ახალი ამბები

დაავადებული ხიდან ჯანსაღ ხეზე გადასვლა – რა საფრთხეებს შეიცავს M²-ის ინიციატივა

20 დეკემბერი, 2016 • 3277
დაავადებული ხიდან ჯანსაღ ხეზე გადასვლა – რა საფრთხეებს შეიცავს M²-ის ინიციატივა

იმის მიუხედავად, რომ საპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და “ქართული ოცნების” რამდენიმე დეპუტატი დაავადებული ხეების ჭრის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნას და კომპლექსური პაკეტის მომზადებას უჭერდნენ მხარს, პარლამენტის კომიტეტებმა მოჭრის პროცედურის გამარტივებაზე “M²”-ის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების ინიცირებას მხარი დაუჭირეს.

“ხელისუფლება ცდილობს, რომ მოსახლეობას თვალებში ნაცარი შეაყაროს და ამტკიცებს, რომ მსხვილ დეველოპელურ კომპანიებს სამშენებლო ბიზნესის განვითარებაში ხელს უშლის დაავადებული ხეების მოჭრისთვის გადასახდელი რამდენიმე ათასი ლარი,” – ამბობს გიორგი აბესაძე, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, და აღნიშნავს, რომ ეს არგუმენტი  სასაცილოა.

თუმცა  M²- უძრავი ქონების გენერალური დირექტორის, ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, კომპანიისთვის დაავადებული ხეების მოჭრისთვის განსაზღვრული თანხის გადახდა პრობლემას წარმოადგენს.

ბურდილაძის განცხადებით, დავადებული ხეების მოჭრისთვის არსებული მოსაკრებლის გაუქმება ყველა სამშენებლო კომპანიისთვის მნიშვნელოვანია:

“ზოგიერთისთვის ეს შეიძლება ოცი ათასლარიანი პრობლემა იყოს, ზოგიერთისთვის- მილიონლარიანი. გააჩნია დეველოპერს. m2 კვადრატისთვის პრობლემაა თანხის გადახდა.”

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსის კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავის თქმით, ეს ინიციატივა გარემოს დაცვის გაუარესებას არ ეხება:

“დღეს შემოსული იყო კონკრეტული წინადადება, რომელიც გადასახადის გაუქმებას უკავშირდება და არანაირ კავშირშია გარემოს დაცვის კუთხით რამის გაუმჯობესებასთან ან გაუარესებასთან. ამ კუთხით სტატუსკვო არ იცვლება. ნებართვა აწი ისე გაიცემა, როგორც გაიცემოდა მანამდე. ”

ირაკლი აბესაძის განცხადებით, ვერც ერთი დეველოპელური კომპანია ვერ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ ეს გადასახადი ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორია:

“თუ ამ ინიციატივას დაამტკიცებენ, თბილისში ხის მოჭრა უფრო გამარტივდება, აღარ იქნება მოსაკრებელი და გაცილებით მეტი ხე უფრო ადვილი პროცედურით მოიჭრება.”

ხეების დაავადებულად შეფასების მექანიზმი და შესაბამისი ორგანო

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ არსებობს დაავადებულ ხის მოჭრაზე ნებართვის გაცემის და მასთან ერთად ჯანსაღი ხეების მოჭრის პრაქტიკა. ამ ფონზე საია მიიჩნევს, რომ დეტალურად უნდა გაიწეროს ის პროცედურა და უფლებამოსილი ორგანო, რაც ხეების შეფასებასა და მოჭრის ნებართვის გაცემას უკავშირდება. ორგანიზაციის  წარმომადგენელი  ნონა ქურდოვანიძე მიიჩნევს, რომ საკითხი კომპელქსურია და საჭიროა სამუშაო ჯგუფის შექმნა:

“მთავარია, განვსაზღვროთ, კონკრეტული ხე დაავადებულია თუ არა, და არა გადასახადის საკითხი. დეტალური ახსნა არ მოჰყვება ამ წერილს, თუ რომელ კანონში ითხოვენ ცვლილების შეტანას. ესეც შესასწავლია. ალბათ, უმჯობესი იქნება, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განისაზღვროს, რა და სად უნდა შეიცვალოს. უნდა გაირკვეს, საკრებულოს დასარეგულირებელი საკითხია თუ პარლამენტის.”

კახა კუჭავას განცხადებით, M²-ის წინადადებაზე მსჯელობის პროცესი დისკუსიაში გადაიზარდა, რომელიც პრობლემურ საკითხებს მოიცავს:

“საუბარი არა მხოლოდ დაზიანებული ხის მოჭრის გადასახადის გაუქმებაზეა, საუბარია ნებართვების სისტემების გაუმჯობესებაზე, უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრაზე, კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაზე და ბევრ სხვა საკითხზე, რომელთა დარეგულირება საჭიროა, რადგან დაახლოებით 10 წელზე მეტია, რაც ეს საკითხი უგულებელყოფილია და ამიტომაც ვართ ასეთ პრობლემურ მდგომარეობაში,” – ამბობს კუჭავა და აღნიშნავს, რომ კომიტეტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება  და მასში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება.

სამოქალაქო აქტივისტი ერეკლე ურუშაძე, რომელიც დღევანდელ სხდომაში მონაწილეობდა, მიიჩნევს, რომ თუ პარლამენტი ამ ინიციატივას კანონად აქცევს, შესაძლოა, კომპანიები დაავადებული ხიდან ჯანსაღ ხეზე გადავიდნენ და  მოჭრან:

“ამ შემთხვევაში ნებისმიერი საღი ხე შეიძლება მოიჭრას, როგორც დაავადებული, რადგან დღეს არავითარი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს იმის გასარკვევად, კომპანიამ რეალურად დაავადებული ხე მოჭრა თუ ჯანმრთელი. ნებისმიერმა არაკეთილსინდისიერმა კომპანიამ შეიძლება გამოიყენოს კანონის ეს ნაპრალი.”

რატომ ჩქარობს პარლამენტი?

ყოველი წლის ბოლოს პარლამენტს ბევრი საკითხი აქვს დასამთავრებელი. ამჟამად მეცხრე მოწვევის პარლამენტს არაერთი ინიცირებული კანონპროექტი აქვს განსახილველი, ამას ემატება მერვე მოწვევის პარლამენტიდან გამოყოლილი კანონპროექტებიც. შესაბამისად, მიმდინარე კვირაში რიგგარეშე სხდომები გაიმართება. პარლამენტში არაერთი საკანონმდებლო წინადადება შედის, რომელთა განხილვვა, როგორც წესი, მოკლე დროში არ ხდება.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საკანონმდებლო წინადადებას პარლამენტის ბიურო ან პარლამენტის თავმჯდომარე წარდგენიდან 5 დღის ვადაში გადასცემს კომიტეტებს წამყვანი კომიტეტის მითითებით, რომელიც მას განიხილავს 20 დღეში. თუ ეს ვერ მოხერხდა, საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა მის ავტორთან შეთანხმებით შეიძლება გააგრძელოს პარლამენტის თავმჯდომარემ არაუმეტეს 10 დღით.

ეს ინიციატივა პარლამენტს 15 დეკემბერს წარედგინა, ხოლო 16 დეკემბერს ბიურომ დაარეგისტრირა. დღეს, 20 დეკემბერს კი, კომიტეტებმა განიხილეს. ამასთან, წინადადებას წერილის ფორმა აქვს და არა კანონპროექტის.

“არავითარი კონკრეტიკა არ არის, კონკრეტული კანონიც კი არ არის მითითებული, რომელიც უნდა შეიცვალოს. როცა ბევრად უფრო კომპეტენტურად შედგენილი საკანონმდებლო წინადადებები თვეობითაა ხოლმე შემოდებული თაროზე, ეს წინადადება დაჩქარებულად განიხილეს, ” – ამბობს ერეკლე ურუშაძე, სამოქალაქო აქტივისტი.

ერეკლე ურუშაძის თქმით, პარლამენტის სიჩქარე სრულიად გაუმართლებელია:

“ზოგად პრინციპზე ვთანხმდებით, თუკი ხეა გამხმარი და იმდენად დაავადებული, რომ გადარჩენას აღარ ექვემდებარება, შეიძლება მისი მოჭრისთვის კომპენსაცია გაუქმდეს, მაგრამ ბევრი თანმდევი საკითხია დასარეგულირებელი და ამ პროცესში აჩქარება არ შეიძლება.”

ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ  “ხელისუფლება ცდილობს შენიღბოს სხვა, უფრო მძიმე ზრახვები, კორუფციული ზრახვები, რომლის განხორციელებაშიც ეს ხელს უშლის. ”

M²-მა პარლამენტს მიმართა საკანონმდებლო წინადადებით, რომელიც დაავადებული ხეების მოჭრაზე მოსაკრებლის გაუქმებას ითვალისწინებს.  სამშენებლო კომპანიამ “m²”–მა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სპეციალური წერილით მიმართა და ხეების მოჭრისთვის მოსაკრებლის გაუქმების შესახებ რეგულაციების შეცვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა მოითხოვა.

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს  “m² უძრავი ქონების” საკანონმდებლო წინადადების საკონმდებლო ინიციატივად ქცევას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თემაზე კანონპროექტს კომიტეტი მოამზადებს და პარლამენტი განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი