ახალი ამბები

დებატები წონიარისის ბირჟაზე

25 ივნისი, 2012 • 5981
დებატები წონიარისის ბირჟაზე

წონიარისი, ქედის მუნიციპალიტეტი
წონიარისი, ქედის მუნიციპალიტეტი

      რწმუნებულის ინფორმაციით, სოფელ წონიარისში ქედის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ვიზიტის მიზანი მოსახლეობასთან პრობლემურ საკითხებზე საუბარი, მოსახლეობის თქმით კი – მოახლოებული არჩევნები იყო. „ოთხი წელია არ გამოჩენილა და დავიჯერო, ახლა დაინტერესდა ჩვენი პრობლემებით? – ამის გამო ვუსაყვედურეთ კიდევაც. მაგრამ, სულაც არ შეწუხებულა. ახლა რომ მოვედი, ეს შანსი გამოიყენეთ და რაც გინდათ, მთხოვეთო – გვიპასუხა.“


„სოფელში პრობლემას რა გამოლევს, მაგრამ თხოვნას რა აზრი აქვს? – მაინც არაფერს გააკეთებენ, რამდენი წელია გზიდან წყლის გადასაყვანი მილები მოიტანეს და დღესაც ხელშეუხებლად აწყვია. წინა არჩევნებზე ვიწყებთო, გვპირდებოდნენ, მაგრამ დღესაც იგივე მდგომარეობაა, ასე იქნება ამ არჩევნებზე და შემდეგ არჩევნებზეც. რომ დასჭირდებათ, მაშინ ყველაფერი კეთდებაო, ლაპარაკობენ. მაგათი აღარაფერი მჯერა და არც არაფერს ვთხოვ.“ – ამბობს თემურ კვირიკაძე. მისივე ნაამბობით, შერვაშიძის ვიზიტის შესახებ რწმუნებულებს მასთან შესახვედრად ადამიანების მიყვანა გაუჭირდათ:   „დარბოდნენ, ხალხი მოყარეთო, რადგან მისვლა არავის უნდოდა. მომუშავეებს ყველას ავალებდნენ ხალხი მოიყვანეთო, ათ წლამდე ბავშვებიც კი წაიყვანეს შეხვედრაზე.“


სოფლის ცენტრში, იქ, სადაც საბავშვო ბაღი და მაღაზიაა, ეზოში ერთმანეთის მიყოლებით ხის მაგიდები და სკამებია განთავსებული, სოფლის კაცები ამ ადგილას ხშირად იკრიბებიან, საუბრობენ, ერთმანეთს დარდს უზიარებენ და დროდადრო თავს ბანქოს თამაშით ირთობენ. მას შემდეგ, რაც „ბათუმელების“ სტუმრობის შესახებ გაიგეს, მათგან რამდენიმემ სოფლის პრობლემებზე დაიწყო საუბარი, რასაც ზოგიერთი იქ მყოფის გაღიზიანება მოჰყვა.


თამაზ ბერიძის თქმით, სოფელში მოსახლეობას უჭირს, რადგან კიტრი და პომიდორი, რომელიც მათი შემოსავლის ძირითადი წყარო იყო, აღარ ფასობს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქედაში მოსავალი იგვიანებს.


„ჩვენი პომიდორი ივლისამდე არ შემოვა. ამ დროისთვის კი უკვე შემოტანილი პომიდორის ფასი იკლებს, ამას ემატება ისიც, რომ ლაგოდეხიდან და მარნეულიდან სულ კაპიკებში შემოდის პომიდორი, ჩვენ კი, ჩვენი საქონელი იაფად რომ გავყიდოთ, მისი მოყვანისა და გადატანის ხარჯებსაც ვერ დაგვიფარავს.“ – ამბობს მურად მახარაძე.


ამ მიზეზით ახლა სოფელ წონიარისში თამბაქოს კულტურას გაცილებით მეტ დროს უთმობენ, ვიდრე – ბოსტნეულის მოყვანას. აქაურების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე შრომას მოითხოვს, თამბაქოს ფოთოლი უფრო მომგებიანია. „ეს ისეთი პროდუქტია, რომელიც შეგიძლია ნაწილ-ნაწილ გაყიდო. ნაწილი კი ზამთრისთვის შეინახო და მაშინ გაყიდო, როცა გაგიჭირდება, პომიდორისგან განსხვავებით, მალე არ ფუჭდება.“


თანასოფლელების მხრიდან გაჭირვებასა და პრობლემებზე საუბარმა იქვე მყოფი ილია ბერიძე გააღიზიანა: „მთავრობა ყველაფერს აკეთებს. ამას რატომ არ ამბობთ? – გასულ წელს ვაზის ნერგები მაჩუქეს, უკვე მოსავალი უნდა მივიღო. ზოგიერთი პრობლემა ინდივიდუალურ შრომას მოითხოვს, ზოგიერთს კი შრომა არ უნდა, ეს მთავრობის ბრალი არ არის.“


„შრომა ჩვენ არ გვეზარება, მაგრამ ერთი ტომარა აზოტი რომ 45 ლარი ღირს და მინიმუმ სამი მაინც გჭირდება, რა ფულით უნდა იყიდო?“ – უპასუხეს მას თანასოფლელებმა. კამათში წონიარისის თემის სოფელ აბუქეთას რწმუნებული დავით თედორაძეც ჩაერთო, რომელმაც გვითხრა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს სოფლისთვის და „ყველა პრობლემა, რაც მოსახლეობას აწუხებს, ადგილობრივი ძალებით მოგვარებადია“.


„მოგვარებადია და არა მოგვარებული, ჩვენც მაგას არ ვამბობთ? – უპასუხა მას გენო ბერიძემ, რაზეც რწმუნებულის თანმხლებმა პირმა ხმამაღალი დასკვნა გააკეთა, რომ „წონიარისელი ხალხი უმადურია და რაც არ უნდა გაუკეთო, მაინც ვერაფერს ხედავს.“


36 წლის ზაზა ბოლქვაძეც ბირჟაზეა, მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ხელფასი არასოდეს აუღია, ის ახლა სამარშრუტო ტაქსზე მუშაობს და მისი შემოსავალი ოჯახს გაჭირვებით ყოფნის. კითხვაზე, კონკრეტულად რაში სჭირდება მას მთავრობის დახმარება, პასუხობს, რომ უნდა სოფელში მოყვანილი პროდუქტის დროულად გადატანისა და ჩაბარების შესაძლებლობა ჰქონდეს.


აქაურებს სათქმელი პრეზიდენტთანაც აქვთ – „ვაუჩერი რომ გამოგვიგზავნა საჩუქრად, საგაზაფხულოდ სასუქი შეიძინეთო, გვინდა ვუთხრათ, რომ ეს ვაუჩერი ერთ ტომარა სასუქსაც კი ვერ შეიძენს, რადგან ვაუჩერი 30-ლარიანია. ერთ ტომარა სასუქს კი 45 ლარზე ნაკლებად ვერ იყიდი.“


სოფელ წონიარისს, აქ მოყვანილი თამბაქოსა და ბოსტნეულის გარდა, კიდევ ერთი საინტერესო დეტალით იცნობენ, სოფლის ცენტრში მომაღლო კვარცხლბეკზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტანკია განთავსებული, აქაურების თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოსახლეობამ გამარჯვების აღსანიშნავად ფული შეაგროვა და ტანკი შეიძინა. ის ქედაში ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოა და ყოველ ცხრა მაისს ამ თარიღის აღსანიშნავად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მოსახლეობას სწორედ აქ ეპატიჟება. 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი