ახალი ამბები

გაიზრდება თუ არა დაპირებული 2%-იანი ბარიერი 3%-მდე — რა განზრახვა აქვს “ოცნებას”

20 აგვისტო, 2021 • 1921
გაიზრდება თუ არა დაპირებული 2%-იანი ბარიერი 3%-მდე — რა განზრახვა აქვს “ოცნებას”

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად ემზადება, რომლის მიხედვითაც, გენერალური პროკურორის არჩევისა და საპარლამენტო ფრაქციის შექმნის წესის ცვლილებასთან ერთად, საარჩევნო სისტემაც უნდა შეიცვალოს.

თუმცა, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვებისას აღმოჩნდა, შესაძლოა, ცვლილებები თავდაპირველად ინიცირებული ფორმით არ მიიღონ.

ცვლილებების მიხედვით, რომელსაც საფუძვლად 19 აპრილის შეთანხმება უდევს, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნები 2%-იანი ბარიერითა და პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.  ბარიერის 2%-მდე დაწევასთან დაკავშირებით”ქართულ ოცნების” წევრების განცხადებები მათ განზრახვასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როცა მმართველი პარტია ცვლილებების საფუძველს, ანუ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს.

ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, რა მოლოდინები აქვთ  პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვების შემდეგ და დარჩება თუ არა ბარიერის 2%-მდე დაწევაც შეთანხმებიდან გასული “ქართული ოცნების” კეთილი ნების იმედად.

რატომ ორჭოფობს “ოცნება”

ის, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი 5%-დან 2%-მდე უნდა შემცირდეს, საკონსტიტუციო ცვლილებების განმარტებით ბარათშიცაა მოცემული. ამევე ბარათში წერია, რომ “კონსტიტუციური კანონის პროექტი უზრუნველყოფს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ 19 აპრილის შემოთავაზებულ შეთანხმების „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ დებულებების ასახვას საქართველოს კონსტიტუციაში.

თუმცა ეს სულაც არაა იმის გარანტი, რომ ბარიერის არა 2%-მდე, არამედ 3%-მდე შემცირებას ეყაროს კენჭი. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას აღმოჩნდა, რომ “ქართული ოცნებისთვის” 2%-იან და 3%-იან ბარიერს შორის არსებითი განსხვავება არაა, განსხვავებით პატარა პარტიებისგან, რომლებისთვისაც 2%-იანი ბარიერი მნიშვნელოვანია.

საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლო განხილვისას “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა და აღნიშნული ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, შალვა პაპუაშვილმა, საქართველოში ჩატარებული ბოლო 4 საპარლამენტო არჩევნების მაგალითზე განაცხადა, რომ პლურალისტურ პარლამენტს “ფაქტობრივად 3%-იანი ბარიერიც უზრუნველყოფს”.

ამასთან, განხილვისას რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ კონსტიტუციის ეს ცვლილებები 19 აპრილის შეთანხმებას ეფუძნება, რომელიც “ოცნების” მიერ ანულირებულია.

“შესაბამისად, ამ ინიციატივის სავალდებულო დატვირთვაც არის საკმაოდ მორყეული იმიტომ, რომ ის საფუძველი, რაც იყო შეთანხმება, აღარ არსებობს, ანულირებულია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვამბობთ, რომ განვიხილოთ და მივიღოთ ის ცვლილებები, რაც არის საჭირო”, — განაცხადა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისა პაპაუშვილმა და დასძინა, რომ მოლაპარაკებების დროსაც მსჯელობა 2%-სა და 3%-ს შორის იყო.

რას ჩათვლის მმართველი გუნდი “საჭიროდ”, ჯერ უცნობია. ნეტგაზეთს დამატებითი კითხვების დასმა შალვა პაპუაშვილისთვის სურდა, თუმცა ჩვენს შეტყობინებებს არ უპასუხა.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე კი თქვა, რომ არ უნდა შეუშინდნენ იმ საკითხებზე დისკუსიას, რომელთა მიზანშეწონილობასთან დაკავშირებითაც “ორჭოფობა” არის.

“ჩვენ ამას ვამბობთ. ღიად ვიმსჯელოთ, რაც არის კარგი, ის მივიღოთ, რაც არ არის კარგი, იმაზე ვისაუბროთ. ასევე, ჩვენი მიდგომა არის ასეთი, რომ საფუძველი — 19 აპრილის შეთანხმება — ანულირებულია, მიუხედავად ამისა, ჩვენ, როგორც ამ პროექტის თანაინიციატორები, მზად ვართ, ვიმსჯელოთ ცალკეულ დებულებებზე და რასაც აქვს არგუმენტი და არის მიზანშეწონილი, მივიღოთ”, — განაცხადა პაპუაშვილმა.

თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ, აცხადებენ, რომ ბარიერთან დაკავშირებით “ოცნებისთვის” ოპოზიციის არგუმენტები ცნობილია და მოლაპარაკებების შემდეგ მათ პოზიციაში არაფერი შეცვლილა.

ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” ხელმძღვანელი ხათუნა სამნიძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ “ოცნების” განზრახვა არ არის საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებული რედაქციით მიღება. მისი თქმით, ორჭოფობა და კითხვის ნიშნები თავად “ქართული ოცნების” შიგნითაა. როგორც სამნიძე ამბობს, “ოცნება” სხვაზე ხელის გაშვერითა და პასუხისმგებლობის არაღებით ეცდება, რომ პრობლემები ამ საკითხშიც შექმნას.

“ჯერჯერობით ასე ჩანს და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის და საზოგადოების პრინციპულობა იმისთვის, რომ არ დავუშვათ, გადაიხედოს შეთანხმებული ვერსია. სხვადასხვა განცხადება ჟღერდება როგორც 2.5%-ზე, ასევე 3%-ზე. ჩანს, “ქართული ოცნება” ეცდება, რომ არ იყოს 2%-იანი ბარიერი. რა თქმა უნდა, ეს მთავარ პრობლემას ქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა შეთანხმებულია, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობა” ხმის მიცემის პროცესს დაესწრება, ანუ არ არის 113 ხმის პრობლემა, ყოველთვის უნდა გავიხსენოთ “ქართული ოცნების” ქცევა, როდესაც პრობლემურია საკითხი, ვითომ აჯანყებები და განსხვავებული აზრებია. ამიტომ არ უნდა დავუშვათ ის, რომ შეთანხმებულ ვერსიაში, სადაც 2%-იან ბარიერს ოპოზიციიდან ყველა ხმას აძლევს, ამის შეცვლით არ შექმნას “ქართულმა ოცნებამ” ფონი, როდესაც საკუთარი პასუხისმგებლობით კი არა, ოპოზიციაზე ხელის გაშვერით იტყვის, რომ ვერ იქნა ცვლილება მიღებული იმიტომ, რომ ოპოზიციამ ხმა არ მისცა”, — ამბობს ხათუნა სამნიძე.

“ლელოს” წევრი დავით უსუფაშვილიც ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, ცვლილებებისთვის მხარდაჭერა ყველას მხრიდან გულწრფელი იყოს და არა ტაქტიკური. მისი თქმით, ტაქტიკური იქნება, თუ ვინმე, მათ შორის პირველ რიგში, მმართველი პარტია, რაიმე მიზეზებით პროექტის ტექსტის რევიზიას შეეცდება, რასაც შესაძლოა, ოპოზიცია არ დაეთანხმოს და ცვლილებების ჩაგდება ოპოზიციას დაბრალდეს.

“ჩვენ ამ შეთანხმების ბოლომდე მიყვანა უნდა მოვახერხოთ, რათა შევქმნათ საფუძველი შემდგომი ნაბიჯებისთვის. პარადოქსულ ვითარებაში ვართ, ერთი მხრივ, „ნაციონალურმა მოძრაობამ” ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, მაგრამ განაცხადა, რომ ხმას მისცემს. მათი ხმები გვჭირდება ამ ცვლილებების გასატანად, ამიტომ ტექსტთან დაკავშირებით მათი მხარდაჭერა უნდა დავიბრუნოთ. მეორე მხრივ, „ოცნებამ” ინიციატივას მოაწერა ხელი და ახლა თითქოს რაღაც ეჭვები გაუჩნდათ, პუნქტები სწორი არის თუ არ არის, ხომ არ დავხვეწოთ და ა.შ.”, — განაცხადა ჟურნალისტებთან დავით უსუფაშვილმა.

ვისთვის და რატომ არის 2%-იანი ბარიერი მნიშვნელოვანი

მიუხედავად იმისა, ვის რა ტაქტიკა აქვს, თითქმის ყველა პოლიტიკური მხარე თანხმდება, რომ ქვეყანაში არსებული ორპოლუსიანობის დასაძლევად საპარლამენტო ბარიერის დაწევა მნიშვნელოვანია.

მათ შორის “ქართული ოცნებაც” აღიარებს, რომ დღევანდელი გადასახედიდან უახლოეს მომავალში პარტიული სისტემა ვერ იქნება ისეთი ძლიერი, რომ პარტიებმა 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეძლონ.

“ბოლო 4 არჩევნები გვაჩვენებს, რომ 4, 3 და 2 პარტია მერყეობს 5%-იან ბარიერს ზემოთ. ამიტომ, როგორც დროებითი ზომა, შეიძლება კარგი იყოს საარჩევნო ბარიერის დაწევა. ჩვენ ვმსჯელობთ, 1% ჯობია, 2% თუ 3%. პრინციპში, არც იქით მხარეს რომ ზედმეტი სიჭრელე იყოს, ეს 2% და 3%-ს შორის დიდ განსხვავებას არ იძლევა და არც იმ კუთხით, რომ ამით პლურალიზმი გაიზრდება მაინცდამაინც. ანუ 2% და 3% ძალიან მნიშვნელოვანიც არ არის, სუფთა სტატისტიკურად რომ შევხედოთ, შეიძლება 1 პარტია დაემატოს. ძირითადი ნახტომი არის 3%-ს და 5%-ს შორის, როგორც ჩანს”, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამავე დროს, პაპუაშვილი 2%-ს და 3%-ს შორის სხვაობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვითაც განიხილავს და ამბობს: “რომ ყოფილიყო  2%-იანი ბარიერი, 7 პარტია გადალახავდა, ხოლო 3%-იანს- 6 პარტია. ანუ 5%-თან შედარებით 2 პარტიის ნაცვლად 6 გადალახავდა. ხოლო სხვაობა 2%-სა და 3%-ს შორის იყო 1 პარტია — “გირჩი”, რომელსაც 2.9% აქვს და თითქმის გადალახეს იმათაც ბარიერი”.

სწორედ “გირჩია” ერთ-ერთი ის პარტია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ბარიერი ბუნებრივთან მიახლოებული იყოს. “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ნეტგაზეთთან საუბრისას არ გამორიცხავს, რომ “ქართული ოცნება”ეცდება,  2%-იანი ბარიერი მინიმუმ 3%-მდე გახარდოს. მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” არაერთხელ ჰკითხა, რას აპირებდა ბარიერთან დაკავშირებით, თუმცა მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო.

“ყოველ შემთხვევაში ამის გამომრიცხველი[რომ 2%-იან ბარიერს არ გაზრდის] არაფერი არ გაუკეთებიათ, მიუხედავად იმისა, რომ მე ხშირად ვსვამდი ამ შეკითხვას. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ბუნებრივი ბარიერი ყოფილიყო ერთადერთი სამართლიანი პრინციპი. შესაბამისად, რაც უფრო ახლოს არის ბუნებრივ ბარიერთან, მით უფრო უკეთესი და სამართლიანობასთან მიახლოებულია. თუმცა აბსოლუტურად სამართლიანია ბუნებრივი ბარიერი.

ჩვენ დავიწყეთ საუბარი, რომ ეს ბარიერი ყოფილიყო ბუნებრივთან მიახლოებული. “ქართული ოცნება” თავდაპირველ მოლაპარაკებებზე საუბრობდა, რომ ყოფილიყო ერთჯერადად და 3%. მერე შარლ მიშელის დახმარებით შევთანხმდით, რომ არ ყოფილიყო 3% და ყოფილიყო 2% და ორჯერადად”, — აცხადებს იაგო ხვიჩია.

მისი თქმით, თუ “ქართული ოცნება” 2%-იან ბარიერს გადახედავს და დაუბრუნდება ერთჯერადად 3%-იანი ბარიერის შემოღებას, მაშინ ისინი ამ განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ და მხარს არ დაუჭერენ.

“თუ სულ 3% იქნება, მხარს დავუჭერთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ველოდებით, რომ შესრულდება ეს ამბავი. თუმცა ამის გარანტიები არ არსებობს. ჩვენ შეთანხმებას პატიოსნად ვიცავთ. მიუხედავად იმისა, რომ შარლ მიშელის შეთანხმებიდან “ოცნება” ცალმხირივად გავიდა, ჩვენ მოზომილები ვართ და მიგვაჩნია, რომ მთავარი ტესტი გავა ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმ თვალსაზრისით, რომ ბარიერმა 5%-დან 2%-მდე დაიკლოს. წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა, დავაკვირდეთ სიტუაციას და ვნახოთ, საითკენ მიგვიყვანს ეს პროცესი”, – ამბობს იაგო ხვიჩია.

დაუჭერს თუ არა 3%-იან ბარიერს მხარს, თუკი კენჭისყრაზე საბოლოოდ ცვლილება ამ სახით გავა, ამაზე საუბარი ხათუნა სამნიძეს არ სურს. მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, 2%-იანი ბარიერი მნიშვნელოვანია და მომავლისთვის მრავალპარტიული პარლამენტის გარანტიაა.

“მგონი, ახლა ამაზე საუბარი, ვინ რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს, პროცესისთვის კარგი არ არის. მე ვფიქრობ, რომ პროცესში უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებული, საზოგადოება, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები… ჩემთვის შეთანხმებას აქვს გაცილებით დიდი მნიშვნელობა, ანუ რაზეც შევთანხმდით და რაც მაგიდაზე დევს, ინიციატორები ყველანი ვართ. ეს არ არის ის შემთხვევა, როცა მარტო “ქართული ოცნება” აინიცირებს.

ამ ცვლილების ავტორები ვართ ყველა, ვინც მონაწილეობდა მოლაპარაკებების პროცესში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილება ამ სახით იქნას პირველ მოსმენაზე მიღებული არჩევნებამდე”, – აცხადებს ხათუნა სამნიძე.

თუმცა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია “ნაციონალური მოძრაობა”, რომლისთვისაც პრობლემას არც 5%-იანი ბარიერი წარმოადგენს და, შეიძლება ითქვას, “ქართული ოცნების” მსგავსად, არსებითი სხვაობა 2%-იან და 3%-იან ბარიერს შორის მათთვისაც არ არის, არც საკონსტიტუციო განხილვებშია ჩართული და არც იმ შეთანხმების ხელმომწერია, რომელიც ცვლილებებს საფუძვლად უდევს.

მიუხედავად იმისა, რომ ენმ-ს საკონსტიტუციო ცვლილებების არსებული რედაქციისთვის მხარდაჭერა გაცხადებული აქვს, ხათუნა სამნიძე არ გამორიცხავს, რომ ვინმემ პოზიცია პოლიტიკური პროცესების შესაბამისად შეიცვალოს.

“მათ[ენმ] ოფიციალურად გაცხადებული აქვთ პოზიცია, რომ მხარს დაუჭერენ, მაგრამ არ გამიკვირდება, რომ პოლიტიკური პროცესების შესაბამისად ვინმემ პოზიცია შეიცვალოს. სამწუხაროდ, რა რეალობაც გვაქვს ქართულ პოლიტიკაში. მაგრამ დღევანდელი ვითარებით ვიცით, რომ ყველა პარტიაში არის თანხმობა და ყველას გაცხადებული აქვს, რომ არსებულ რედაქციას ყველა უჭერს მხარს”, – აცხადებს ხათუნა სამნიძე.

საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით ენმ-ს პოზიცია რომ არ შეცვლილა, ამაზე ნეტგაზეთთან ხატია დეკაონიძემ ისაუბრა. თუმცა დეკანოიძე არ მალავს, რომ მათი პარტიისთვის ბარიერის დაწევაზე მნიშვნელოვანი სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარებაა.

“ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად 2%-იან ბარეირსაც ვუჭერდით მხარს და, რა თქმა უნდა, მივიღებდით მონაწილეობას კენჭისყრაში. ამ ეტაპამდე ჩემთვის ცნობილი არ არის, შეიცვალა თუ არა რამე. ბოლო ვარიანტი, რომელიც მე ვნახე ამ საკონსტიტუციო ცვლილებების, იგივეა, რაც იყო და რაიმე ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს”, – აცხადებს დეკანოიძე.

კითხვაზე, რას იზამს ენმ, თუ კენჭი ეყრება ბარიერის არა 2%-მდე, არამედ 3%-მდე დაწევას, ხატია დეკანოიძე გვპასუხობს:

“გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროპორციული სისტემა. იმიტომ, რომ ჩვენთვის, ამხელა პარტიისთვის, ბარიერი არ არის გადამწყვეტი, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, მათ შორის, მხარი დავუჭიროთ უფრო მრავალპარტიულ მოცემულობას საქართველოს პარლამენტში, ანუ ჩვენ თანახმა ვიყავით იმ ცვლილებაზეც, რომელიც ამ პაკეტშია და პატარა პარტიებისთვის ბარიერის დაწევას ემსახურება”, – ამბობს ხატია დეკანოიძე.

გახდება თუ არა ბარიერი განხეთქილების მიზეზი

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვებში ჩართული იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც, მათ შორის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოც”(TI). როგორც ორგანიზაციის პროგრამების მენეჯერი ლევან ნატროშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, მოლოდინი აქვთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს არსებული ფორმით მიიღებენ.

მისი თქმით, ის, რომ 2%-იანი ბარიერი შეიცვალოს, ამის საფუძველს ჯერ ვერ ხედავენ. როგორც TI-ის წარმომადგენელი ამბობს, ბარიერის 2%-მდე დაწევა პატარა პარტიებისთვის პრინციპული საკითხია და 2%-ის გაზრდის გამო შეთანხმების დაშლა არაგონივრული იქნება.

“თუ ასეთი რამ მოხდა, მერე, ალბათ, შესაბამისი რეაგირება იქნება პარტიების მხრიდან. რომ გითხრათ,  2%-სა და 3%-ს შორის დიდი მნიშვნელობა არ ექნება პარტიების მოხვედრის კუთხით. უბრალოდ, დაკარგული ხმები იქნება ცოტა უფრო მეტი და, შესაბამისად, შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღონ საპარლამენტო პარტიებმა. ვინაიდან შეთანხმებული იყო 2% და ოპოზიციის დიდი ნაწილიც ამ 2%-ს ითხოვს და შესაბამისად ჩაიწერა ამ დოკუმენტში, აქედან გამომდინარე, სასურველია, ეს არ გახდეს განხეთქილების საკითხი”, — ამბობს ნატროშვილი.

ამასთან, ლევან ნატროშვილი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებები მაღალი კონსენსუსით იქნას მიღებული, რადგან, მისი თქმით, ეს ისეთი ცვლილებაა, რომელიც “თამაშის წესებს” უკავშირდება.

“თამაშის წესების ნაწილი, პირველ რიგში, არის ეს საარჩევნო სისტემა, ანუ როგორ კომპლექტდება ესა თუ ის ორგანო. შესაბამისად, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ისეთი ტიპის სისტემა გვქონდეს, რომ მაქსიმალური კომპრომისი შედგეს და ძირითად მოთამაშეებს მაინც ჰქონდეთ მხარდაჭერა გამოცხადებული ამ ცვლილებებისთვის.

აქედან გამომდინარე, არის მნიშვნელოვანი, რომ ენმ-ც უჭერდეს ამას მხარს, ვინაიდან ის არის რიგით მეორე პარტია არჩევნების შედეგებით და თუ ის მხარს არ დაუჭერს, ამ ცვლილებებს გარკვეული ხინჯი ექნება და ჩრდილი მიადგება. თუნდაც მათ გარეშე ცვლილებების გასვლის სცენარი არსებობდეს,  ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ძირითადი პარტია თანხმდებოდეს და მხარს უჭერდეს ამ ცვლილებებს”, — ამბობს ლევან ნატროშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი