ახალი ამბებისაზოგადოება

თავი შეიკავეთ  ჯუმის ლოცვაზე ხალხმრავალი შეკრებისგან –  მუსლიმთა სამმართველო

14 მარტი, 2024 • 1820
თავი შეიკავეთ  ჯუმის ლოცვაზე ხალხმრავალი შეკრებისგან –  მუსლიმთა სამმართველო

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო 14 მარტს განცხადებას ავრცელებს და ადიგინში მცხოვრებ მუსლიმებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პარასკევს, ჯუმის ლოცვაზე ხალხმრავალი შეკრებისგან. გასულ კვირას მართლმადიდებელი სასულიერო პირები ადიგენში თავს დაესხნენ მუსლიმებს და ხელი შეუშალეს ლოცვაში. 

“უკანასკნელ პერიოდში ადიგენში დრამატულად განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია ჩვენი და რეგიონის საერთო მღელვარება. რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება და რწმენის შეუწყნარებლობა ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებულ ტოლერანტობის ტრადიციებს. საქართველო მუდამ გამორჩეული იყო ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით, რაც განაპირობა ქვეყნის მოსახლეობის ერთგულებამ ამ ფასეულობებისადმი.

დაუშვებლად მიგვაჩნია რომელიმე მხარის მიერ რელიგიის სახელით დაპირისპირების პროვოცირება და აღნიშნულის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის, რადგან მსგავსმა დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ჩვენი ხალხის მშვიდობიან თანაცხოვრებას.

მივმართავთ ჩვენს სულიერ ძმებს და მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ პარასკევს დაბა ადიგენში ჯუმის ლოცვაზე ხალხმრავალი შეკრებისგან. როგორც საჯაროდ გაჟღერდა, მოლაპარაკებაში ჩართული მხარეები მოწადინებული არიან, უახლოეს დღეებში მივიდნენ საერთო შეთანხმებამდე. ჩვენ ვლოცულობთ და მომავალშიც ერთად ვილოცებთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ხელისუფლების ჩართულობით დაწყებულია აქტიური მუშაობა კონფლიქტის მოსაგვარებლად და იმედს გამოვთქვამთ, რომ მხარეები გამოიჩენენ კეთილგონიერებას, გაითავისებენ პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავლის წინაშე და დიალოგის ფორმატში შეძლებენ პრობლემის დაძლევას”, – ნათქვამია მუსლიმთა სამმართველოს განცხადებაში. 


  • გასულ კვირას,  8 მარტს პარასკევის ტრადიციული ჯუმა ლოცვის დროს მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი (200-მდე ადამიანი) დაბა ადიგენში, მუსლიმ  იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის კუთვნილ შენობასთან შეიკრიბა და იქ მყოფ მუსლიმებს სახლის დატოვება მოსთხოვა. ამ დროს იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის კუთვნილ შენობაში მხოლოდ 3 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ლოცვას აღავლენდნენ.
  • გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ზარზმის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ გეწაძე, პოლიციის კორდონის მიუხედავად, ცდილობდა იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის სახლში შეჭრას და ძალადობით ემუქრებოდა მას.
  • ვიდეოში ისმის ნიკოლოზ გეწაძის ხმა და იგი შემდეგი სიტყვებით მიმართავს მერაბ მიქელაძეს: „გაგიხევ სახეს შე [გინება]”, “დედას ვფიცავარ, თუ არ დაგტოვო კოჭლი სამუდამოდ.“
  • მღვდელი ასევე უთითებდა: „ეს სახლი შენი ვერასდროს ვერ იქნება“ და შემდეგ მისი თანმხლებლები პირები იმეორებდნენ: „ჩვენი იქნება, ქართველი ხალხის“, „ქრისტიანების იქნება“.
  • 12 მარტს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, დაბა ადიგენში ქართველი მუსლიმების დევნის გამოძიების მოთხოვნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა და 8 მარტს განვითარებული მოვლენების სამართლებრივი შეფასება და სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის საფუძველზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი