ახალი ამბები |

კომიტეტებმა ხეების ჭრაზე კანონპროექტის ინიცირებას მხარი დაუჭირეს

20 დეკემბერი, 2016 | | 4544
კომიტეტებმა ხეების ჭრაზე კანონპროექტის ინიცირებას მხარი დაუჭირეს

დღეს, 20 დეკემბერს, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ხეების ჭრის პროცედურის გამარტივებაზე “M²”-ის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება განიხილეს და კანონპროექტის ინიცირებას მხარი დაუჭირეს.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა,   დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა და   გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა  წინადადებას მხარი დაუჭირა.

“M²”-ს მიაჩნია, რომ დაავადებული მწვანე ნარგავების მოჭრა მესაკუთრეს თავისი ტერიტორიის საზღვრებში თანხის გადახდის გარეშე უნდა შეეძლოს:

“რადგან დაავადებული ხე-მცენარეების არსებობა საშიშროებას წარმოადგენს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სხვა ნარგავების დაზიანების თვალსაზრისით და მათი დროული გაუვნებელყოფა უმთავრესად ქალაქის ინტერესში შედის.”

გუშინ, 19 დეკემბერს კომპანიამ განმარტა, რომ საზოგადოების ნაწილმა არასწორად აღიქვა m2-ის ინიციატივა და მზადყოფნას გამოთქვამს შეხვდეს ყველა დაინტერესებულ ადამიანს, რათა “განვუმარტოთ, თუ რა იგულისხმება წერილში, რომელიც საზოგადოებამ არასწორად გაიგო”.

“განვმარტავთ: m2 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვდა ორი საკითხის ინიცირებას: 1. დაავადებული ხეების მოჭრაზე მოსაკრებელის გაუქმებას; 2. მკაფიო რეგულაციების დაწესებას ხეების მოჭრის საკითხზე. m2 არ ითხოვს ჯანსაღი ხეების მოჭრის ნებართვას. პირიქით, წერილში ნათქვამია, რომ ჩვენი კომპანია საქართველოს პარლამენტს სთხოვს დააწესოს მკაფიო რეგულაციები ხეების მოჭრასთან დაკავშირებით. დღესდღეობით, საქმეში ჩახედული ადამიანები დაგვეთანხმებიან, ამ მიმართულებით სრული ქაოსია. გარწმუნებთ, რომ m2 არ ეძებს იოლ გზებს. პირიქით, ჩვენ გვსურს, რომ არსებობდეს რეგულაციები, რომლებსაც ჩვენ ყველანი დავემორჩელებით. მაგალითისთვის, კომპანია კანონმა დაავალდებულოს, რომ 1 მოჭრილი ხის ნაცვლად დარგოს 10 ახალი ხე და ა.შ”,- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო ის, კომიტეტი, პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით, განსაზღვრულ ვადაში შეიმუშავებს კანონპროექტს და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გადასცემს ბიუროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი