ახალი ამბებიკომენტარი

ომბუდსმენი ხელისუფლებას მოუწოდებს, მოხეში მუსლიმებისთვის სალოცავი ადგილი განსაზღვროს

15 ოქტომბერი, 2016 • 1584
ომბუდსმენი ხელისუფლებას მოუწოდებს, მოხეში მუსლიმებისთვის სალოცავი ადგილი განსაზღვროს

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, სწრაფად გადაწყვიტოს სოფელ მოხეში სადავო შენობის კუთვნილების საკითხი და მუსლიმებისთვის განსაზღვროს სალოცავი ადგილი, რომელიც მისაღები იქნება მუსლიმი თემისათვის და არ შექმნის რელიგიური ნიშნით დაპირისპირების საფუძველს.  

ეს განცხადება ომბუდსმენმა დღეს, 15 ოქტომბერს გაავრცელა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დღეს მუსლიმებმა მოხეში სადავო შენობის გარეთ ილოცეს, რადგანაც პოლიციამ 14 ოქტომბერს სადავო შენობის შესასვლელი ჩაკეტა, ხოლო შენობას ლენტა შემოავლო და იქ პატრულირებს.  

შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, თუმცა მუსლიმი თემი მიიჩნევს, რომ ამ შენობაში წლების წინ მეჩეთი იყო და რადგანაც სალოცავი ადგილი არა აქვთ, ხელისუფლებას იქ მეჩეთის გახსნას წლებია სთხოვენ. შენობაზე პრეტენზიას აცხადებენ მართლმადიდებლებიც.

როგორც მუსულიმები აღნიშნავენ, მათ მიერ სადავო ნაგებობაში ლოცვა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მათ არ აქვთ ხელმისაწვდომობა ადგილზე, სადაც რელიგიურ რიტუალს განახორციელებენ.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ რელიგიის თავისუფლების ერთ-ერთი გამოხატულება არის ღვთისმსახურების ადგილის არსებობა და ლოცვა სხვებთან ერთად, რის შესაძლებლობას მუსლიმი თემი ამჟამად მოკლებულია. ცალკეული ინდივიდებისთვის თუ რელიგიური გაერთიანებისთვის რელიგიის თავისუფლების რეალიზაციის ხელშეშლა იწვევს მათ უთანასწორო მდგომარეობას და შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, წარმოადგენდეს დისკრიმინაციას რელიგიის ნიშნით”, – ნათქვამია ომბუდსმენის 15 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

“მნიშვნელოვანია, რომ შენობის კუთვნილების გაურკვევლობის გამო მოხეში ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება 2014 წელს მოხდა, რის შემდეგაც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ქმედითი ღონისძიებების გატარება და დარჩა კონფლიქტური კერა, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს კვლავ დაძაბულობის საბაბი გახდეს.

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, სწრაფად გადაწყვიტოს სადავო შენობის კუთვნილების საკითხი და მუსლიმებისთვის მოხეში განსაზღვროს სალოცავი ადგილი, რომელიც მისაღები იქნება მუსლიმი თემისათვის და არ შექმნის რელიგიური ნიშნით დაპირისპირების საფუძველს.  ამასთან, სახალხო დამცველი აქტიურად დააკვირდება მოხეში ადგილობრივი მუსლიმი თემის სალოცავი ადგილით უზრუნველყოფის პროცესს”, – აცხადებს ომბუდსმენი.

მასალების გადაბეჭდვის წესი