ევროკომისარმა მარტა კოსმა წარადგინა გაფართოების პოლიტიკის რეფორმის ძირითადი პრინციპები, რომელსაც ევროპული საბჭო ოქტომბერში განიხილავს.

კოსის თანახმად, კომისიის ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოემზადოს ევროკავშირი მომავალი გაფართოებისთვის, ოთხ საკითხს ეფუძნება:

  • გარდამავალი ზომები: „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეთ ახალბედებს. იქ, სადაც არსებობს რისკი, ეს გავლენა საზიანო იყოს წევრი სახელმწიფოებისთვის, უნდა ვიმოქმედოთ მათი ინტერესების დასაცავად. ჩვენ გვაქვს შორს მიმავალი გარდამავალი ზომების გამოყენების დიდი გამოცდილება, რათა უზრუნველვყოთ ახალი წევრების შეუფერხებელი ინტეგრაცია. და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროკავშირის ბიუჯეტს კვლავ შეეძლოს ჩვენი პრიორიტეტების დაფინანსება“.
  • შიდა რეფორმები, „რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ უფრო დიდმა კავშირმა შეინარჩუნოს ქმედითუნარიანობა და შეძლოს სწრაფი ადაპტაცია კრიზისების დროს.  მოქმედი ხელშეკრულებები უკვე გვაძლევს მნიშვნელოვან სივრცეს გადაწყვეტილებების მიღებისა და ჩვენი ინსტიტუტების მუშაობის გასაუმჯობესებლად. ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესის მეტი მოქნილობისთვის. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმ სფეროების შემცირებას, სადაც ერთ წევრ სახელმწიფოს შეუძლია დაბლოკოს ყველა სხვა. ეს ასევე შეიძლება ნიშნავდეს ჩვენი ინსტიტუტების ზომის შემცირებას. ხოლო იქ, სადაც ყველა არ არის მზად ერთად წინსვლისთვის, წევრ სახელმწიფოთა უფრო მცირე ჯგუფებს შეუძლიათ ლიდერობის აღება, როგორც ეს უკვე ვნახეთ შენგენისა და ევროს შემთხვევაში“.
  • უსაფრთხოების მექანიზმები: „უნდა დავრწმუნდეთ, რომ არ შემოვუშვებთ „ტროას ცხენებს“ არც დღეს და არც 10 ან 20 წლის შემდეგ. ბოლოდროინდელმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ შესაძლოა, საჭირო გახდეს უფრო ძლიერი უსაფრთხოების მექანიზმები ჩვენი კავშირის ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად და საჭიროების შემთხვევაში — გამოსასწორებლად. ასეთი ზომები აუცილებელი საჭიროებაა და არა უბრალოდ სასურველი პირობა“.
  • ეტაპობრივი ინტეგრაცია: „ევროკავშირის გაფართოება უნდა განვითარდეს დღევანდელი რეალობის საპასუხოდ. გაწევრიანებისთვის მომზადებას დრო სჭირდება. მაგრამ დრო სწორედ ის არის, რასაც ჩვენი მოწინააღმდეგეები აღარ აძლევენ ჩვენს კანდიდატებს. ამიტომ, გაფართოების პროცესში უარი უნდა ვთქვათ ლოგიკაზე „ყველაფერი ან არაფერი“. ჩვენ გვჭირდება უფრო სტრუქტურირებული მიდგომა და უნდა ვეძებოთ ეტაპობრივი ინტეგრაციის უფრო ამბიციური გზები. გვსურს, კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანებამდე მოვუტანოთ ჩვენი კავშირის სარგებელი, რომელიც უნდა ფოკუსირდეს სტრატეგიულ სექტორებზე“.

მარტა კოსმა მომავალ გაფართოების მზადებას უწოდა ჩვენი თაობის „ჰელსინკის მომენტი“. 1999 წელს ევროპელი ლიდერები ჰელსინკიში შეიკრიბნენ, რათა განესაზღვრათ, რა იყო საჭირო ევროკავშირის მოსამზადებლად ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გაფართოებისთვის.

„ევროკავშირის გაფართოება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ჩვენი კავშირის ზომის გაზრდა. ჩვენს კონტინენტზე „რუხი ზონების“ დატოვება ყველას დაუცველს გვტოვებს და ზრდის გაურკვევლობას. გაფართოება ნიშნავს ისეთი ევროპის შექმნას, რომელსაც შეუძლია, დაიცვას საკუთარი ინტერესები სხვა გლობალურ ძალებთან მზარდი კონკურენციის პირობებში. ამაში წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ მოვახდენთ ჩვენი კონტინენტის სტაბილიზაციას და ევროკავშირში მივიღებთ იმ კანდიდატ ქვეყნებს, რომლებიც ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს. რადგან ვერცერთი ევროპული ქვეყანა ვერ შეძლებს მარტო მოქმედებას“, — განაცხადა კოსმა ზაგრებში, დიპლომატთა კონფერენციაზე.

მისი თქმით, 2026 წელი რეკორდული იქნება ევროკავშირის გაფართოების პროგრესის თვალსაზრისით. გაფართოების გზაზე მოწინავეები არიან მონტენეგრო, რომელმაც გაწევრიანების ხელშეკრულებაზე მუშაობა დაიწყო; ალბანეთი, რომელმაც დაიწყო მოლაპარაკებების თავების დახურვა. უკრაინამ და მოლდოვამ, კოსის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან ტექნიკურ პროგრესს მიაღწიეს ევროკავშირის მთელი კანონმდებლობის მიმართულებით და „ახლა დროა, ოფიციალურად გაიხსნას დარჩენილი კლასტერი“. ამავე კვირის ბოლოს, ისლანდია კენჭს უყრის გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებას. როგორც ერთიანი ბაზრის წევრს, კოსის თქმით, მას შეუძლია, დაასრულოს გაწევრიანების მოლაპარაკებები დღეიდან ერთ ან ორ წელიწადში.

„მე ასევე მსურს, რომ სხვა კანდიდატი ქვეყნებიც შეუერთდნენ ლიდერთა ამ ჯგუფს. და მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, თუ გამოავლენენ იგივე სიმტკიცეს თავიანთი ვალდებულებების შესასრულებლად და ნდობის მოსაპოვებლად ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან. თუმცა დღევანდელ მსოფლიოში ეს ნდობა გაცილებით მეტზეა დაფუძნებული, ვიდრე უბრალოდ ევროპული კანონმდებლობის მიღებაზე. უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ეს ასევე ეხება ქვეყნების სტრატეგიულ არჩევანს ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ვაჭრობის, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. კანდიდატმა ქვეყნებმა ნამდვილად უნდა აირჩიონ ევროპა. ჩვენი საერთო უსაფრთხოება. ჩვენი საერთო ფასეულობები“, — დასძინა ევროკომისარმა.

2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეცვლის შემდეგ, ევროკავშირს გაფართოება სტრატეგიულ აუცილებლობად აქვს გამოცხადებული. კავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნები არიან: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა. პოტენციური კანდიდატია კოსოვო. აქედან თურქეთთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაყინულია 2018 წლის შემდეგ. საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გახსნილა, კანდიდატის სტატუსი კი, ევროკავშირის შეფასებით, მხოლოდ ქაღალდზე რჩება მას შემდეგ, რაც საქართველომ არ შეასრულა წინაპირობები, რომლითაც ის მიიღო.

გაფართოებასა და რეფორმებზე სტრატეგიული განხილვა ევროპული საბჭოს 2026 წლის ოქტომბრის სამიტზე იგეგმება.

ამ თემაზე:

ირლანდიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და გაფართოება საქართველოს გარეშე