ახალი ამბები

ბესელია: მცირე მობილურ ოპერატორებს მოსმენებზე პროექტით დამატებითი ხარჯი არ ექნებათ

22 თებერვალი, 2017 • 2612
ბესელია: მცირე მობილურ ოპერატორებს მოსმენებზე პროექტით დამატებითი ხარჯი არ ექნებათ

ქუთაისში, პარლამენტის სასახლეში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს განიხილავენ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული დოკუმენტი საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას ეწინააღმდეგება, რასაც არ იზიარებენ “ქართულ ოცნებაში”.

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა პაკეტში შემავალი “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონპროექტის განხილვა გააგრძელეს, რადგან წინა სასესიო კვირაში ვერ დაასრულეს.  სხდომის მიმდინარეობის განმავლობაში “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ დეპუტატებს, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მიკროფონი არაერთხელ გაუთიშეს. ირაკლი კობახიძემ მიიჩნია, რომ ისინი არა აღნიშნულ, არამედ სხვა კანონპროექტზე საუბრობდნენ.

კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიით, სუს-ში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს  უფლება აქვს, ჰქონდეს იმ ავტორიზებული პირის სასადგურე და ქსელური ინფრასტრუქტურიდან, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, გეოლოკაციის მონაცემების რეალურ დროში მიღების შესაძლებლობა და ამ მიზნით ინფრასტრუქტურის აღნიშნულ ელემენტებთან უსასყიდლოდ განათავსოს/დაამონტაჟოს სათანადო აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის შემდგომ ღონისძიებებს უშუალოდ უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი ტუღუშის თქმით, ეს წინაპირობა მცირე და საშუალო კომპანიების გაუქმებას გამოიწვევს:

“აქ საუბარი არ არის მხოლოდ მსხვილ კომპანიებზე, მცირე და საშუალო კომპანიებიც არსებობს. ვიცი, რომ მათ აქვთ პრობლემა ამ ცვლილებებთან. ისინი ამბობენ, რომ დაკონკრეტებული არ არის, რომელ ავტორიზირებულ პირებს შეეხება ეს მოთხოვნები. მსხვილები ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან, ხოლო მცირე და საშუალო კომპანიები ამბობენ, რომ მათი უმეტესობა ამ მოთხოვნების შესრულებას ვერ შეძლებენ.”

კანონპროექტის მომხსენებლის, ეკა ბესელიას თქმით, პირადად შეხვდა მსხვილ საკომუნიკაციო კომპანიებს და დეტალებზე ისაუბრეს:

“მათი არგუმენტები მოვისმინეთ. მცირე კომპანიების ასოციაციის წერილიც მივიღეთ. არავითარი დამატებითი ხარჯები მათ არ ეკისრებათ. მოქმედი კანონით, გეოლოკაციის განსაზღვრისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ქონის ვალდებულება ისედაც აქვთ და ეს ვალდებულება ახალ პროექტში გადმოდის.   შემოდის ახალი ჩანაწერი – ნახევრად სტანციონალური ტექნიკური შესაძლებლობა. ეს  ნიშნავს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს ნახევრად სტანციონალური ტექნიკური საშუალებით განახორციელოს დავალება. ეს პატარა ოპერატორებს აარიდებს ხარჯებს.”

მისივე თქმით,  ამ ვალდებულების შესასრულებლად” მაგთის”შარშან გამოუყო თანხა, ხოლო “ჯეოსელმა” თვითონ განახორციელა.

“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ეკა ბესელია ამ კანონპროექტს პარლამენტში ისე არ წარადგენდა,  დამოუკიდებელი  საკონსტიტუციო სასამართლოს არარსებობის იმედი რომ არ ჰქონდეს:

“ნებისმიერი დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო ამ კანონპროექტს ხელმეორედ ცნობდა არაკონსტიტუციურად. საკონსტიტუციო სასამართლომ განსაზღვრა, რომ ეს სააგენტო არ შეიძლება ექვემდებარებოდეს საგამოძიებო ფუნქციის მქონე სახელმწიფო სამსახურს.”

იმავე აზრზეა “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე. მისი თქმით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს არ სცემს:

“ახლა ცდილობთ, რომ ცვლილებათა პაკეტი შემოგვასაღოთ, როგორც სასამართლოს განჩინების შესრულება. სასამართლომ თქვა, ნუ დატოვებთ სუს-ის ქვეშ მოსმენის ფუნქციას, ნეიტრალურ უწყებას მიეცითო. თქვენ მაინც მიდიხართ ამის წინააღმდეგ,” – აღნიშნა კახიძემ.

ეკა ბესელიას განცხადებით, კანონი კონსტიტუციის შესაბამისი იქნება თუ არა, მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუ ვინმე კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები.

კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრები თვლიან, რომ თუკი უმრავლესობა მხარს დაუჭერს ამ მოდელს, ხელისუფლება შეუსრულებელს დატოვებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. „ეს შენ გეხება“ კანონის მიღების შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.

ხოლო ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას ორგასაღებიან სისტემას სთავაზობს. მათი ინიციატივის მიხედვით, უნდა შეიქმნას აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი უწყება, რომელიც არ განახორციელებს საგამოძიებო უფლებამოსილებას. ის ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ პარლამენტის წინაშე. მოსმენისთვის საჭირო ერთი ე.წ. გასაღები ამ უწყების და მეორე, სასამართლოს ხელში იქნება. ინიციატივის მიხედვით,  ორივე ამ გასაღების „ჩართვაა“ საჭირო, რათა პირის ფარული მიყურადება განხორციელდეს.

კამპანია “ეს შენ გეხებას” საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია.

გადაწყვეტილებაში წერია, რომ ფარული მიყურადებით მონაცემები არ უნდა მოიპოვოს და შეინახოს ისეთმა უწყებამ, რომელიც დაინტერესებულია ამ ინფორმაციის გაცნობით.

“… მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მეტადატის) კოპირება და შენახვა ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია, ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს,”- ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი