ახალი ამბები

პოლიციამ მუსლიმების ლოცვის შემდეგ სადავო შენობის შესასვლელი აჭედა

14 ოქტომბერი, 2016 • 1953
პოლიციამ მუსლიმების ლოცვის შემდეგ სადავო შენობის შესასვლელი აჭედა

14 ოქტომბერს ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მდებარე სადავო შენობის კარი პოლიციამ მას შემდეგ აჭედა, რაც იქ მუსლიმები მივიდნენ და ლოცვა დაიწყეს. ამ შენობის წარმომავლობას კი შესაბამისი კომისია ორი წელია ადგენს.

ინფორმაციას პოლიციის მიერ შენობის აჭედვის თაობაზე ადგილობრივი, სანდო გამოცემა სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. გამოცემამ გუშინ გაავრცელა ცნობა, რომ სადავო შენობასთან მუსლიმებმა ლოცვა დაიწყეს.

ადგილობრივმა მუსლიმებმა sknews-ს განუცხადეს, რომ  ის შენობა, სადაც აქამდე ლოცულობდნენ, მეპატრონეს დასჭირდა და ამიტომაც მივიდნენ იმ შენობასთან, სადაც მეჩეთის აშენებას რამდენიმე წელია ითხოვენ.

თუმცა მუსლიმებმა მხოლოდ რამდენიმე დღე მოასწრეს შენობაში ლოცვა, რომელიც პრაქტიკულად ნანგრევებს წარმოადგენს – მას არა აქვს სახურავი და ღია შესასავლელი და გასასვლელი აქვს.

მუსლიმების ლოცვა სადაო შენობაში. სოფელი მოხე, ადიგენი, საქართველო. 13/10/2016 ფოტო: sknews.ge/თამუნა უჩიძე

„პარასკევის ლოცვა რომ დავასრულეთ და გამოვედით, მერე მოვიდნენ სამართალდამცავები და კარი აჭედეს. სოფელში სრული სიმშვიდეა“, – უთხრა  მოხეში მცხოვრები მუსლიმმა თემურ მიქელაძემ sknews-ს.

14 ოქტომბერს  მუსლიმების ლოცვას პროვოკაცია უწოდა  ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა  მეუფე თეოდორემ. ის და მისი მრევლი მოხეში მუსლიმების მეჩეთის აშენებას ეწინააღმდეგებიან.

“მივმართავ სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, დაიცვან სოფელ მოხესა და მიმდებარე სოფლებში მართლმადიდებელი მოსახლეობის უფლებები, რომლებიც უმცირესობას წარმოადგენენ, და გამოიძიონ, ვინ გეგმავს ამ პროვოკაციას და ცდილობს გამოიწვიოს დაპირისპირება ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის”.

მისივე ინფორმაციით, 13 ოქტომბერს ამ თემაზე  გამგეობაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ეპისკოპოსის გარდა   ესწრებოდნენ  საკრებულოს წევრები, ასევე, საქართველოს მუფტის მოადგილე, სამუფტო სამმართველოს წარმომადგენლები, ჯავახეთის მუფტი და რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელი.

რელიგიის სააგენტოსთან 2014 წელს შექმნილი კომისია, რომელმაც ამ შენობის წარმომავლობა უნდა დაადგინოს, 2 წელია მუშაობს, თუმცა მუსლიმებისთვისაც და მედიისთვისაც კომისიის მუშაობის შედეგი უცნობია.


 

მნიშვნელოვანი ფაქტები:

  • ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში  ამჟამინდელი მკვიდრი მუსლიმი მოსახლეობა 1975-80 წლებში დასახლდა.  შენობაზე, რომლის დაბრუნებასაც მუსლიმები ითხოვენ, ამბობენ, რომ მეჩეთი სოფელ მოხეში 1927-34 წლებში მესხმა მუსლიმებმა ააშენეს. 1957 წლიდან შენობას კლუბის სტატუსი აქვს. საბჭოთა კავშირის დროს დიდი ხნის განმავლობაში  საწყობად, ბიბლიოთეკად და სოფლის კლუბად გამოიყენებოდა. 2007 წლიდან დღემდე კი შენობა  ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება.
  • მუსლიმმა თემმა ყოფილი მეჩეთის შენობის კონსერვაციის ან რესტავრაციის თხოვნით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მათ თხოვნას რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.
  • ვითარება მოხეში 2014 წელს დაიძაბა: 27 მაისს სოფელ მოხეს მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას შენობის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემის თხოვნით მიმართა.  8 ივლისს კი მუსლიმმა თემმა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაქარია ენდელაძისგან მიიღო წერილი (#1019), სადაც იგი აღნიშნავს, რომ სადავო ქონება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანომ მხოლოდ საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით შეიძლება გამოიყენოს.
  • 2014 წლის 18 ოქტომბერს სოფელში ტენდერში გამარჯვებული კომპანიის თანამშრომლები მივიდნენ და შენობის დემონტაჟი დაიწყეს, რაც ადგილობრივმა მუსლიმებმა გააპროტესტეს.  მშენებლებმა სოფელი მაშინვე დატოვეს, რასაც ქრისტიანი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. სოფლის ცენტრში შეკრებილი ქრისტიანები ამბობდნენ, რომ შენობის მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემასა და ამ ადგილას  მუსლიმური საკულტო ნაგებობის აშენებას არ დაუშვებდნენ.
  • სადავო შენობაზე პრეტენზიას საქართველოს საპატრიარქოც აცხადებს. ამის შესახებ ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის, მეუფე თეოდორეს განცხადებით,  XVI საუკუნეში აღნიშნულ ადგილას ქრისტიანული ტაძარი იყო, 1920-იან წლებში ეკლესიების ნგრევისა და მეჩეთების მშენებლობის შემდეგ კი, სადავო შენობის ადგილას მეჩეთის მშენებლობა დაიწყო.
  • 2014 წლის 22 ოქტომბერს სოფელ მოხეში მშენებლებმა მეჩეთის დემონტაჟი განაახლეს. მუსლიმების წინააღმდეგ, რომლებიც ხელისუფლების მოულოდნელ და რეპრესიულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და უხეშად დაარღვია მუსლიმთა უფლებები.
  • ინციდენტის დროს სოფელ მოხეში პოლიციამ 14 პირი დააკავა: 11 მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლებით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის  კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) გათვალისწინებული ქმედებებისთვის,  ხოლო სამი პირი – სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევისთვს. 23 ოქტომბერს სასამართლომ სამი მუსლიმი – თეიმურაზ მიქელაზე, ოთარ მიქელაძე და მალხაზ ბერიძე ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლა (თუმცა, გამოძიება გრძელდება),[10] ხოლო 11 დაკავებული სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და თითოეულს 250 ლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
  • 2014 წელს რელიგიის სააგენტოსთან შეიქმნა კომისია, რომელსაც სადავო შენობის საკითხი უნდა შეესწავლა, თუმცა შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი