ნეტგაზეთი | რატომ აქვთ ბიჭებს გოგონებზე უკეთესი შედეგი ქიმიაში, ფიზიკასა და მათემატიკაში რატომ აქვთ ბიჭებს გოგონებზე უკეთესი შედეგი ქიმიაში, ფიზიკასა და მათემატიკაში – Netgazeti
RU | GE  

რატომ აქვთ ბიჭებს გოგონებზე უკეთესი შედეგი ქიმიაში, ფიზიკასა და მათემატიკაში

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OCED), “მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების” [PISA] 2015 შედეგების თანახმად, OCED-ის ქვეყნებში ბიჭების შედეგები გოგონების შედეგებს 4 ქულით აღემატება. ბიჭებს უკეთესი შედეგები აქვთ როგორც მეცნიერებაში, ისე მათემატიკაში. წიგნიერებაში გოგონების მაჩვენებელი ბიჭების მაჩვენებელს სჯობს, თუმცა წინა კვლევების სხვაობა 2015 წლის კვლევაში მნიშვნელოვნად შემცირებულია.

PISA-ს კვლევა მსოფლიოს განვითარებული და განვითარებადი ეკონომიკის მქონე 72 ქვეყანაში 2000 წლიდან მოყოლებული 3 წლის ინტერვალით ტარდება და მოზარდებში კითხვის, მათემატიკასა და მეცნიერებებში უნარებს აფასებს. თავად კვლევის კოორდინატორი ორგანიზაციაც და კვლევაც მნიშვნელოვანი რეპუტაციით სარგებლობს მსოფლიოში. ბოლო კვლევაში მსოფლიოს მასშტაბით 540 000-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

მეცნიერება

OCED-ის 24 ქვეყანაში მეცნიერებაში ბიჭების შედეგები უკეთესია, ვიდრე გოგონების. ყველაზე კარგი შედეგები ბიჭებს ავსტრიაში, კოსტა-რიკაში, იტალიაში აქვთ. ამ ქვეყნებში ბიჭების მაჩვენებელი გოგონებისას 15 ქულით აღემატება. მეცნიერებაში გოგონების შედეგები ბიჭებისას 22 ქვეყანაში აჭარბებს, მათ შორისაა საქართველო. ამ ჩამონათვალში შედიან ალბანეთი, ბულგარეთი, ფინეთი, იორდანია, ყატარი, ტრინიდადი და ტობაგო, არაბეთის გაერთიანებული ემირატები. 

33 ქვეყნის შედეგების მიხედვით, მეცნიერებაში საუკეთესო მაჩვენებლები უფრო მეტი რაოდენობით ბიჭებს აქვთ, ვიდრე გოგონებს. ფინეთი არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მეცნიერებაში საუკეთესო მაჩვენებელი მეტ გოგონას ჰქონდა, ვიდრე ბიჭს. თუმცა, მეორე მხრივ, 28 ქვეყანაში იმ მოსწავლეების უმეტესობა ბიჭია, ვისაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მეცნიერებაში, როცა მხოლოდ 5 ქვეყანაა ისეთი, სადაც გოგონაა იმ მოსაწავლეების უმეტესობა, ვისაც მეცნიერებაში დაბალი შედეგები აქვს.

კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ მოსწავლეების მეოთხედს მის სამომავალო საქმიანობად მეცნიერება წარმოუდგენია. მოსწავლეების ამჟამინდელი და სამომავლო ჩართულობა მეცნიერებაში კვლევამ ორი გზით გაზომა: პირველი- როგორ აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს მოსაწავლეები, რაში არიან ძლიერები და რაში სუსტები. მეორე- მათი დამოკიდებულება მეცნიერების მიმართ, მიაჩნიათ თუ არა ის საინტერესოდ, საჭიროდ, სახალისოდ და მნიშვნელოვნად.

OCED-ის ქვეყნებში ბიჭების (25%) და გოგონების (24%) რაოდენობა თითქმის ერთი და იგივეა, ვისაც მეცნიერებასთან დაკავშირებული პროფესია სურს, მაგრამ ბიჭებისა და გოგონების ინტერესები განსხვავებულია ამ სფეროსთან დაკავშირებით. მაგალითად, ბიჭები უფრო დაინტერესებული არიან ფიზიკითა და ქიმიით, როდესაც გოგონები მეტ ინტერესს იჩენენ ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.

57 ქვეყანაში უფრო მეტმა ბიჭმა, ვიდრე გოგომ, გამოხატა ინტერესი ფიზიკის ცნებების, მაგალითად, სიჩქარის, ხახუნის, გრავიტაციის მიმართ, ასევე ბიჭების რაოდენობა მეტია, ვისაც ენერგეტიკა, კონსერვაცია და ქიმიური რეაქციები აინტერესებს. ამასთანავე, თითქმის ყველა ქვეყანაში უფრო მეტი გოგო, ვიდრე ბიჭი, დაინტერესებულია იმუშაოს ექიმად, ექთნად ან ვეტერინარად.

კვლევის შედეგების თანახმად, ძალიან ცოტა მოსწავლემ აღნიშნა, რომ ისინი სამეცნიერო ტელეგადაცემებს უყურებენ, ან სამეცნიერო საკითხების შესახებ ვებ-გვერდებს  სტუმრობენ, ან სამეცნიერო საგაზეთო სტატიებს კითხულობდნენ. 

კვლევამ აჩვენა, რომ მეცნიერებაში კარგი მაჩვენებლი მოსწავლეების თავდაჯერებულობაზეც აისახება. 39 ქვეყანაში ბიჭებმა უფრო მეტი თვითრწმენა გამოავლინეს ამა თუ იმ დავალების გამკლავების მოლოდინის მიმართ, ვიდრე გოგონებმა. ეს განსხვავება განსაკუთრებულად მაღალი იყო დანიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ისლანდიაში, შვედეთში.

მოსწავლეებს, რომლებსაც საკუთარი თავის მიმართ დაბალი მოლოდინი აქვთ, უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვთ დავალებების შესრულებისას. გენდერული სხვაობა თვითრმწმენებში ასევე აისახება გენდერულ სხვაობაში მაჩვენებლების კუთხით, განსაკუთრებით იმ მოსწავლეებში, რომლებსაც კარგი შედეგები აქვთ მეცნიერებაში. საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ბიჭების 10 %-ის ქულა გაცილებით მაღალია, ვიდრე საუკეთესო მაჩვენებლის მქონე გოგონების 10%-ის ქულა. ბიჭებს, რომლებსაც მაღალი ქულა აქვთ მეცნიერებაში, ასევე აქვთ მაღალი რწმენა იმის შესახებ, რომ შეუძლიათ, ამა თუ იმ ამოცანას გაუმკლავდნენ. ამის საპირისპიროდ ქვეყნებში, სადაც გოგოებს მაღალი თვითრწმენა აქვთ საკუთარი თავისადმი, ეს თვითრწმენა არ აისახება მათ შედეგებზე, თუ ბიჭებს სჯერათ, რომ შეუძლიათ ამა თუ იმ ამოცანის ამოხსნა და მართლაც, მათი ქულა აჭარბებს გოგონების ქულას, იმ გოგონების ქულები, ვისაც მაღალი თვითრწმენა აქვს, არ განსხვავდება ბიჭების ქულებისგან. 

წიგნიერება

PISA-ს კვლევების არსებობის მანძილზე, წლების მიხედვით, ყველა ქვეყანაში წიგნიერებაში გოგონებს უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდათ ბიჭებთან შედარებით. 2015 წლის შემთხვევაშიც ეს ტენდენცია შენარჩუნებულია. OCED-ის ქვეყნებში გოგონების შედეგები წიგნიერებაში 27 ქულით აღემატება ბიჭებისას, მაგრამ 2009- 2012 წლის ქულებთან შედარებით ეს სხვაობა 12 ქულითაა შემცირებული. კვლევა ამბობს, რომ ამ წლების მანძილზე ბიჭების შედეგები გაუმჯობესდა, განსაკუთრებით, კარგი მაჩვენებლების მქონე ბიჭების. მაშინ, როდესაც გოგონების მაჩვენებლები გაუარესდა, განსაკუთრებით, დაბალი შედეგების მქონე გოგონების. საბოლოო ჯამში, 32 ქვეყნის შემთხვევაში წიგნიერებაში გენდერული სხვაობა შემცირდა, თუმცა 29 ქვეყნის შემთხვევაში სხვაობა რჩება.

მათემატიკა

OCED-ის ქვეყნებში ბიჭებს მათემატიკაში საშუალოდ 8 ქულით უკეთესი შედეგი აქვთ, ვიდრე გოგონებს. ყველაზე დიდი სხვაობა ავსტრიაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, ჩილეში, კოსტა რიკაში, გერმანიაში, ირლანდიაში, იტალიაში, ლიბანში და ესპანეთში დაფიქსირდა. ამ ქვეყნებში ბიჭების შედეგები გოგონების შედეგებზე 15 ქულით მაღალია მათემატიკაში. თუმცა 9 ქვეყანაში, მათ შორის საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყნებში, როგორიცაა ფინეთი და მაკაო (ჩინეთი), ასევე ალბანეთში, საქართველოში, იორდანიაში, ყატარში, მალაიზიაში, ტრინიდადსა და ტობაგოში მათემატიკაში გოგონების მაჩვენებელი უკეთესია, ვიდრე ბიჭების. 

სტერეოტიპები, გენდერი და შედეგები

PISA-ს კვლევები მუდმივად იკვლევდა გენდერული სხვაობების საკითხს შედეგების კუთხით. წინა კვლევების მიხედვით, მეცნიერებაში და მათემატიკაში ბიჭებს უკეთესი შედეგები ჰქონდათ, ვიდრე გოგონებს, თუმცა გოგონების შედეგები წიგნიერებაში ბიჭების შედეგებს ყოველთვის სჯობდა, ორგანიზაციამ იკვლია გენდერის როლი შედეგების კუთხით და მიიჩნევენ, რომ სხვაობა გამოწვეულია იმ სტერეოტიპებითა და მოლოდინებით, რომლებიც სქესთან და პროფესისთან დაკავშირებით არსებობს. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ მასწავლებლებს და მშობლებს შეუძლიათ შეცვალონ ეს სტერეოტიპები, რაც საშუალებას მისცემს გოგონებს, მათ პოტენციალი სრულად გამოავლინონ.

“მეცნიერების ისეთი საგნების მიმართ, როგორიცაა მათემატიკა და წიგნიერება, შედეგებში გენდერული სხვაობა მინიმალურია, ეს გვაძლევს საშუალებას ვამტკიცოთ, რომ სხვაობა არ მომდინარეობს რაიმე თანდაყოლილი უნარით, რომელიც სქესთანაა დაკავშირებული, არამედ გარემო ფაქტორებით, რომელზეც მასწავლებლებს, მშობლებს, განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელებს, საზოგადოებრივი აზრის შემქმნელებს გავლენის მოხდენა შეუძლიათ”,-ვკითხულობთ კვლევაში.

შედეგების მიხედვით, 2015 წლის კვლევაში მოსწავლეების უმეტესობამ მეცნიერების მიმართ ინტერესი გამოხატა და აღნიშნა, რომ მეცნიერება მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიოში, მაგრამ მხოლოდ უმცირესობამ თქვა, რომ დაკავებულია მეცნიერებასთან დაკავშირებული აქტივობებით. გოგონები და ბიჭები, მათი ძლიერი თუ სუსტი ბექგრაუნდის გათვალისწინებით განსხვავდებიან მეცნიერებაში ჩართულობის კუთხით და იმითაც, თუ სამომავლოდ რამდენად ხედავდნენ სამეცნიერო სამუშოში იყვნენ ჩართულნი.

“სტერეოტიპები მეცნიერების და მეცნიერებასთან დაკავშირებული პროფესიების შესახებ ზოგიერთ მოსწავლეს უკარგავს სურვილს ჩართული იყოს სამეცნიერო სფეროში. მაგალითად, მიიჩნევა, რომ “კომპიუტერული მეცნიერებები” მასკულინური სამუშაოა, როდესაც  ბიოლოგია უფრო  ფემინურ სფეროდ მიიჩნევა. ასევე გავრცელებულია სტერეოტიპი, რომ მეცნიერები წარმატებას აღწევენ, რადგან მათი უნარებია განსაკუთრებული და შრომა არაფერ შუაშია”,- ვკითხულობთ კვლევაში.


PISA საერთაშორისო კვლევაა, რომელიც ამოწმებს 15 წლის მოზარდების მზაობას, გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რომლებიც სკოლაში მიიღეს. ეს ის ასაკია, როცა მოსწავლეები თითქმის ასრულებენ სავალდებულო განათლების კურსს.

PISA-ს მიზანს არ წარმოადგენს, შეამოწმოს, თუ რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა უშუალოდ სკოლის პროგრამა, არამედ მიმართულია განსაზღვროს, რამდენად კარგად არიან მოსწავლეები მომზადებული საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური და სრულფასოვანი ჩართულობისათვის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com