ახალი ამბები

პარლამენტში იწყებენ ხმაურის შესახებ ახალი კანონპროექტის მომზადებას

28 დეკემბერი, 2016 • 2204
პარლამენტში იწყებენ ხმაურის შესახებ ახალი კანონპროექტის მომზადებას

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა თბილისის საკრებულოს მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას, რომლის თანახმადაც, ხმაურის გამოწვევა შესაძლოა დასჯადი გახდეს. კომიტეტის გადაწყვეტილებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლიც შესაბამის კანონპროექტს მოამზადებს.

27 დეკემებრს გამართულ სხდომაზე კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს იდეას, რომ ხმაურის თაობაზე სამართლებრივი რეგულირება ჩაიწეროს კოდექსში. კომიტეტის გადაწყვეტილებით, საკითხთან დაკავშირებით შექმნილ სამუშო ჯგუფს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი უხელმძღვანელებს.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები აცხადებენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს უნდა დაემატოს ახალი მუხლი, რომლითაც შემოღებული იქნება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების სათავსებში შემღწევი ხმაურის გამომწვევი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ.

საკანონმდებლო წინადადება საქართველოს პარლამენტში პირველად 2016 წლის იანვარში შევიდა. ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მაშინ წინადადებას მხარი დაუჭირა, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კენჭისყრაზე პროექტს 1 ხმა დააკლდა.

ეკა ბესელიას განცხადებით, მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების ამჟამინდელ ვარიანტში გათვალისწინებულია წინა განხილვებზე მიღებული შენიშვნები. მათ შორის, პირველ ჯერზე კანონდარღევის შემთხვევაში ჯარიმის ნაცვლად გათვალისწინებულია გაფრთხილება. თუმცა კომიტეტს კვლავს აქვს რამდენიმე შენიშვნა.

კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ უნდა მოხდეს ტერმინის “ხმაური” ზუსტი განმარტება და უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან პასუხისმგებელი ორგანოების ფუნქციები.

საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, რომლის ავტორი საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძეა, ხმაური დღის საათებში, რომელიც აღწევს საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების სათავსებში და რომლის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივს, უნდა გახდეს დასჯადი. დღის საათებად ითვლება 07.00 საათიდან 23.00 საათამდე პერიოდი, ხოლო ღამის საათებად – 23.00 საათიდან 07.00 საათამდე პერიოდი. დღის საათებში ხმაური 40 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ღამის საათებში – 30 დეციბალს.

საკანონმდებლო ინიციატივას 20 დეკემბერს მხარი დაუჭირეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი