ახალი ამბები

რელიგიის სააგენტო უნდა გაუქმდეს – EMC, მუსლიმთა კავშირი, ევანგელური ეკლესია და სხვები

18 იანვარი, 2021 • 1911
რელიგიის სააგენტო უნდა გაუქმდეს – EMC, მუსლიმთა კავშირი, ევანგელური ეკლესია და სხვები

გურიის სოფელ ბუკნარში განვითარებული მოვლენების ფონზე, რელიგიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია EMC და რამდენიმე არადომინანტური რელიგიური გაერთიანება სახელმწიფოს მოუწოდებენ, გააუქმოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მთავრობამ 2014 წელს შექმნა. ახალი უწყება უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მოექცა. მას დაარსების დღიდან ზაზა ვაშაყმაძე ხელმძღვანელობს.

სააგენტოს წლებია აკრიტიკებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და მიიჩნევენ, რომ ის შეიქმნა  არადომინანტური რელიგიური თემების, განსაკურებით კი მუსლიმების, „კონტროლის“ მიზნით.

რელიგიის სააგენტოს გაუქმების მოთხოვნა ორგანიზაციების დღის წესრიგში კიდევ ერთხელ მას შემდეგ დადგა, რაც გურიაში, ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მოხდა დაპირისპირება ქრისტიან და მუსლიმ თემს შორის [ვითარება საბოლოოდ განიმუხტა და მხარეები შერიგდნენ].

ვრცლად:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/322991/

„წინა, მსგავსი შემთხვევები“

7-მა ორგანიზაციამ, — EMC-მ, ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ, ქართველ მუსლიმთა კავშირმა, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველომ, ევანგელისტურმა ეკლესიამ და „სოლიდარობის პლატფორმამ“ და პლატფორმა „სალამმა“, — ბუკნარის მოვლენების ფონზე განაცხადეს, რომ:

„ბუკნარში ქართველი მუსლიმი თემის მიმართ გამოვლენილი რელიგიური შევიწროება არ არის პირველი და ერთეული შემთხვევა“.

მსგავს შემთხვევებს განცხადების ავტორები უწოდებენ რელიგიური კონფლიქტების ჯაჭვს, რაც გამოვლინდა სოფელ ციხისძირში (2011), სოფელ ნიგვზიანში (2012), სოფელ წინწყაროში (2013), სოფელ სამთაწყაროში (2013), სოფელ ჭელაში (2013), ქობულეთში (2014), სოფელ მოხესა (2014) და  სოფელ ადიგენში (2016).

„სამწუხაროდ, სახელმწიფო უწყებებს აღნიშნულ კონფლიქტებზე სათანადო სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება არ ჰქონიათ. ზოგიერთ შემთხვევაში სიტუაციის განმუხტვა  მუსლიმი თემის რელიგიური უფლებებისა და საჭიროების სრული უგულებელყოფის ხარჯზე მოხდა“.

ასეთ მაგალითებად ორგანიზაციების მოჰყავთ გარემოება, რომ სამთაწყაროში ჯამეს გახსნა ადგილობრივი თემის მიერ შეძენილ კერძო სახლში მაინც ვერ მოხერხდა; ქობულეთის მუსლიმური პანსიონატი ამ დრომდე დაკეტილია; ხოლო მოხის ისტორიული მეჩეთისთვის ამგვარი სტატუსის მინიჭება ამისთვის საგანგებოდ შექმნილი კომისიის მუშაობის მიუხედავად არ მომხდარა.

„ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა თითქმის არც ერთ ინციდენტზე და რელიგიური დევნისა და ძალადობის ფაქტებზე არავის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, მათ შორის, მაშინ როცა ადგილობრივი მუსლიმი გლეხების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების აშკარა შემთხვევები დაფიქსირდა (მაგალითად, სოფელ ჭელასა და მოხეში)“, – წერია განცხადებაში.

ამასთან, ორგანიზაციების თანახმად, უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების პრობლემის მიღმა, არც ერთ შემთხევაში სახელმწიფო უწყებებს მსგავსი კონფლიქტის სისტემური მიზეზები არ შეუსწავლიათ.

ბუკნარის ეპიზოდი და სააგენტოს როლი

ორგანიზაციების შეფასებით, ბუკნარში გამოვლენილი რელიგიური შევიწროების შემთხვევაზე სახელმწიფოს შედარებით აქტიური რეაგირება ჰქონდა; ამასთან, მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირებმა „რელიგიის თავისუფლების და თანასწორობის სასარგებლო განცხადებებიც“ გააკეთეს, თუმცა პრობლემა შემდეგნაირად რჩება:

„დომინანტური რელიგიური თემის შიგნით გამოვლენილი პრობლემური ხედვებისა და სენტიმენტების, ასევე ჩვენს გარემოში გაბატონებული ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგიის გათვალისწინებით, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ სოფელ ბუკნარის თემში და ასევე, რელიგიური/ეთნიკური კონფლიქტის გამოცდილების ან ამგვარი რისკის მქონე თემებში გრძელვადიანი ტრანსფორმაციული პოლიტიკა გაატაროს“.

სწორედ აქ მიუთითებენ ორგანიზაციები, რომ კვლავ გამოიკვეთა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს „მკვეთრად არაეფექტიანი როლი და წლების განმავლობაში მისივე ორგანიზებული პოლიტიკის მძიმე შედეგები“.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ უწყების კომპეტენციაში რელიგიური დაპირისპირების გადაჭრის ხელშეწყობა შედის, სოფელ ბუკნარში გამოვლენილი კონფლიქტების გადაჭრაში უწყება აქტორი არ ყოფილა და მათი მონაწილეობა მედიაციის პროცესში ხილვადი არ იყო, რაც ამ უწყების მიმართ არსებული მკვეთრი კრიტიკითა და უნდობლობით უნდა აიხსნას“, – წერია განცახდებაში.

„მეტიც, მედიაში უწყების ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის რეალურ გამოწვევებსა და რელიგიური თემების საჭიროებებს ღიად უგულებელყოფს. ამასთან ცალკე ყურადღება უნდა დაეთმოს სოფელ ბუკნარის კონფლიქტზე მიმდინარე მოლაპარაკებების დროს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიმართ მუსლიმი თემის მიერ გაჟღერებულ კრიტიკას, რომელიც სწორედ სააგენტოს და უფრო ფართოდ მთავრობის  მხრიდან არადომინანტური რელიგიური ორგანიზაციების კონტროლზე დაფუძნებული პოლიტიკის შედეგია“, – წერენ ისინი.

სააგენტოს კრიტიკა

ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ დაკვირვებით, ცვლილიებების პროცესს არსებითად აფერხებს მთავრობის მიერ რელიგიის თავისუფლების სფეროს დანახვის პრობლემური პერსპექტივა და მისი ინსტიტუციური მოწყობა, სადაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამ სფეროში მთავრობის ექსკლუზიური აქტორად განიხილება.

„ჩვენთვის წარმოუდგენელია ამ უწყებისა და მისი პოლიტიკის არსებობის  პირობებში რელიგიის თავისუფლების სფეროში პოლიტიკის პოზიტიური ცვლილება და ამისთვის აუცილებელი დემოკრატიული კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებებთან,  რადგან აღნიშნულ უწყებას:

  1. პრობლემური მანდატი და ბუნდოვანი კომპეტენციები აქვს, რომელიც მას თვითნებობის და არადემოკრატიული/არაგამჭირვალე მუშაობის შესაძლებლობებს აძლევს;
  2. რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკის მეტწილად უსაფრთხოებაზე და იერარქიებზე დაფუძნებული  ხედვები აქვს;
  3. ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო მუშაობის გამოცდილება აქვს;
  4. რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა აქტორების დაბალი ნდობა აქვს“.

ზაზა მიქელაძემ, რომელიც „ქართველ მუსლიმთა კავშირს“ წარმოადგენს, 18 იანვარს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მუსლიმთა სამმართველო, რომელიც, მისი თქმით, სააგენტოს გავლენის ქვეშაა, დღემდე ვერ ახერხებს, იყოს მუსლიმი თემის წარმომადგენელი.  ამის მაგალითად მან გაიხსენა მუფთის არჩევის პროცესი:

„მუფთის არჩევის პროცესში კარგად გამოჩნდა, რომ მრევლის ჩარევის გარეშე მიიღება გადაწყვეტილება და მუფტი, არა თუ ირჩევა, არამედ არა ინიშნება. ინიშნება სუს-ის პირდაპირი ჩარევით“.

ვრცლად ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/246680/

„სამუფტოსა და ხალხის ინტერესების აცდენის“ მაგალითად ზაზა მიქელაძემ შემდეგი მაგალითი მოიტანა: „როცა ინტენსიური გახდა ბათუმში მეჩეთის აშენებაზე საუბარი მულიმი თემის მხრიდან, ამ დროს საპირისპირო პოზიცია დაიკავა მუსლიმთა სამმართველომ, რომელიც სახელმწიფო მესვეურთა [მათ შორის სააგენტოს] პოზიციაზე დადგა… სამმართველომ ვერ მოახერხა, ყოფილიყო თემის წარმომადგენელი“, – განაცხადა მან.

მოთხოვნები

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ორგანიზაციები სახელმწიფოს — პარლამენტსა და მთავრობას — მოუწოდებენ:

 

  1. შეცვალოს რელიგიურ ორგანიზაციებთან და თემებთან მუშაობის არსებული პერსპექტივა და ის თანასწორობის, რელიგიური ნეიტრალიტეტისა და რელიგიის თავისუფლების სტანდარტების განუხრელ დაცვას დააფუძნოს, ნაცვლად უსაფრთხოების, კონტროლის და რელიგიური ჯგუფების იერარქიზების მიდგომისა. ამ კუთხით არსებითია შეწყდეს ცალკეული რელიგიური ორგანიზაციების კონტროლისა და მათ ავტონომიაში ჩარევის პრაქტიკა, რომელსაც უნდობლობისა და არაფორმალური ორგანიზების ნეგატიური პრაქტიკები მოჰყვება;
  2. შეიმუშავოს რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკის რეფორმის თანმიმდევრული გეგმა, რომელიც ადგილობრივი და საერთაშრისო აქტორების რეკომენდაციებს, ასევე სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან და ადამიანის უფლებათა აქტორებთან ორგანიზებულ დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება;
  3. გააუქმოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო და რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციისა და პოლიტიკის კოორდინაციის ახალ მოდელებზე იმუშავოს, რომელიც შექმნილი ნეგატიური გამოცდილებების კრიტიკულ ანალიზსა და შესაბამის აქტორებთან დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი