სომხურ ფინანსურ ჰოლდინგ Arins Group-ში შემავალმა კომპანია AGE S.A.-მა საქართველოში „ტერაბანკისა“ და სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ შეძენის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

AGE S.A.-ს განცხადებას „ბიემჯი“ ავრცელებს.

„ტერაბანკისა“ და სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ შეძენის შესახებ შეთანხმება ჰოლდინგის სტრატეგიული განვითარების ნაწილია და მიზნად ისახავს საქმიანობის გაფართოებას ევროპულ და საერთაშორისო ბაზრებზე, მომსახურებების შემდგომ განვითარებასა და რეგიონული ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. რეგიონული გაფართოების ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტულ ბაზრად საქართველო შეირჩა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ძლიერი დინამიკის, მდგრადი და დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და ფინანსური სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირების გათვალისწინებით. მზარდი კომპანიისთვის მეზობელ ქვეყანაში გაფართოება განვითარებისკენ გადადგმული ლოგიკური ნაბიჯია.

„ტერაბანკის“ შეძენა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შექმნის საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის გაძლიერების, კორპორაციული საბანკო მომსახურებების გაფართოებისა და საცალო საბანკო მიმართულების შემდგომი განვითარებისათვის. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“, რომელიც თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ შენობად მიიჩნევა, ჰოლდინგისთვის ტურიზმის სექტორში სტრატეგიულ ინვესტიციას წარმოადგენს. აღნიშნული ინვესტიცია ხაზს უსვამს AGE S.A.-ის გრძელვადიან ინტერესს საქართველოს მიმართ და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მზაობას“, — ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ტრანზაქციის დასრულება ექვემდებარება შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების თანხმობის მიღებასა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა აუცილებელი პროცედურების დასრულებას.
მათ შორის, „ტერაბანკის“ გაყიდვის დასრულება საჭიროებს ეროვნული ბანკის მიერ დამოწმებას.