ახალი ამბები

ენმ: ფარულ მოსმენების შესახებ კანონს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს

14 მარტი, 2017 • 1678
ენმ: ფარულ მოსმენების შესახებ კანონს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შესახებ მათ გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

“საქართველოს პრეზიდენტს გავაცანით ჩვენი უკიდურესი შეშფოთება პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე. ეს კანონი ზრდის სახელმწიფოს შესაძლებლობას, რომ უკანონოდ მოუსმინოს ყველა ჩვენგანს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, რომლის ფუნქცია არის მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, გამოიყენებს თავის შესაძლებლობას და ვეტოს დაადებს ამ კანონს,” – ამბობს დეპუტატი სალომე სამადაშვილი და აღნიშნავს, რომ  ეს კანონი  არაკოსნტიტუციური არის.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, მართალია,  “ქართული ოცნება” ვეტოს ადვილად გადალახავს, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის მობილეზებისათვის ვეტოს უფლების გამოყენება აუცილებელია:

“პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს კანონს. ამ ვეტოს “ქართული ოცნება” ადვილად გადალახავს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მთელმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა, პრეზიდენტთან ერთად მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია იმ აღვირახსნილი პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. ამ თვალსაზრისით დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო,” – აღნიშნავს მელია.

დღეს, 14 მარტს გიორგი მარგველაშვილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონზე “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შეხვდა, ხოლო ხვალ, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატებს შეხვდება. პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარს აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობა.

პრეზიდენტს ვადა 21 მარტამდე აქვს. მან ამ თარიღამდე უნდა გადაწუყვიტოს ვეტოს დაადებს, თუ ხელს მოაწერს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონს.

1 მარტს, პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.


 

  • პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკონმდებლო ცვლილებების პაკეტი იმიტომ მიიღო, რომ   საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს   “ეს შენ გეხებას”  სარჩელი  დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია. საკონსტიტუციო სასამართლომ სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.
  • კამპანია “ეს შენ გეხება”, არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი “ფარული თვალთვალის” შესახებ, კვლავ არ შეესაბამება კონსტიტუციას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი