ახალი ამბები

“სოლიდარობა ადიგენის ქართველ მუსლიმებს” – მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

12 აპრილი, 2024 •
“სოლიდარობა ადიგენის ქართველ მუსლიმებს” – მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა ადიგენში მცხოვრები ქართველი მუსლიმების სოლიდარობის აქცია. მონაწილეები სიმბოლურად შეიკრიბნენ პარასკევს – ლოცვის დღეს, რათა მხარდაჭერა გამოეცხადებინათ თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ადიგენში ლოცვას ვერ ახერხებენ. 

“სახელმწიფო არ იჩენს საკმარის ძალისხმევას, რომ ეს კონფლიქტი მოგვარდეს. დღეს არის პარასკევი და, სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ვერ ასრულებენ ლოცვას, რაც მიუღებელია. ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას”, – ამბობს უფლებადამცველი აქტივისტი, თოზუ გულმამედლი.

აქციას შეუერთდა “სოციალური სამართლიანობის ცენტრიც”. ორგანიზაციის თანასწორობის პროგრამის დირექტორმა, თამთა მიქელაძემ განაცხადა, რომ რადგან სახელმწიფო ვერ და არ სწევს საკმარის ძალისხმევას, რათა ადიგენში შექმნილი დაძაბულობა განიმუხტოს, ადგილობრივ მუსლიმებს უწევთ, დათმონ ლოცვის უფლება მშვიდობის შესანარჩუნებლად.

“მუსლიმებს, რომლებიც მშვიდობიანად, დათმობით, საკუთარ უფლებებზე დროებით უარის თქმით ცდილობენ სოციალური მშვიდობის შენარჩუნებას ადგილზე, ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას. ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ ისინი მარტო არ არიან. ქართული სამოქალაქო საზოგადოება, სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები მათ გვერდით არიან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დემოკრატიული და სამართლიანი მექანიზმებით იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება გახდეს უფრო სოლიდარული”, – განაცხადა თამთა მიქელაძემ.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრთან” ერთად, აქციის ორგანიზატორები არიან შემდეგი სამოქალაქო ორგანიზაციები: “სოლიდარობის თემი”, “სოლიდარობის პლატფორმა”, “პლატფორმა სალამი”, “სოლიდარობის მოძრაობა”, “საქართველოს უდიები”, “ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის” და “სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი”.

“ადიგენში ახლა მიმდინარე მოვლენები თუ დღემდე მომხდარი ყველა დაპირსიპირება საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რადგან სწორედ მისი ვალდებულებაა იზრუნოს ყველა ადამიანის უსაფრთოებაზე, თავისუფლებებზე და ღირსებაზე.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელიც რელიგიური ორგანიზაციების კონტროლზე მიმართული უწყებაა და მას 10 წელია არაფერი გაუკეთებია რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიური თანასწორობის კლიმატის შესაქმენლად ქვეყანაში, არ არის ის უწყება, რომელიც შეძლებს ადიგენში რელიგიის თავისუფლების და თანასწორობის დაცვას. ეს უწყება მით უფრო უუნაროა, ხელი შეუწყოს კონფლიქტების მართვასა და თემთაშორისი ნდობის აღდგენას დემოკრატიული და უფლებებზე ორიენტირებული მიდგომებით”, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რამდენიმე თვეა ადიგენში მცხოვრებ მუსლიმ მოქალაქეებს არ ეძლევათ ლოცვის მშვიდობიან პირობებში ჩატარების უფლება. მარტის დასაწყისში მუნიციპალიტეტის ცენტრში, მოქალაქე მერაბ მიქელაძის კერძო საკუთრებაში მოწყობილ სალოცავთან მუსლიმ მრევლს მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მოქალაქეთა ნაწილი მიუვარდა.

„გამოდი, გამოეთრიე გარეთ“, „გაგიხევ სახეს, დედას ვფიცავარ თუ არ დაგტოვო კოჭლი“ – ასე მიმართავდა შენობაში მყოფ პირს, ერთ-ერთი კაცი, რომელსაც სასულიერო პირის სამოსი ეცვა.

ადგილობრივი მუსლიმების განცხადებით, მსგავსი თავდასხმები პირველი არ ყოფილა და ისინი მოძალადეების დასჯას და მუსლიმებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას სთხოვდნენ ხელისუფლებას.

10 აპრილს სამცხე-ჯავახეთის მუფთმა, მამუკა ვაშაყმაძემ განაცხადა, რომ ადგილობრივი მუსლიმები პარასკევის ლოცვებს აღარ ჩაატარებდნენ. მიზეზად სახელდება ბოლო კვირებში განვითარებული მოვლენები. ადგილობრივი მუსლიმები აცხადებენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებისთვის, რათა მომავალში დაძაბულობის გარეშე მოახერხონ ლოცვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი