ახალი ამბები

„ეს შენ გეხება“ მოსმენებზე კანონის მიღების შემთხვევაში სტრასბურგს მიმართავს

22 თებერვალი, 2017 • 2686
„ეს შენ გეხება“ მოსმენებზე კანონის მიღების შემთხვევაში სტრასბურგს მიმართავს

პარლამენტმა დღეს, 22 თებერვალს, კენჭი უნდა უყაროს კანონპროექტს ფარულ სატელეფონო მოსმენებზე. ახალი მოდელის მიხედვით, ე.წ. გასაღები ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაქვემდებარებაში გადავა, თუმცა ეს უწყება ანგარიშვალდებული სუს-თან იქნება. სუს-ი, ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღემდე ახორციელებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის, მოსმენებს.

მეორე „გასაღები“, ანუ კონტროლის ბერკეტი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აქვს. ეს მოდელი საკონსტიტუციო სასამართლომ გასულ წელს ანტიკონსტიტუციურად შეაფასა და პარლამენტს მიმდინარე წლის 31 მარტამდე მისცა დრო ახალი კანონის მისაღებად.

კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრები თვლიან, რომ თუკი უმრავლესობა მხარს დაუჭერს იურიდიული კომიტეტის მიერ წარმოდგენილ მოდელს, ხელისუფლება შეუსრულებელს დატოვებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ბათუმელები“ „ეს შენ გეხებას“  წევრს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საპარლამენტო მდივანს, ლიკა საჯაიას ესაუბრა.

რა მოლოდინი გაქვთ, დაამტკიცებს პარლამენტი კანონპროექტს „სატელეფონო მოსმენებზე“? 

იმის გათვალისწინებით, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს უმრავლესობა, ეს კანონპროექტი იქნება მიღებული, რაც ძალიან სამწუხაროა. წინა კვირას, როცა ამ კანონპროექტის განხილვა იყო, დარბაზი იყო ცარიელი. უმრავლესობიდან მხოლოდ ერთი-ორი დეპუტატი იყო წარმოდგენილი. ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ ცხარე დისკუსია იქნებოდა ამ თემაზე, რადგან უკანონო მოსმენა ეხება ყველა მოქალაქეს. დისკუსია პარლამენტში ამ თემაზე პრაქტიკულად არ ყოფილა.

იყო თუ არა დისკუსია კანონპროექტზე მუშაობის პროცესში, სადაც კამპანია „ეს შენ გეხება“ ჩართული იყო?

არა, არც ამ ეტაპოზე ყოფილა დისკუსია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იურიდიულმა კომიტეტმა შექმნა სამუშაო ჯგუფი და გაიმართა სამი შეხვედრა. პირველ ორ შეხვედრაზე მიდიოდა ჩვენი და საკონსტიტუციო სასამართლოს კრიტიკა, რომ ეს იყო გაუგებარი გადაწყვეტილება. მესამე შეხვედრის დროს კი, ეს კანონპრექტი წარმოადგინა იურიდიულმა კომიტეტმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ კონტროლის მექანიზმი არ იყო საკმარისი. გამოვიდა, რომ ხელისუფლებამ ამ კონტროლის მექანიზმის გაძლიერების ნაცვლად, დაასუსტდა ის. ვგულისხმობ იმას, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს არსებული მოდელით ორი გასაღები აქვს. თავდაპირველად უსაფრთხოების სამსახურმა უნდა წარმოადგინოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც დასტურდება, რომ მოსმენა კანონიერია და იღებს ინსპექტორის ნებართვას მოსმენის დაწყებაზე. ინსპექტორის „მეორე გასაღები“ აქტიურდება მაშინ, თუკი დადგინდება, რომ მოსმენამ დადგენილ დროს გადააჭარბა, ან დაირღვა სასამართლოს გადაწყვეტილება სხვა კუთხით.

ახალი მოდელის მიხედვით, ახალდაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აღარ ექნება ვალდებულება, ინსპექტორის ნებართვა მიიღოს მოსმენის დასაწყებად. ინსპექტორის „გასაღები“ მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუკი უკანონო მოსმენის ფაქტს დაადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი.

„ეს შენ გეხებას“ შეთავაზება რა იყო და რა არგუმენტით თქვა მასზე უარი საპარლამენტო უმრავლესობამ? 

ჩვენი შეთავაზება იყო, შექმნილიყო ახალი უწყება, რომელიც იქნებოდა მაქსიმალურად დამოუკდიებელი და დისტანცირებული უსაფრთხოების სამსახურისგან, რომელიც დღეს ფარულ სატელეფონო მოსმენას ახორციელებს. ეს უწყება განახორციელებდა ფარულ მოსმენას იმ შემთხვევაში, თუკი სუსი წარმოადგენდა სასამართლოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მოსმენა იყო საჭირო. ამ ახალი ორგანოს ხელმძღვანელს დანიშნავდა პარლამენტი და ანგარიშვალდებულიც მხოლოდ პარლამენტთან იქნებოდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში თქვა, რომ არ უნდა ჰქონდეს მოსმენის ტექნიკური აღჭურვილობა იმ უწყებას, რომელიც დაინტერესებულია გამოძიების შედეგით. ამჯერად სუს-ის დაქვემდებარებაში არსებულ დეპარატამენტს შეუცვლიან სტატუსს და იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ხელმძღვანელსაც აირჩევს კომისია. კომისიის ხელმძღვანელი იმავე უსაფრთხოების სამსახურის უფროსია.

რაც შეეხება უარს ჩვენს შეთავაზებაზე, გვითხრეს, რომ ჩვენ გვინდოდა რაღაც ახალი მონსტრის შექმნა. იყო ასევე არგუმენტი: რატომ უნდა აირჩიოს პარლამენტმა იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელსაც აქვს აღმასრულებელი ფუნქცია. გაუგებარი არგუმენტია, რადგან პარლამენტი ირჩევს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს, პერონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და ასე შემდეგ.

ხელისუფლებისგან მოვისმინეთ არგუმენტიც, რომ მოდელი, რაზეც თქვენ საუბრობთ, არ არსებობს ევროპის არც ერთ ქვეყანაში.

ასეა. ევროპის ქვეყნებში ძირითადად „გასაღები“ არის კომუნიკაციების კომპანიების, მობილური ოპერატორების ხელში. ამ გზით ჩვენ არ წავედით, რადგან ვიცოდით, რომ ამაზეც უარს მივიღებდით. უფრო კომპრომისული ვარიანტი ვარჩიეთ. ასე თუ მივუდგებით, დღეს არსებული მოდელიც არის ექსპერიმენტი, რომელმაც ვერ გაამართლა. ევროპის ქვეყნებში არც ესაა აპრობირებული, რომ ორი გასაღებით კონტროლდებოდეს ფარული სატელეფონო მოსმენა.

უფრო შორს თუ წავალთ, უსაფრთხოების სამსახური რომ ახორციელებს მოსმენას, ესეც საბჭოთა ექსპერტიმენტი იყო, რომელიც ჩვენ დღემდე ვერ დავშალეთ. ფრაქცია „რესპუბლიკელების“ შეთავაზება იყო, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ჰქონოდა „გასაღები“, მაგრამ ამაზეც უარი განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობამ. დღეს ხელიუფლებას აქვს არგუმენტი, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აქვს „გასაღები“ და ეს არის კონტროლი, მაგრამ უცნობია, როგორ და როდის დაადგენს ინსპექტორი უკანონო მოსმენის ფაქტს.

მაგრამ, თუ უკანონო მოსმენა დაფიქსირდა, ამ ჩანაწერს ხომ ვეღარ წარადგენს საგამოძიებო ორგანო სასამართლოში? 

ასეა, მაგრამ მთავარი რისკი იქმნება მაშინ, როცა სასამართლოს გვერდის ავლით უსმენენ ადამიანებს. ამ პროცესში, როცა სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მოსმენაზე და სუსი მოსმენას ახორციელებს, რისკი მინიმალურია. ამჯერად რისკი კიდევ უფრო იზრდება, რადგან ახალმა უწყებამ შესაძლოა შექმნას ახალი სტრუქტურული ერთეულები, მაგალითად, რეგიონებში, რაც კიდევ ზრდის შესაძლებლობას, უფლებამოსილება ცალკეულმა პირებმა ბოროტად გამოიყენონ.

რას ნიშნავს ამ კანონპროექტის მიღება?

ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება არ ასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ანუ ის უარს ამბობს კონსტიტუციურ მართლწესრიგზე. გამოდის, რომ პატივს არ ვცემთ კონსტიტუციას. ასეთი რამ დემოკრატიულ ქვეყნებში არ ხდება.

გაასაჩივრებთ თუ არა ახალ კანონს ფარულ მოსმენებზე ისევ საკონსტიტუციო სასამართლოში? 

ამას აღარ ვაპირებთ, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო დიდი ალბათობით ისევ იგივეს იტყვის, რომ ეს არის ანტიკონსტიტური, მაგრამ სასამართლო ვერ მიიღებს ახალ კანონს პარლამენტის ნაცვლად. ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს. ამ კუთხით უკვე არსებობს გადაწყვეტილება „ზახაროვი რუსეთის წინააღმდეგ“. ცუდი ისაა, რომ ეს ყველაფერი დროში გაიწერება. პარლამენტის გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ პროცესი დასრულდა. არ შეიძლება ამას მოქალაქეები შეეუგონ. ჩვენ უნდა გვქონდეს წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთის უფლება არავის უნდა მივცეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი