ დროში იქნება გაწელილი. და თუ გაიწელება პროცესი, მოახლოვდება არჩევნები და ვერ მოხერხდება ცესკოში წევრის დანიშვნა, ისევ არსებული ცესკოს შემადგენლობა ჩაატარებს, ჟვანიაც შეიარჩუნებს თანამდებობას და ა.შ.“.
ლევან ბეჟაშვილი სკეპტიკურად უყურებს კეთილსინდისიერი კანდიდატის ჩაგდების შემდეგ „ჩამგდები“ პოლიტიკური ძალის ელექტორალური პასუხისმგებლობის დადგომის რეალისტურობასაც და ამბობს:
„გვინახავს, რომ ჩაუგდიათ ოპოზიციის წარდგენილი კანდიდატები და არანაირი რეაგირება არ მოჰყვება ხოლმე. საზოგადოება იმდენად იღლება ამ პროცესებისგან, ყურადღებასაც არავინ აქცევს“…
„ერთი შეხედვით, ქაღალდზე კარგადაა გაწერილი, ევროპელი ექსპერტებისთვის ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, როგორ ხდება ამ ყველაფრით მანიპულირება და ამის სამწუხარო გამოცდილებაც გვაქვს. ამიტომ არ გვაქვს ნდობა „ოცნების“ მიმართ“, – ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
აქვს აზრი პარლამენტში კამათს?
ჯერჯერობით „ნაციონალურ მოძრაობას“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია. პარტია აცხადებს, რომ ხელს მხოლოდ მას შემდეგ მოაწერენ, რაც პარტიის ლიდერი ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდება.
„ნეტგაზეთმა“ ლევან ბეჟაშვილს ჰკითხა, მელიას შესაძლო გათავისუფლების შემდეგ მიიღებენ თუ არა საპარლამენტო ფორმატში კანონპროექტების განხილვაში მონაწილეობას, რაზეც მან გვიპასუხა:
„ნიკა მელიას გათავისუფლება აუცილებელი პირობაა. შემდეგ მოხდება [პარტიაში] განხილვა, ამ შეთანხმებას მივუერთდებით [და შევალთ პარლამენტში თუ] კვლავ ბოიკოტის რეჟიმი გაგრძელდება. პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა. ახლახან გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის პოზიცია და, ბუნებრივია, ეს იქნება განმსაზღვრელი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, რომ დავუშვათ, თუ მოხდება ჩვენ მიერ ხელმოწერა, ბუნებრივია, უკვე ჩვენ ვეცდებით, რომ ის პოზიციები, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვფიქრობთ, რომ არჩევნების გაყალბების პრევენციას მოახდენს, საკანონმდებლო დონეზე ჩართულობით მივაღწიოთ, ასევე, ევროკავშირის ექსპერტების და ინსტიტუტების უშუალო ჩართულობით“.
„თუ ვნახავთ, რომ ძალა აღმართს ხნავს და მორიგი ტყუილებით ცდილობენ, ისევ თავისი გაიტანონ, სხვა პოლიტიკური მექანიზმები დაგვჭირდება საბრძოლველად“, – ამბობს ბეჟაშვილი.
„ქართული ოცნება“ კი აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის კორექტირებას არ ემხრობიან: „განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ჩვენი მხრიდან პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება და ჩვენ არ დავეთანხმებით რაიმე შინაარსობრივ დამატებას. ჩვენი მხრიდან პირობებზე მოლაპარაკება ამით დასრულებულია და მოვუწოდებთ ოპოზიციას პასუხისმგებლიანი ნაბიჯებისკენ“, – წერია პარტიის მიერ 19 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
ვადები
შარლ მიშელის დოკუმენტი ამბობს, რომ საარჩევნო კანონპროექტის განხილვა სამუშაო ჯგუფში განახლდება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის შემდეგ.
ამასთან, შეთანხმების მიღწევიდან ორი კვირის განმავლობაში შეცვლილი კანონპროექტი, რომელიც ამ შეთანხმებას სრულად ასახავს, უნდა გაიგზავნოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში (OSCE/ODIHR) დასკვნის მისაღებად.
„ყველა საჭირო ცვლილება დროულად უნდა იყოს მიღებული პარლამენტის მიერ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე“, – წერია მიშელის დოკუმენტში.
„თამარ ჟვანია უნდა გადადგეს“
კიდევ ერთი ცენტრალური საკითხი, რაც ოპოზიციური პარტიების მოთხოვნაა, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას უკავშირდება.
თამარ ჟვანია 2013 წლიდან იკავებს ცესკოს თავმჯდომარის პოსტს. მისი გადაყენების მოთხოვნა დღის წესრიგში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დადგა. ეს მოთხოვნა ძალაში რჩება.
აღსანიშნავია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი ამ საკითხზე ინტერპრეტაციის სივრცეს ტოვებს. კერძოდ: დოკუმენტი ცალსახად არაფერს ამბობს მოქმედ თავმჯდომარეზე, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღნიშნავს, რომ „ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს ხმების 2/3-ით“. ეს მაშინ, როდესაც კანონის უზენაესობის/სასამართლო რეფორმის ნაწილში ხაზგასმულია, რომ საუბარია „შემდეგი გენერალური პროკურორების“ დანიშვნაზე.
ვახუშტი მენაბდე გვეუბნება, რომ შესაძლოა, ეს გარემოება ერთგვარი მინიშნება იყოს, — „და შესაძლოა შეთანხმების ნაწილია, — რომ ცესკო გადადგება. თუმცა ეს აბსოლუტურად სპეკულაციური მსჯელობაა“.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ 19 აპრილს განაცხადა, რომ „შეთანხმება საერთოდ არ ითვალისწინებს იმას, რომ გენერალური პროკურორი, ბატონი [ირაკლი] შოთაძე დატოვებს თანამდებობას“, თამარ ჟვანიასთან დაკავშირებით კი განსხვავებული რამ თქვა:
„ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერით ქალბატონი თამარ ჟვანია თავისუფლდება თანამდებობიდან. ასეთი მოთხოვნა მის მიმართ არ იქნება. თანამდებობასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება არის მისი მისაღები“.
ცესკოში ჯერჯერობით თამარ ჟვანიას შესაძლო გადადგომის შესახებ „ნეტგაზეთის“ კითხვაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა განგვიცხადეს, რომ თავმჯდომარე აგრძელებს მოვალეობის შესრულებას.