ახალი ამბები

სულხანიშვილის თქმით, ნებართვა მხოლოდ დაავადებული და ზეხმელი ხეების მოჭრაზე გასცეს

17 აგვისტო, 2016 • 2632
სულხანიშვილის თქმით, ნებართვა მხოლოდ დაავადებული და ზეხმელი ხეების მოჭრაზე გასცეს

გარემოსდამცველები თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ,  ნინო სულხანიშვილი კი აცხადებს, რომ  მერიამ თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე, 45 დაავადებული და ზეხმელი ხის მოჭრაზე გასცა ნებართვა.

ალექსანდრე ელისაშვილი და ნატა ფერაძე. 17.08.2016. ფოტო: ათინა ბრეგვაძე/ნეტგაზეთი

ალექსანდრე ელისაშვილი და ნატა ფერაძე. 17.08.2016. ფოტო: ათინა ბრეგვაძე/ნეტგაზეთი

ხეების მოჭრა დაიწყეს 17 აგვისტოს ყაზბეგის ქუჩაზე, რომელსაც დილიდან გარემოსდამცველების პროტესტი მოჰყვა – პარტიზანი მებაღეები და თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, აცხადებენ, რომ საბურთალოზე საღ ხეებს ჭრიან.

ყაზბეგის N24-ში გაჩეხილი საღი ხეები. 17.08.2016. ფოტო: ათინა ბრეგვაძე/ნეტგაზეთი

ყაზბეგის N24-ში გაჩეხილი საღი ხეები. 17.08.2016. ფოტო: ათინა ბრეგვაძე/ნეტგაზეთი

“ხეები არის სრულიად საღი და ძვირფასი. რაც ვნახე, არის უზარმაზარი საღი კედარი, არის ვერცხლისფერი ნაძვები და ასევე არის ფოთლოვანი ხეებიც. მოჭრილი ხეების რაოდენობა ჯერ ვერ გავარკვიე. ცოტა ხანში უფრო დამშვიდებულად დავითვლით. როგორც ამბობენ, მოჭრეს ხმელი ხეები, თუმცა ეს ხეები არის სრულიად საღი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” “პარტიზანული მებაღეობის” წევრმა ნატა ფერაძემ.

““შემოვიდა განცხადება ხეების მოჭრის თაობაზე ამ ტერიტორიაზე, ამ ნაკვეთზე. 68 ხეზე იყო ეს განცხადება შემოსული. ჩვენ, წესის შესაბამისად, კანონის შესაბამისად, ვთხოვეთ მათ მოეტანათ დასკვნა ორგანიზაციიდან, რომელიც არის უფლებამოსილი გასცეს დასკვნა ხეების სახეობების გაჩეხვაზე. მოიტანეს ასეთი დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ 68 ხიდან 45 არის დაავადებული. ჩენი სამსახურის მხრიდან გაიცა ნებართვა მხოლოდ დაავადებული და ზეხმელი ხეების მოჭრაზე”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” მერიის გამწვანების სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა:

“68-დან 45-ზე გაიცა ნებართვა, ხოლო რომლებიც იყო საღი, იმ ხეებზე იყო უარი. ამ შემთხვევაში, თუ ხდება ისე, რომ მაინც ხდება საღი ხეების მოჭრა, ეს შემდეგ უნდა დაადასტუროს შესაბამისმა ორგანიზაციამ, რომ მოიჭრა არა გამხმარი, არამედ საღი ხე.

სულხანიშვილის თქმით, მათ ნებართვის გაცემისას  “ფორესთ კონსალტინგის” დასკვნით იხელმძღვანელეს:

“რამოდენიმე ორგანიზაციაა ასეთი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, რომ დასკვნა გასცეს, ამ შემთხვევაში ეს არის “ფორესთ კონსალტინგი”, რომელშიც ძირითადად მეტყევეები არიან და ამ მეტყევეების დასკვნის საფუძველზე, რომლებიც ადგილზე სწავლობენ ამ ხეებს, ტოპოზე დააქვთ თითოეული ხე, მათი სახეობა, გარშემოწერილობა, ასაკი და მდგომარეობა და არის ჩამონათვალიც, ყველა ხეს აქვს დიამეტრი მითითებული და მდგომარეობა: ზეხმელია, დაავადებულია, ქარქცევადია, ამორტიზებულია თუ რა, და ასევე აქვს სპეციალური გრაფა, სადაც წერია, თუ ხე არის საღი”.

ის განმარტავს, რომ  მომხდარით დაინტერესებულია და შესაბამისი რეაგირება აუცილებლად მოჰყვება ჯანსაღი ხის მოჭრის ფაქტს, თუ ეს დადასტურდება.

გარემოსდამცველი ნატა ფერაძე კი აცხადებს, რომ ის ყველგან დაამტკიცებს, რომ საღი ხეები მოჭრეს და უვადო შიმშილობას აპირებს გამწვანების სამსახურის თანამშრობლების განთავისუფლებისა და კვალიფიციური კადრების აყვანის მოთხოვნით.

“პარტიზანული მებაღეობა თბილისში” მომხდარ ფაქტს აპროტესტებს და მერიასთან დღეს, 18:00 საათზე გეგმავს აქციის გამართვას.

ყაზბეგის N24-ში გაჩეხილი საღი ხეები. 17.08.2016. ფოტო: ათინა ბრეგვაძე/ნეტგაზეთი

ყაზბეგის N24-ში გაჩეხილი საღი ხეები. 17.08.2016. ფოტო: ათინა ბრეგვაძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი