ახალი ამბები

ჯანდაცვის დაფინანსების გასაზრდელად მთავრობას 2016 წლის ბიუჯეტის შეცვლა სურს

13 დეკემბერი, 2016 • 2892
ჯანდაცვის დაფინანსების გასაზრდელად მთავრობას 2016 წლის ბიუჯეტის შეცვლა სურს

საქართველოს მთავრობას 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა სურს. პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, სხვადასხვა მხარჯავ დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვის და ზოგიერთ პროგრამაში არსებული ეკონომიის ხარჯზე ხორციელდება რესურსების მობილიზება ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამის დაფინანსებისათვის.

განმარტებითი ბარათის თანახმად, სხვადასხვა სამინისტროების და მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვის და ზოგიერთ პროგრამაში არსებული ეკონომიების ხარჯზე უწყებების ასიგნებები საბიუჯეტო სახსრების ნაწილში მცირდება 40.0 მლნ ლარით და მობილიზებული რესურსი მიიმართება ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამის დასაფინანსებლად.

კერძოდ, საქართველოს პარლამენტი – ასიგნებები მცირდება 2.0 მლნ ლარით, საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია – ასიგნებები მცირდება 2.0 მლნ ლარით; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ასიგნებები მცირდება 3.5 მლნ ლარით; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო – ასიგნებები მცირდება 9.0 მლნ ლარით;  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები ჯამურად იზრდება 80.4 მლნ ლარით და განისაზღვრება 750.4 მლნ ლარით, რაც ძირითადად გამოწვეულია კრედიტების ნაწილში 82.4 მლნ ლარის (პირდაპირი ჩარიცხვები) ასახვით;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – ასიგნებები 23.2 მლნ ლარით, მათ შორის „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ გრანტის ფარგლებში ათვისების ტენდენციიდან გამომდინარე პროგრამა მცირდება 16.8 მლნ ლარით. ჯამურად სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრება 952.0 მლნ ლარით;

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო – ასიგნებები იზრდება 69.5 მლნ ლარით და განისაზღვრება 204.5 მლნ ლარით, რაც ძირითადად გამოწვეულია საინვესტიციო გრანტებითა და კრედიტებით განსახორციელებელი პროექტების ათვისების ტენდენციით. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – სამინისტროს ბიუჯეტის მთლიანი ასიგნება უცვლელი რჩება და კვლავაც განისაზღვრება 950.0 მლნ ლარით, ამასთან, საინვესტიციო გრანტებისა და კრედიტების წყაროებით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში ზუსტდება გეგმები, პროექტების ათვისების ტენდენციის გათვალისწინებით;

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დონორი ორგანიზაციების გრანტების და კრედიტების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ათვისების ტენდენციიდან გამომდინარე სამინისტროს ასიგნებები მცირდება 10.3 მლ ლარით (მათ შორის გრანტი 1.5 მლნ ლარით, ხოლო კრედიტი 8.8 მლნ ლარით) და განისაზღვრება 311.1 მლნ ლარით;  საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახდელებში აისახება EBRD-ის დაფინანსების ფარგლებში თბილისის ავტობუსების შესყიდვაზე მიმართული სახსრები (გრანტი 2.0 მლნ ლარი და კრედიტი 14.8 მლნ ლარი), ასევე ზუსტდება ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსება. ჯამურად საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახდელების დონორების ნაწილი იზრდება 13.2 მლნ ლარით, ხოლო ბიუჯეტი განისაზღვრება 1 971.0 მლნ ლარით.   სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური – ასიგნებები მცირდება 0.6 მლნ ლარით;

ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამის  2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი განისზღვრულ იქნა 570.0 მლნ ლარით, მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებით გამოეყო 35.0 მლნ ლარი და ბიუჯეტი შეადგენს 605 მლნ ლარს. 2016 წლის 11 თვის საკასო შესრულების მიხედვით პროგრამის ფარგლებში ათვისებულია 600.0 მლნ ლარამდე. შესაბამისად, ზემოაღნიშნული უწყებების ბიუჯეტებში არსებული ეკონომიებიდან მობილიზებული რესურსი (40 მლნ ლარი) მიიმართება პროგრამის დასაფინანსებლად, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს მისი ბიუჯეტის ფარგლებში არსებული რესურსების მობილიზებას.

ამასთან, ბიუჯეტის გადასახდელები იზრდება 153.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 10 298.0 მლნ ლარით, მათ შორის:  საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში დაგეგმილი გადასახდელები რჩება უცვლელი და კვლავაც განისაზღრება 9 335.0 მლნ ლარით; გრანტების ფარგლებში დაგეგმილი გადასახდელები იზრდება 11.8 მლნ ლარით და განისაზღვრება 141.8 მლნ ლარით;  კრედიტების ფარგლებში დაგეგმილი გადასახდელები იზრდება 141.2 მლნ ლარით და განისაზღვრება 821.2 მლნ ლარით.

მასალების გადაბეჭდვის წესი