ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ სასამართლო სხდომებზე დასწრების აზრს ვერ ხედავს, ვინაიდან მისი წინააღმდეგ მორიგი სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკური პროცესია.

ღარიბაშვილი მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს პოლიტიკურ მასკარადს უწოდებს და ამბობს, რომ ახლა მისთვის ერთადერთი გზა და ბრძოლის იარაღი მისი სიმართლეა.

„გუშინ ხელისუფლებამ თავად დაამოწმა ჩემ მიერ წინა კვირას გამოქვეყნებული წერილის ავთენტურობა. საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ მე ყველაფერი ვცადე და მაქსიმუმი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა ეს პროცესი, მაგრამ აღმოვჩნდი სასტიკი რეალობის წინაშე.
ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლა, უსამართლობა და ბოროტება ჩემ წინააღმდეგ. მე აღარ ვაპირებ ამ სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას. შესაბამისად, არც სასამართლო პროცესში მივიღებ მონაწილეობას. ჩემს ინტერესებს მხოლოდ ჩემი ადვოკატები წარმოადგენენ და დაიცავენ.

აქვე ვაცხადებ, რომ ჩემი ამ გადაწყვეტილებით არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ — არც პროკურორებს და არც მოსამართლეებს. უბრალოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და ვიცი, რა და როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილის თქმით, მას აღარც ის აინტერესებს, ზეწოლის გზით რომელი „პატიმარი/მძევალი“ მისცემს მის წინააღმდეგ ჩვენებას. სავარაუდოდ, ღარიბაშვილი გულისხმობს პატიმრობაში მყოფ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს. პროკურატურის თანახმად, ღარიბაშვილის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით ახალი ბრალის წარდგენამდე გამოძიებასთან სწორედ ბურჭულაძემ ითანამშრომლა.

„მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! აღარც ის მაინტერესებს, რომელ პატიმარს/მძევალს თქვენი მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის მეთოდებით რას დააწერინებთ ჩემზე და რა ბრალს წამიყენებთ.

მოსახდენი უკვე მოხდა, ამიტომ, ჩემი ერთადერთი გზა და ბრძოლის იარაღი ჩემი სიმართლეა. ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს!“, – აცხადებს ღარიბაშვილი.


დღეს, 25 აგვისტოს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ დაესწრო თავის სასამართლო პროცესს, რომელიც მისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებასთან – კორუფციის საქმესთან დაკავშირებით გაიმართა. სასამართლოში არც მისი ოჯახის წევრები მისულან.

კორუფციის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე დაინიშნა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. თავად ღარიბაშვილი ან მისი ოჯახის წევრები სხდომას არ დასწრებიან. საქმის პროკურორი ანი ლეკიაშვილია.

პროკურატურა ირწმუნება, რომ თავდაცვის სამინისტროს საჯარო შესყიდვის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად ქრთამი აიღო, თითომ – 750 ათასი ლარი.

ღარიბაშვილი თავს უდანაშაულოდ ცნობს და პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს – დიდი ოდენობით ქრთამის აღება.

პროკურატურის განცხადებით, მის საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ითანამშრომლა.

მუხლი, რომლითაც მას ბრალი წარუდგინეს, 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.