„ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს“ (HRANA) ცნობით, ირანის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა არღავან ფალაჰისთვის გამოტანილი განაჩენი – სიკვდილით დასჯა. სააგენტო წერს, რომ 24 წლის პოლიტიკური პატიმარი ევინის ციხეში იმყოფება.

HRANA-ს მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ფალაჰის სასიკვდილო განაჩენი მიმდინარე წლის ივლისში  „თეირანის რევოლუციურმა სასამართლომ“ „ბაღის“ (შეიარაღებული ამბოხის) ბრალდებით განაჩენი გამოუტანა.

სააგენტო წერს, რომ ინფორმირებულმა წყარომ  მათ მიაწოდა ცნობა, რომ ქალი ციხეში დაექვემდებარა მძიმე ფსიქოლოგიურ წამებას და მისგან იძულებითი აღიარებითი ჩვენებების გამოძალვას ცდილობდნენ ორი მოსამართლის — მოჰამად მოღისესა და ალი რაზინის მკვლელობის საქმეზე.

არღავან ფალაჰი უსაფრთხოების ძალებმა 2025 წლის იანვრის ბოლოს დააკავეს. ის მანამდეც, 2022 წლის ნოემბერში, იყო დაკავებული მამასთან ერთად. მოგვიანებით მას ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა „შეკრებისა და შეთქმულების“ და „რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდის“ ბრალდებით. ქალმა სასჯელის მოხდის შემდეგ ევინის ციხე დატოვა.


Amnesty International ივლისის ბოლოს წერდა, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში ირანის ხელისუფლება სულ უფრო ხშირად იყენებდა ეროვნული უსაფრთხოების ზოგად/ფართო მუხლებს, მათ შორის ჯაშუშობასა და მტრულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობას, 2026 წლის იანვრის საპროტესტო აქციების კონტექსტში დაკავებული პირების გასასამართლებლად და მათთვის სასიკვდილო განაჩენის გამოსატანად.

ორგანიზაცია წერდა, რომ სულ მცირე 26 პირი დასაჯეს სიკვდილით იანვრის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული დანაშაულების (მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების ზოგადი მუხლების, ჯაშუშობისა და მტრულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის) ბრალდებით. ასევე, კიდევ სულ მცირე 26 პირი სხვა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით.